ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორი იქნება ივანიშვილის მთავრობის ახალი პოლიტიკა რუსეთთან


რუსეთი არ აპირებს გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული


რუსეთთან შესაძლებელია საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, დაახლოებისა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გარეშეც - ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს მომავალმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

54 წლის ზაქარეიშვილს ეთნოკონფლიქტებზე მუშაობის კუთხით, ზურგს მდიდარი გამოცდილება უმაგრებს, როგორც არასამთავრობო, ისე სამთავრობო სექტორში მუშაობისა.

აფხაზეთში ომის დაწყების დღიდან, ხუთი წლის მანძილზე ზაქარეიშვილი სამხედრო ტყვეთა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოძიების კომისიის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. მისი უშუალო მონაწილეობით მოხდა 300-ზე მეტი ტყვის გაცვლა. 200 მეომრის ნეშთის გადმოსვენება, 300-ზე მეტი ქართველი და აფხაზი მოქალაქის სამშვიდობოს გამოყვანა.

ბოლო 17 წელია ზაქარეიშვილი კალიფორნიის უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზური მშვიდობის მშენებლობისა და თანამშრომლობის მრავალმხრივი ინიციატივების პროგრამის კოორდინატორი იყო; პარალელურად, მუშაობდა ლონდონის შერიგების რესურსების ცენტრის მრჩევლად და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების და ქართულ-აფხაზური ტრანსფორმაციის კოორდინატორად.

ზაქარეიშვილი ასევე დღემდე წარმოადგენდა ბერლინის ბერგჰოფის კონფლიქტების კონსტრუქციული მართვის ცენტრს - შლაინინგის დიალოგის პროცესში. პაატა ზაქარეიშვილი უკვე დაესწრო ჟენევის მოლაპარაკების 21-ე რაუნდს და თბილისში დაბრუნებულმა კერძოდ განაცხადა:

„შეიძლება რუსეთთან ბევრ საკითხზე ურთიერთობა ისე, რომ არ არსებობდეს დიპლომატიური ურთიერთობა. ამიტომ, მე მგონი, რომ ეს ერთი მეორეს არ გამორიცხავს. ერთი მხრივ, ჩვენ გვექნება ბალიში იმისა, რომ ბოლომდე არ დავახლოვდეთ, ვიდრე კონფლიქტები არ მოგვარდება. მეორე მხრივ, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ისეთი ნაბიჯები გადავდგათ, რაც საქართველოს სარგებელს მოუტანს.

ჩვენი სამინისტროს წარმატება ვერ იქნება დაფუძნებული შიდა ქართულ კონსენსუნსზე, შიდა ქართულ კანონებზე, კონსტიტუციაზე. ჩვენი წარმატება იქნება საერთო ენის გამონახვა აფხაზებთან და ოსებთან, გარკვეული ახალი ურთიერთობების დამყარება რუსეთთან.

მუდმივი კონსულტაციები და თანამშრომლობა ევროკავშირთან, რომელიც ერთადერთი ინსტიტუტია რომელიც საქართველოში კონფლიქტების ოპერირებას ახორციელებს.“

საქართველოში პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიის დამარცხების მიუხედავად, როგორც მოსალოდნელი იყო, უცვლელია რუსეთის და სეპარატისტული ანკლავების პოზიცია. მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი ერთხმად ითხოვენ თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას. საქართველომ ეს მოთხოვნა ჯერ კიდევ მარტში უარყო.

2012 წლის ივლისში, ამერიკისა და ევროკავშირის მონაწილეობით შემუშავდა კომპრომისული ვარიანტი, სადაც ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებას, საქართველოსთან ერთად, რუსეთიც უნდა შეერთებოდა. ეს ვარიანტი უკვე მოსკოვმა დაბლოკა. აფხაზურ მხარეს კვლავაც დაბლოკილი აქვს ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს მხარდაჭერით ცხინვალის რეგიონში დღემდე წარმატებით მოქმედებს.

ამის მიზეზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პოლონელი ხელმძღვანელი ანდჟეი ტიშკევიჩია, რომელიც აპრილიდან აფხაზურ მხარეს პერსონა ნონ გრატად ჰყავს გამოცხადებული.

ჟენევის მოლაპარაკების 21-ე რაუნდის დასრულების შემდეგ, "აფხაზთა პრეზიდენტმა", ალექსანდრე ანქვაბმა არ გამორიცხა, რომ სოხუმმა საკუთარი პოზიცია გაამკაცროს.

გასულ კვირას რუსეთის დუმაში სამთავრობო საათზე გამოსვლისას კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი არასოდეს სცნობს საქართველოს სუვერენიტეტს 2008 წლის აგვისტომდე არსებულ საზღვრებში.

ალექსანდრე ანქვაბი: „ჟენევის მოლაპარაკების ფორმატს აფხაზური მხარისთვის ჩვენი დიპლომატების ტრენინგის კუთხით აქვს აზრი. ამაში არის სარგებელი. თუმცა, აფხაზეთისთვის ამ წუთიერი სარგებელი შეიძლება არც იყოს. ამიტომაც ვფიქრობთ, ჩვენი პოზიცია გავამკაცროთ.“

სერგეი ლავროვი: „დღეს პატრნიორები ნატოდან ევროპაში ჩვეულებრივ შეიარაღებაზე კონტროლის დაწესებაზე მსჯელობის განახლების სანაცვლოდ, წინასწარი პირობის სახით, ჩვენგან საქართველოს სუვერენიტეტის ცნობას ითხოვენ, 2008 წლის საზრღვრებში.

აბსოლუტურად არარეალისტური პირობებია და ეს ყველაფერს აზრს უკარგავს. დამოუკიდებელი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უკვე იქცნენ მსოფლიო პოლიტიკური რუქის განუყოფელ ნაწილად და რუსეთისადმი მოწოდებები, რომ გადაიხედოს გადაწყვეტილება მათი ცნობის შესახებ, მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ვერაფერი გაიგეს 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული გაკვეთილებიდან, როცა სააკაშვილი ავანტურაზე წავიდა.“

ჟენევის მოლაპარაკების რიგით 21-ე რაუნდზე, საქართველოს დელეგაციას ისევ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე ხელმძღვანელობდა. პაატა ზაქარეიშვილი და გიორგი ვოლსკი დელეგაციაში დამკვირვებლის სტატუსით იყვნენ ჩართულნი და დისკუსიაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

მოლაპარაკების მორიგი 22-ე რაუნდი შვეიცარიაში 12 დეკემბერს გაიმართება და საქართველო მასზე უკვე სრულიად განახლებული დელეგაციით წარსდგება.

XS
SM
MD
LG