ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში მუჰაჯირები ბრუნდებიან


ოკუპირებულ სოხუმში, სირიიდან მუჰაჯირების 500-მდე შთამომავალს ელიან
ოკუპირებულ სოხუმში, სირიიდან მუჰაჯირების 500-მდე შთამომავალს ელიან

დამასკოელი არქიტექტორი ნიშან ვანაჩა და ინდუსტრიული კოლეჯის კურსდამთავრებული შამილ მარშანი, აფხაზური ფესვების პირველი სირიელები არიან, რომლებმაც სამოქალაქო ომში გახვეული სირია დატოვეს და ოკუპირებულ აფხაზეთში გადმოსახლდნენ.

ორივე რეპატრიანტი სეპარატისტებმა ჯერ სოხუმში დასასვენებლ სახლ „აფხაზეთში“ დაასახლეს, შემდეგ კი ქალაქიდან 23 კილომეტრში, გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდაში გამოუყვეს საცხოვრებელი სახლები.

ვინაიდან ორივე რეპატრიანტი მალე ოკუპირებულ სოხუმში დასაქმდა, მათ დრანდა მალე დატოვეს და საცხოვრებლად ისევ სოხუმში დაბრუნდნენ. ვანაჩას და მარშანის წინაპრები აბჟუები ანუ კოდორიდან ღალიძგამდე მცხოვრები აფხაზები იყვნენ, რომლებიც სხვა მუჰაჯირებთან ერთად, რუსეთმა 1821-1877 წლებში მასობრივად გაასახლა.

ვანაჩაც და მარშანიც აპირებენ, რომ აფხაზეთში სირიიდან ოჯახის წევრებიც ჩაიყვანონ, ჯამში სულ ცამეტი ადამიანი. ცნობილია, რომ მათ გარდა, დამასკოდან სოხუმში საცხოვრებლად გადმოვიდა, ბზიფელი აფხაზების შთამომავალი ლეიბაც.

ჩემი წინაპრები აფხაზები იყვნენ. სამწუხაროდ, აფხაზური ენა ადრე დავკარგეთ. აქ ძალიან კარგად მიგვიღეს და დარჩენა გადავწყვიტე. თუ ყველაფერი კარგად აეწყო ვაპირებ შვილი და შვილიშვილებიც ჩამოვიყვანო, რომლებიც ახლა ამერიკაში არიან
ნიშან ვანაჩა, სირიიდან აფხაზეთში გადმოსახლებული მუჰაჯირების შთამომავალი

"აფხაზური ტელევიზიით: გამოსვლისას ნიშან ვანაჩამ და შამილ მარშანმაც აღნიშნეს, რომ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებით კმაყოფილები არიან:

ნიშან ვანაჩა: დამასკოდან ვარ. სირიაში რთული პოლიტიკური სიტუაციის გამო ცხოვრება შეუძლებელი იყო და იძულებული გავხდი აქეთ წამოვსულიყავი.

ჩემი წინაპრები აფხაზები იყვნენ. სამწუხაროდ, აფხაზური ენა ადრე დავკარგეთ. აქ ძალიან კარგად მიგვიღეს და დარჩენა გადავწყვიტე. თუ ყველაფერი კარგად აეწყო ვაპირებ შვილი და შვილიშვილებიც ჩამოვიყვანო, რომლებიც ახლა ამერიკაში არიან. აფხაზეთი ჩემი სამშობლოა.

შამილ მარშანი: მიტოვებულ ქალაქ ელ-ქუნეიტრადან ვარ. სირიაში ძალიან რთული სიტუაციაა. აქ კი ძალიან კარგად მიმიღეს. ოჯახსაც მალე ჩამოვიყვან და იმედი მაქვს რომ ახალ ცხოვრებას დავიწყებ.

აფხაზმა სეპარატისტებმა, რომლებმაც რუსეთის დიდი დახმარებით, ქართველ მოსახლეობას ეთნოწმენდა მოუწყვეს 2011 წლის ბოლოს გამოთქვეს მზადყოფნა, რომ სირიიდან აფხაზური ფესვების მქონე ადამიანების რეპატრიაციისთვის ხელი შეეწყოთ.

აფხაზური წყაროების ცნობით, 23 მილიონიან სირიაში 5 ათასამდე აფხაზი ცხოვრობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც დამასკოში სეპარატისტების ჯგუფი ჩავიდა, დაზუსტდა, რომ სირიაში 8-დან 10 ათასამდე აფხაზურ-ადიღური ფესვების მქონე სირიელი ცხოვრობს.

