ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველომ 35 000 000 დოლარი დაკარგა


პრეზიდენტი სააკაშვილი "ელბიტ სისტემსში" ვიზიტისას, 2008 წელი
პრეზიდენტი სააკაშვილი "ელბიტ სისტემსში" ვიზიტისას, 2008 წელი

საქართველოს სახელმწიფო ისრაელის ერთ-ერთ უმსხვილეს, თავდაცვითი სისტემების მწარმოებელ კომპანია „ელბიტ სისტემს“ (Elbit Systems) 35 მილიონ ამერიკულ დოლარს გადაუხდის. თავდაცვის სამინისტრო კი „ელბიტს“ ასევე დაუბრუნებს გარკვეულ სამხედრო აღჭურვილობასა და ტექნიკას, რომელიც კომპანიამ ადრე საქართველოს კონტრაქტის საფუძველზე მიაწოდა.

ამის შესახებ ინფორმაცია თავად „ელბიტ სისტემსმა“ გაარცელა. კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში, კერძოდ ნათქვამია რომ „ელბიტმა საქართველოსთან არსებულ დავის მოგვარებაზე გარიგებას მიაღწია და ეს საკითხი „ელბიტისთვის“ ფინანსური ზიანის მიყენების გარეშე მოგვარდა.“

„ელბიტ სისტემსმა“, რომლისგანაც საქართველომ 2007-2008 წლებში უპილოტი მზვერავი საფრენი აპარატები Hermes 450 შეიძინა, 2011 წლის აპრილში, საქართველოს კონტრაქტების დარღვევისთვის, გაერთიანებული სამეფოს მართლმსაჯულების უზენაეს სასამართლოში უჩივლა და 100 მილიონი დოლარი მოითხოვა.

საქართველოს სახელმწიფო ამ ვალს არ აღიარებდა, როგორც საგარეო, ისე თავდაცვის სამინისტროებმა მაშინ კატეგორიულად უარყვეს, რომ საქართველოს „ელბიტ სისტემსის“ ვალი ჰქონდა. აი, რას ამბობდა, 2011 წლის მაისში, თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსი სალომე მახარაძე

„მე შემიძლია ოფიციალურად გითხრათ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არც მათი (ელბიტ სისტემსის) და არც საერთოდ არავისი არანაირი დავალიანება ამ წუთისთვის არ ერიცხება.“

საქართველოს სახელმწიფოს ყველა კონტრაქტი იარაღით მოვაჭრე ისრაელის კომპანიებთან, მათ შორის „ელბიტ სისტემსთან“ დღემდე საიდუმლოა. პარლამენტის 2007 წლის სხდომების ოქმებიდან ჩანს, რომ კონტრაქტები, რომლითაც უპილოტო საფრენი აპარატები შეიძინეს, არც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და და არც ნდობის ჯგუფის შეკრებებზე განუხილავთ.

არაოფიციალურად ცნობილია, რომ ისრაელის იარაღით მოვაჭრე კომპანიებთან კონტრაქტები პრეზიდენტ სააკაშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის პირადი კონტაქტების მეშვეობით ფორმდებოდა.

კეზერაშვილი ქართველი ებრაელია, რომელსაც საქართველოსთან ერთად ისრაელის მოქალაქეობაც აქვს. „ელბიტ სისტემს“ მაშინ ისრაელში ცნობილი პოლიტიკოსი, თელ ავივის ყოფილი მერი რონი მილო (Roni Milo) და მისი ძმა ისრაელის კონცერნ „თავდაცვითი მრეწველობის“ ყოფილი დირექტორი შლომო მილო წარმოადგენდნენ. რონი მილოს 2007-2008 წლებში მინისტრ კეზერაშვილის მრჩევლის სტატუსიც კი ჰქონდა.

ისრაელისა და ამერიკული პრესის ცნობით, ძმებმა მილოებმა საქართველოს 2006-2008 წლებში, დაახლოებით 200 მილიონი დოლარის იარაღი მიჰყიდეს.

უპილოტი მზვერავი საფრენი აპარატი Hermes 450
უპილოტი მზვერავი საფრენი აპარატი Hermes 450

დღეს თავდაცვის სამინისტრო, ისევე როგორც სხვა უწყებები კომენტარს აღარ აკეთებენ. შესაბამისად, გაურკვეველია ქართველმა გადამხდელებმა „ელბიტ სისტემს“ 35 მილიონი დოლარი კონკრეტულად რა ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის უნდა გადაიხადონ. ვინ იყვნენ ამ ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები, არიან თუ არა ისინი ისევ სახელმწიფო სამსახურში და აგეს თუ არა პასუხი კანონის შესაბამისად?!

სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ამ საქმესთან დაკავშირებით კერძოდ ამბობენ

ირაკლი სესიაშვილი: „თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ელბიტ სისტემსთან გაფორმებული ეს კონტრაქტი შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას, მაშინ მან უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საფუძვლები დამამტკიცებელი თუ რატომ არის ეს კონტრაქტი საიდუმლო.“

ირაკლი ალასანია: „ის რომ ყველა გადაწყვეტილება არ არის გამჭირვალე, არ არის ინსტიტუციური, ეს პირდაპირ საფუძვლებს ქმნის, ჩვენს ქვეყანაში ელიტარული კორუფციის გაჩენის.

ეს შეეხება შეიარაღების, ნავთობპროდუქტების, შაქრის შემოტანას, ნებისმიერ სხვა ბიზნესს, ყველაფერი ეს არის მონოპოლიზირებული სააკაშვილის ვიწრო გუნდის მიერ. რა თქმა უნდა, თავდაცვის სფეროში მიმდინარე შესყიდვები მთლიანად კონკრეტულად ხორციელდებოდა მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით.“

თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და სხვა ქართველი მაღალჩინოსნების გვარებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში 22 იარაღით მოვაჭრე კომპანიისა და პირის წინააღმდეგ მიმდინარე გახმაურებული გამოძიების დროს ერთხელ უკვე გაიჟღერა (UNITED STATES V. DANIEL ALVIREZ, ET AL. COURT DOCKET NUMBER: 09-CR-348-RJL ).

ერთ-ერთმა დაკავებულმა დენიელ ალვირესმა ოფიციალურად აღიარა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან კორუფციული სქემით ვაჭრობდა.

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროსგან განსხვავებით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამ სკანდალურ საქმეზე გამოძიება საჭიროდ საერთოდ არ ჩათვალა.

დღეს თავდავის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მსხვილი ბიზნესმენია, კომპანია „გალფის“ მფლობელი, რომელიც საქართველოში საწვავის ბაზრის ერთ-ერთი მონოპოლისტია.

XS
SM
MD
LG