ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი დეტალები იარაღის კორუფციული ბიზნესის სქემიდან


ახალი დეტალები იარაღის კორუფციული ბიზნესის სქემიდან

უცხოური პრესის მიმოხილვა

დღევანდელ პრესის მიმოხილვაში ორ სტატიას წარმოგიდგენთ, რომელიც შეერთებულ შტატებში დაწყებულ გამოძიებას ეხება. ამერიკულმა გამოცემა „მეინ ჯასთისმა“ რომელიც იუსტიციის დეპარტამენტთან მჭიდროდ თანამშრომლობს, გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „კორუფციის გამოძიება იარაღის ბიზნესის შესახებ საქართველოსკენ მიუთითებს“ სტატიიდან ამ კორუფციული სქემის გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი.

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა გაააფართოვა თავისი გამოძიება კორუფციის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს მთავრობისთვის იარაღის მიყიდვას უკავშირდება. როგორც საქართველოს საზოგადოება მეტ-ნაკლებად არის ინფორმირებული, საუბარია იანვარში დაკავებულ 22 ეჭვმიტანლიზე, რომლებიც ჩართულნი იყვნენ იარაღის ბიზნესში. მათგან სამმა კი კორუფციული სქემით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2008 წელს სამხედრო მოქმედების დაწყებამდე 21,2 მილიონი ერთეული ამუნიცია მიჰყიდა.

სტატიის ავტორი ქრისტოფერ მეთიუ აღნიშნავს, რომ 2008 წელს საქართველოს მთავრობა საბრძოლო მასალების ძიებაში იყო.

სწორედ ამ დროს ასპარეზზე გამოჩნდა პიროვნება სახელად დენიელ ალვირესი, რომელსაც შეეძლო ეშოვა „ემ-855“ ტიპის საბრძოლო ტყვიები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

თუკი ადრე გამოძიება მალავდა ისრაელის მოქალაქის ვინაობას, რომელიც გაყიდვების აგენტად იყო მოხსენიებული საქმეში, ამჯერად მისი სახელიც ცნობილი ხდება. ეს არის ოფერ პაზი, რომელიც ერთერთია 22 დაკავებულს შორის. პაზი ისარელში დაფუძნებული კომპანიის „პაზ ლოჯისტიკის“ პრეზიდენტია. რაც შეეხება უშუალოდ ამუნიცის შესყიდვას, გამძიებამ ამ ადამიანის გვარიც დაადგინა. ეს არის ბრალდებული მარკ მორალესი. საქმეში ის სახელდებულია, როგორც: “შეთქმულების მონაწილე ნომერი ერთი.“ ასევე მათი თანამზრახველია ფლორიდაში მცხოვრები საულ მიშკინი, რომელიც სამხედრო სფეროსთან დაკავშირებული მასალებით ვაჭრობდა. მიშკინი საქართველოს მთავრობაზე თავის ბიზნეს-პარტნიორის, ისრაელში მცხოვრები მოქალაქის შაბთაი ბატაშვილის საშუალებით გავიდა. სტატიაში წერია, რომ თავის მხრივ ბატაშვილს კავშირი ქონდა იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრთან საქართველოში დავით კეზერაშვილთან.

ავტორი კეზერაშვილის კარიერასაც იხსენებს.კერძოდ წერს, რომ ის მხოლოდ 29 წლის იყო როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრად დაინიშნა და რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სამხედრო ოპერაციას ხელმძღვანელობდა. თანამდებობა კი დეკემბერში დატოვა. ის თბილისშია დაბადებული და თავის ახალგაზრდობის რამდენიმე წელი კი მეორე სამშობლოში - ისრაელში აქვს გატარებული. მისი ზუსტი კავშირი ისრაელში წარმოებული იარაღის ბროკერთა ბატაშვილთან ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

დავით კეზერაშვილის შესახებ წერს „მეინ-ჯასტისის“ კიდევ ერთი ავტორი სტივ ლევინიც. სტატის სათაურია: „სააკაშვილის პროტეჟე საქართელოს რუსეთთან ომში ჩაბმაში დაეხმარა.“ ავტორი იხსენებს კეზერაშვილის ინტერვიუს რომელიც მან ომამდე ტელეკომპანია „რუსთავი-2-ს“ მისცა. „ჩემი ამოცანაა დავასრულო საქართველოს არმიის მშენებლობა, რათა საქართველომ შეძლოს, ყველა მისი ინტერესის დაცვა.“ ეს სიტყვები დავით კეზერაშვილს ეკუთვნის.

ავტორი კი წერს:

„მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა ამოცანაზე საუბრობდა, თუმცა, როგორც არ უნდა ყოფილიყო, ეს ამოცანა ისრაელელი კონტრაქტორების დონეს მოიცავდა.“

სტივ ლევინი წერს, რომ ომის შემდეგ ისრაელმა საქართველოს სამეხდრო დახმარება შეწყვიტა მოსკოვის მოთხოვნის გამო. თელ-ავივი რუსეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობს, რათა სირიას და ირანზე მოსკოვის გავლენას შეუშალოს ხელი. რაც შეეხება კორუფციულ სქემას, რომლის გამოც 22 ადამიანია დაკავებული, სტატიის ავტორს კეზერშვილის პირადმა თანაშემწემ ნინო ჯიბლაძემ განუცხადა, რომ კეზერაშვილი ამ საქმის დასრულებამდე კომენტარს არ გააკეთებს. როგორც ჯიბლაძემ სტივ ლევინს განუცხადა, კეზერაშვილი ამჟამად ნავთობისა და გაზის ვაჭრობით არის დაკავებული.

XS
SM
MD
LG