ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძმები რომელაშვილების ბოლო სატანკო რეიდი


რომელაშვილის ტანკი ცხინვალის ცენტრში, აგვისტო, 2008

მურაზ და ნანული რომელაშვილებმა რუსეთთან ომში ორივე შვილი დაკარგეს. ორივე ძმა ცხინვალში, ოთხი წლის წინ, 8 აგვისტოს დაიღუპა, იმ ქალაქში, საიდანაც 1991 წელს, ეთნოკონფლიქტს გამოექცნენ. გია მაშინ თერთმეტი წლის იყო, გელა შვიდის.

დევნილი ძმები გორში გაიზარდნენ, გორის უნივერისტეტის ფიზკულტურის ფაკულტეტზე ისწავლეს, ორივე კარატისტი იყო, გია შავ ქამარსაც ფლობდა. საქართველოს არმიაში რომელაშვილები 2004 წელს ჩაირიცხნენ. გიას ამ დროს უკვე ჰქონდა სამხედრო აკადემია დამთავრებული, გელა სწავლას აპირებდა.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს ძმები გორის ჯავშანსატანკო ბატალიონში ირიცხებოდნენ, გია ოცმეთაური იყო, გელა ოცეულის მემიზნე. ცხინვალში პირველები სწორედ ძმები რომელაშვილების ტანკები შევიდნენ.

ქართულ სატანკო კოლონას წინ ნომერ 406-ე ტანკი მიუძღოდა, რომლის ეკიპაჟში იყვნენ: მეთაური - ლეიტენანტი გიორგი რომელაშვილი, მსროლელი კაპრალი ზაზა ბირთველიშვილი და მძღოლ-მექანიკოსი კაპრალი ოთარ სუხიტაშვილი.

ძმები რომელაშვილები
ძმები რომელაშვილები

გორიდან კოლონა ჯერ ნიქოზში, შემდეგ თამარაშენში, იქედან კი ცხინვალში შევიდა. გმირი ძმების სიცოცხლის ბოლო წუთებზე მამა მურაზ რომელაშვილი გვიყვება:

„პირველები შევიდნენ, ხუთი ტანკი შევიდა პირველი, წინ გიორგი რომელაშვილი მიუძღოდა, როგორც ოცმეთაური. ეგ მოხდა, ცხინვალში, მოსკოვის ქუჩაზე, ქალაქის ცენტრში. პირველი ააფეთქეს გელას ტანკი, ვინც ძმას უკან მისდევდა. ეს ოცმეთაურმა, გიამ, ჩემმა მეორე ბიჭმა, ვერ გაიგო რომ უკან ტანკები აუფეთქეს და ამან გააგრძელა გზა. რომელიღაც კუთხეში შევიდა და მერე ვეღარ დაინახეს საით წავიდა.

რაც შეეხება გელას, აფეთქების შემდეგ, ტანკიდან ამოსვლა მოასწრო, რომელიღაც შენობაში იქვე შევარდა და აღმოჩნდა, რომ იქ ოსების და რუსების შტაბი ყოფილა. ტყვედ აიყვანეს, მთელი ღამე აწამეს და დილით დახვრიტეს. გიასი არაფერი არ იციან, იციან რომ ტანკი მთლიანად განადგურდა, ოსების მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ბარანკევიჩმა პირადად გაანადგურა ეგ ტანკი.“

2008 წლის დეკემბრის ბოლომდე ორივე ძმა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. მხოლოდ 25 დეკემბერს გახდა ცნობილი დნმ-ის ანალიზი და გაირკვა რომ ოკუპაციის ზონიდან გადმოსვენებული ბოლო ათი ჯარისკაცის ცხედრიდან ერთ-ერთი გელა რომელაშვილის იყო.

კაპრალი რომელაშვილი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის მედლით დაჯილდოვდა. ლეიტენანტ გიორგი რომელაშვილის ცხედრის მიგნება შეუძლებელი აღმოჩნდა, 2010 წელს სასამართლომ გიორგი დაღუპულად სცნო. სიკვდილის შემდეგ, ლეიტენნატი რომელაშვიც ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის მედლით დაჯილდოვდა.

შარშან კი გორში, ვერხვების დევნილთა დასახლებაში ძმები როელაშვილების სახელობის სკვერი გაიხსნა. მურაზ რომელაშვილი გვიყვება:

„ტანკი მთლიანად ნაწილებად დაიშალა, გვამი არ არსებობს მაგისი. ორი წელი დაკარგულის სტატუსი ჰქონდა გიორგის, შემდეგ სასამართლო ჩატარდა და გარდაცვლილის სტატუსი მისცეს.

გელა ამჟამად მუხათგვერდშია დასაფლავებული, მართალია გიას გვამი არ არსებობს, მაგრამ მისი საფლავიც მუხათგვერდშია გაკეთებული. ყოველთვის, როგორც წესი ავდივართ, ეხლა 8 აგვისტოს, ოთხი წლისთავი ხდება. დაბადების დღეზე, რვა აგვისტოს, თითქმის ყოველ თვე ავდივარ ხოლმე. მისი მეგობრებიც იკრიბებიან ხოლმე.

მთავარი ის არის, რომ ჩემი შვილები საქართველოს გულისთვის შეეწირნენ. საქართველოს გულისთვის დადეს თავი, ეს მიმაგრებს გულს. ამაში ეჭვი არც მეპარებოდა ისე იყვნენ ისინი აღზრდილები. ორივე კარგი სპორტსმენი იყო, კარგი ხელობაც იცოდნენ, მაგრამ მაინც და მაინც ჯარში სამსახური არჩიეს.“

აგვისტოს ომიდან მეოთხე წლისთავზე, ისევ დნმ-ის ანალიზით მოხერხდა სერჟანტ ზურაბ ტურაშვილისა და უფროსი სერჟანტის გელა თიგიშვილის ცხედრების იდენტიფიცირება. მათი ნეშტები ცხინვალიდან 3 აგვისტოს გადმოასვენეს. ისინი მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეომრები იყვნენ.

სულ 2008 წლის ომის შედეგად კიდევ 33 ადამიანი ითვლება უგვზო უკვლოდ დაკარგულად. აქედან შვიდი სამხედროა, 26 კი სამოქალაქო პირი.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად საქართველომ აგვისტოს ომის დროს სულ 412 ადამიანი დაკარგა, 184 სამხედრო და პოლიციელი, 228 სამოქალაქო პირი.

დაიკარგა ძირძველი ქართული მიწები, ქალაქები და სოფლები, განადგურდა დიდძალი სამხედრო ტექნიკა. ისევე როგორც აფხაზეთის ომის დროს, ამჯერადაც გამოუძიებელია თუ რა გახდა რუსეთთან ომში ასეთი კატასტროფული დამარცხების მიზეზი? ვინ არიან დამნაშავეები?

XS
SM
MD
LG