ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რატომ ვერ ვისროლეთ M4 ტიპის ავტომატებით?!


რუსი ოკუპანტები სენაკის სამხედრო ბაზას ძარცვავენ, 2008 წლის აგვისტო

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, მთავარი პროკურატურა ახლო მომავალში, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნას დაიწყებს.

საქმე ეხება 2008 წლის თებერვალში, ისრაელიდან 14 მილიონი ერთეული საბრძოლო მასალის - M855-ის შესყიდვას. ამ გარიგებაში ჩართული იყვნენ, როგორც გაყიდვების ინკოგნიტო აგენტი ისრაელიდან, ისე ამერიკული კომპანია ALS Technologies.

ამ კომპანიის პრეზიდენტი დანიელ ალვირეზი, 21 პირთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ 2010 წელს დააპატიმრეს.

ამერიკის ფედერალურმა პროკურატურამ 22 პირს ბრალი „საგარეო კორუფციული პრაქტიკის აქტის“ კანონის დარღვევისთვის წაუყენა. ბრალდებაში ნათქვამი იყო, რომ ერთ შემთხვევაში, 3,9 მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა, საქართველოს მთავრობამ - 4,7 მილიონ დოლარად იყიდა. ალვირეზმა კი ქრთამის სახით 112 ათასი დოლარი მიიღო.

2008 წლის ივლისში, საქართველოს მთავრობასთან 7,2 მილიონი დოლარის გარიგებაში, ალვირეზს დამატებით 57 600 დოლარი ერგო. საბრალდებო დასკვნიდან ასევე ნათელი იყო, რომ ქრთამს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უმაღლესი თანამდებობის პირები იღებდნენ.

ვიცე-პოლკოვნიკი გაიოზ მოსეშვილი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, სენაკის მეორე ბრიგადის მეთაურის მოვალეობას ასრულებდა, ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ ბრიგადის არცერთმა ჯარისკაცმა ბრძოლაში ამერიკული M4 ტიპის ავტომატი არ წაიღო, ვინაიდან ზემოხსნებული შეძენილი ტყვიები უხარისხო აღმოჩნდა:

„ბაზაზე 3500 M-4 ტიპის ავტომატი გქვონდა, 500 ერთეულამდე იყო დანარჩენი იარაღი. გასვლის წინ, ყველა ბატალიონს გამოუცხადეს, ბიჭებო რა გინდათ საბრძოლველად აირჩიოთ, ამერიკული M-4 თუ რუსული АКС?! ყველამ აირჩია АКС-ი!

და რატომ აირჩია? M-4-ისთვის შეძენილი ტყვიები იყო უვარგისი. იდებოდა გასროლისას ავტომატში და რომელი ჯარისკაცი აიღებდა ისეთ ავტომატს, რომელსაც ტყვია ეჭედება? თან ომში მოდის!"

იგივეს ამბობს სერჟანტი ამირან შავგულიძეც:

„არ ემადლიერებოდნენ ჯარში M-4 ტიპის ავტომატს, არ იყო ისეთი, როგორც „კალაშნიკოვი.“

ამერიკაში მიმდინარე გამოძიების თანახმად, M4 ტიპის ავტომატების ტყვიების კორუფციული სქემით შესყიდვაში ჩართული იყვენ: ისრაელის კომპანია „პაზ ლოჯისტიკის“ პრეზიდენტი ოფერ პაზი, ამერიკის მოქალაქეები მარკ მორალესი და საულ მიშკინი, რომელიც საქართველოს მაშინდელ თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს მისი ნათესავის, ქართველი ებრაელის შაბთაი ბატაშვილის საშუალებით დაუკავშირდა.

ამ თემაზე, სათაურით „კორუფციის გამოძიება იარაღის ბიზნესის შესახებ საქართველოსკენ მიუთითებს“, წერილი ამერიკულმა გამოცემა „მეინ ჯასთისმაც“ გამოაქვეყნა.

