ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„სამედიცინო ომი“ სოხუმსა და თბილისს შორის


აფხაზი ახალშობილი ელარია ბაგათელია ქართველმა ექიმებმა გადაარჩინეს

ოკუპირებული ანკლავის "პრემიერმა" ლეონიდ ლაკერბაიამ გასულ პარასკევს, აფხაზთა "ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს" ოფიციალური დირექტივა მისცა, არ გააგზავნონ პაციენტები სამკურნალოდ მდინარე ენგურს გაღმა, იქ, სადაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია ვრცელდება.

თუ აქამდე, სეპარატისტები აცხადებდნენ, რომ არ შეუძლიათ ხელი შეუშალონ იმ პაციენტებს, რომლებსაც თბილისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში სურთ მკურნალობა. დღეს ვითარება კარდინალურად შეიცვალა.

სოხუმის გაღიზიანება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ ქართულმა მხარემ უფასო მკურნალობის შესაძლებლობას ნეიტრალური პასპორტების საკითხი მიაბა. ოკუპაციის ზონაში მცხოვრებლებს ენგურს აქეთ სამედინო მომსახურების მიღება აქამდეც უფასოდ შეეძლოთ, თუმცა ნეიტრალური პასპორტის აღების შემთხვევაში, პაციენტს კიდევ უფრო მრავალმხრივი მომსახურების მიღება შეეძლება.

აფხაზეთის დევნილი მთავრობა, რომელიც თბილისშია განთავსებული ზუსტ სტატისტიკას, ოკუპაციის ზონიდან რამდენმა ადამიანმა მიიღო სამედიცინო დახმარება არ ფლობს. არაოფიციალურად ეს ციფრი სამი ათასს აჭარბებს. აფხაზეთის დევნილი მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია ამბობს

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა, ისე დანარჩენ საქართველოში. ჩვენი ხელისუფლებისთვის ეს მთავარი პრიორიტეტია.

ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს მათ ეთნიკურ წარმომალობას, ისინი ყველანი საქართველოს შვილები არიან და ჩვენ მომავალშიც დავეხმარებით მათ.“

დღეისათვის თბილისის შიდსის ცენტრში რვა ეთნიკური აფხაზი მკურნალობს, სულ 2003 წლიდან კი შიდსის ცენტრმა ოკუპაციის ზონიდან 300-მდე შიდსით დაავადებულ პაციენტს უმკურნალა.

ბოლო ორი წლის მანძილზე, საქართველოს სხვადასხვა კლინიკებს 500-მდე ეთნიკურმა აფხაზმა მიმართა, მათ შორის 200-ზე მეტმა ზუგდიდის საავადმყოფოს.

ბოლოს თბილისში გულის ოპერაცია 11 წლის ტყვარჩელელ იანა ინაფბას გაუკეთეს. ყველაზე გახმაურებული ისტორია კი აფხაზ ახალშობილს ელარია ბაგათელიას ეხება.

გულის მანკით თბილისის ჯოენის კლინიკაში ახალშობილი მაშინ გადმოიყვანეს როცა, მხოლოდ 8 დღის იყო. ელერიამ და მისმა მშობლებმა თბილისში ექვსი თვე გაატარეს და ურთულესი ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, სრულიად გამოჯამრთელებული პატარა ენგურის ხიდის გავლით მშობლიურ გაგრაში დაბრუნდა.

ელარიას მშობლებმა ქართველ ექიმებს. განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს. აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენელმა მანანა ანუამ კი გაიხსენა, თუ რა ემოციით დატოვა თბილისი ელარიას 19 წლის დედამ.

ელარიას მამა: „მადლობას ვუხდი მთლიანად მთავრობას, ექიმებს, გაწეული დახმარებისთვის სიტყვებით ვერ გამოვხატავ ჩემს სიხარულს, მადლობა ყველას!“.

ელარიას დედა: „ექიმებმა კოლოსარული სამუშაო გასწიეს რომ ჩემი შვილი გადაერჩინათ. დღე და ღამე იბრძოდნენ მის დასახმარებლად, მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც დაგვეხმარა.“

მანანა ანუა: „ბავშვის დედა იყო 19 წლის, მას არანაირი შეხება არ ჰქონია ქართველებთან და ეს იყო მისთვის ასეთი პირველი კონტაქტი. თავად თქვა, რომ არის აღფრთოვანებული და საერთოდ სულ სხვა წარმოდგენა შეექნა ქართველებზე.“

თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო მომსახურების მიზანშეწონილობის შესახებ დისკუსია სოხუმმა 2012 წლის აპრილში წამოიწყო.

მაშინ, თბილისის ერთ-ერთი კლინიკაში, აფხაზი ომის ვეტერანი გარდაიცვალა. აფხაზთა "პრეზიდენტი" ანქვაბი პირადად გამოეხმაურა ამ ფაქტს და უშიშროების საბჭოზე, თბილისში მკურნალობის მომხრე და მოწინააღმდეგეები შეკრიბა.

„ჩვენ არ ვიმყოფებით ქართული მედიცინის ტყვეობაში“ - თქვა ანქვაბმა და ოპონენტებს რუსეთის ჯანდაცვის სისტემასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა შესთავაზა.

ეს დისკუსია საბოლოოდ "პრემიერ" ლაკერბაიას მითითებით დასრულდა, რომ ენგურს გაღმა სამკურნალოდ პაციენტები აღარ გააგზავნონ. ოკუპირებული ტერიტორიიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი ამბობს

„აი, აქ ჩანს რუსული საოკუპაციო ძალების სახე. მათ არ უნდათ ანახონ იქ მაცხოვრებელ მოსახლეობას, იგივე აფხაზებს, ქართველებს.. თუ რა ხდება ჩვენთან, როგორ ეხმარებიან პაციენტებს.“

ჯერჯერობით უცნობია, რა მექანიზმებით შეეწინააღმდეგება სოხუმი ენგურს გამოღმა სამკურნალოდ გადმოსვლას. ერთ-ერთი ნაბიჯი შეიძლება იყოს თავად ოკუპაციის ზონაში ჯანდაცვის სისტემის მოდერნიზაცია.

ამ მიზნით,აფხაზთა "ჯანდაცვის მინისტრმა" გასულ კვირას რუსულ კომპანიებთან 35 მილიონი რუსული რუბლის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა. აფხაზი ექიმები თანამედროვე სამედიცინო აპარატურას რუსეთიდან უახლოეს მომავალში ელოდებიან.

XS
SM
MD
LG