2012 წლის იანვარში აფხაზთა ვიზიტს სირიის დედაქალაქ დამასკოში მცირე სკანდალიც მოჰყვა. არაოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სეპარატისტები ე.წ „მოქალაქეობას“ და შესაბამისად რეპატრიაციის შანსს, აფხაზების გარდა, მხოლოდ ადიღურ სუბეთნოსს - შაფსუღებს აძლევდა. ამის გამო, პროტესტის ნიშნად რამდენიმე ცნობილმა ადიღმა ღიად განაცხადა, რომ ე.წ „აფხაზეთის მოქალაქეობაზე“ უარს იტყოდა.

საბოლოოდ, აფხაზმა სეპარატისტებმა ეს ბრალდებები უარყვეს. სოხუმმა განაცხადა, რომ მზად არის რეპატრიაციაში ყველა ჩრდილოეთ კავკასიური ფესვების სირიის მოქალაქეს დაეხმაროს, ვინც ასეთ სურვილს გამოთქვამს.

„ კერძო შემოწირულობების ორგანიზება შეიძლება. არის მაგალითები ებრაული ორგანიზაციების. მაგალითად, ჩემი მეგობრის ოჯახი წავიდა კანადაში და იქ ებრაულმა ორგანიზაციებმა შეუგროვეს ფული, ნივთები და დაეხმარნენ ადაპტაციაში ახალ გარემოში. არსებობს ეს მექანიზმები და კარგი იქნება თუ ყურადღებას მივაქცევთ.
ბესლან აგრბა

მოსკოვში ე.წ "აფხაზური დიასპორის" ხელმძღვანელი ბესლან აგრბა გამოვიდა ინიციატივით, რომ სირიიდან რეპატრიაციის პროცესისთვის კერძო შემოწირულობების შეგროვება დაიწყოს.

„კერძო შემოწირულობების ორგანიზება შეიძლება. არის მაგალითები ებრაული ორგანიზაციების. მაგალითად, ჩემი მეგობრის ოჯახი წავიდა კანადაში და იქ ებრაულმა ორგანიზაციებმა შეუგროვეს ფული, ნივთები და დაეხმარნენ ადაპტაციაში ახალ გარემოში.

არსებობს ეს მექანიზმები და კარგი იქნება თუ ყურადღებას მივაქცევთ. ამ ადამიანების უბრალოდ სახელმწიფო ორგანოების პირისპირ დატოვება არ შეიძლება.ზოგჯერ ჩვენ ვართ განცვიფრებულები სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობით და წარმოიდგინეთ ახლად ჩამოსულ ადამიანებს რა დაემართებათ.“

აფხაზური წყაროების ცნობით, აფხაზეთის ომის შემდეგ, როცა რეგიონი 300 ათასამდე ადამიანმა იძულებით დატოვა, აფხაზეთში საცხოვრებლად, 200-მდე აფხაზურ-ადიღური ფესვების მქონე სირიელი ჩავიდა.

ნაწილი ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა და შემდეგ, იქ საცხოვრებლადაც დარჩა. ნაწილი კი ცხოვრების პირობებით უკმაყოფილო, ისევ უკან სირიაში დაბრუნდა, მათ შორის იყო 1992-93 წლებში სეპატისტების ე.წ „საგარეო მინისტრის“ მოადგილე ფადილემ არუტაა.

დღეისათვის ყველაზე ცნობილი, სირიელი აფხაზი, რომელიც ოკუპირებულ სოხუმში ცხოვრობს რეჯეპ უშაჩაა, რომელიც ყოველკვირეულ გაზეთ „ადუნეის“ გამოსცემს.

ოკუპირებულ აფხაზეთში სირიიდან სულ 500-მდე პოტენციურ რეპატრიანტს ელოდებიან. აფხაზურ საზოგადოებაში ფიქრობენ, რომ სირიიდან რეპატრიაციის პროცესი დაჩქარება, დამოკიდებულია იმაზეც თუ რა გადაწყვეტილებას მიიღეს რუსეთი, მუჰაჯირების შთამომავლებთან დაკავშირებით, რომლებმაც ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში დაბრუნების სურვილი გამოთქვეს.

საქართველოს ხელისუფლება სირიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში რეპატრიაციის პროცესს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. "ამერიკის ხმის" კითხვებს საგარეო საქმეთა სამინისტროში და პარლამენტში არ უპასუხეს.


XS
SM
MD
LG