2010 წელს, როცა ამერიკაში ამ სკანდალთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, საქართველოში უხმაუროდ დააკავეს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი გელა ბერძენიშვილი. მას 2008-2009 წლებში, შესყიდვების დეპარტამენტის უფროსისა და თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობები ეკავა, თუმცა გამოძიება უფრო შორს აღარ წასულა.

მოგვიანებით, ბერძენიშვილიც საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა და სკანდალი ჩაიფარცხა. ავღანეთში ქართული სამშვიდობო კონტიგენტის ყოფილი მეთაური, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო განათლების ყოფილი სარდალი, თადარიგის პოლკოვნიკი ნიკა ჯანჯღავა ამბობს:

„რუსეთთან ომმა ყველაფერი ჩამოწერა. მილიარდიანი ბიუჯეტი, რომელიც ომის დროს თავდაცვის სამინისტროს ჰქონდა, უცბად ისე გაქრა, რომ ფაქტობრივად ჩვენ არაფერი შეგვრჩა, გარდა იმ ყაზარმებისა, სადაც ზოგან სანტექნიკაც კი არ მუშაობს და ზოგადად რთული პირობებია. ამას სჭირდება კომპეტენტური და კომპლექსური გამოძიება.

თუ ჩვენ გვაინტერესებს რა მოხდა, უნდა მოხდეს 2008 წლის აგვისტოს კატასტროფის გამოძიება, როგორც სამხედრო-პოლიტიკური, ისე ე.წ ეკონომიკური ელემენტების. მნიშვნელოვანია გავარკვიოთ სად წავიდა ეს ყველაფერი!“

2008 წლის 11-22 აგვისტოს მონაკვეთში, უმაღლესი მთავარსადლობისგან უპატრონოდ მიტოვებულ სენაკის სამხედრო ბაზიდან, რუსმა ოკუპანტებმა ასეულობით მილიონი დოლარის ქართული სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა უპრობლემოდ გაიტანეს. მათ შორის ამერიკული M-4 ტიპის ავტომატები და მისი უვარგისი ტყვიებიც. ასევე БТР 55-ები, 70-ები და 80-ები; БМП-2-ები; ახალი კვადროციკლები; სამხედრო „ლენდროვერები,“ „დოჯები,“ „ურალები,“ „ზილები,“ „კამაზები,“ „კრაზები,“ „მაზ“-ის და „გაზ“-ის ტიპის მანქანები, T-72 ტიპის ტანკები: ერთი ცალი ასეთი ტანკის ღირებულება 540 000 დოლარიდან 669 000 დოლარამდე მერყეობდა.

რუსების შემოსვლამდე, სენაკის მეორე ბრიგადის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა ვიცე პოლკოვნიკი გაიოზ მოსეშვილმა კიდევ 14 ჯარისკაცთან ერთად, მეზობელ რაიონებში გადამალა - 17 „ბეტეერ“ 70, ერთი ტანკი T-72, ხუთი სამხედრო ლენდროვერი და სხვა შეიარაღება.

ოთხი „მი-8“ ტიპის ვერტმფრენი გადამალა მშობლიურ სოფელში მაიორმა გოდერძი ლეკვეიშვილმაც. 2010 წელს, ყველა სამხედრო პირი, რომლებიც სენაკის სამხედრო ბაზის ქონების გადარჩენაში მონაწილებდნენ, სხვადასხვა მიზეზით შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს.

თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი გაიოზ მოსეშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს უმაღლეს ხელისუფლებაში გარკვეული ჯგუფი დაინტერესებული იყო, რომ 2008 წლის აგვიტოში, რუსეთის საოკუპაციო ძალებს სენაკის სამხედრო ბაზა მთლიანად გაეძარცვათ, რათა კორუფციული გზით შეძენილი უხარისხო იარაღისა და სამხედრო მასალის კვალი სამუდამოდ გამქრალიყო.

XS
SM
MD
LG