ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვისი დახმარებით შექმნა საქართველომ უპილოტო თვითმფრინავი?


ჯერჯერობით, ქართული წარმოების უპილოტო საფრენი თვითმფრინავის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. არც სახელი, არც კლასიფიკაცია და არც კონსტრუქცია.

უცნობია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო კონსტრუქტორებმა, ასეთი ტიპის თვითმფრინავის შექმნაზე მუშაობა როდის დაიწყეს. ამ საიდუმლო პროექტისთვის ბიუჯეტიდან რა ოდენობის თანხები გამოიყო. რამდენად წარმატებულია ეს პროექტი და რამდენი საკუთარი წარმოების უპილოტო საფრენი აპარატია დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების განკარგულებაში.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ საქართველომ ნამდვილად დაიწყო უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება. ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე გივი თარგამაძემ მოულოდნელად საჯაროდ განაცხადა, როცა ისრაელის კომპანია „ელბიტ სისტემსთან“ დარღვეულ კონტრაქტზე საუბრობდა.

საქართველოს „ჰერმესისა“ (Elbit Hermes 450) და „სქაილარკის“ (Elbit Skylark) ტიპის უპილოტო აპარატებს 2007 წლიდან სწორედ „ელბიტი“ აწვდიდა და ეს კონტრაქტი რუსეთთან ომის შემდეგ დაირღვა.

პარლამენტარმა კერძოდ თქვა, რომ „ელბიტს“ 35 მილიონი დოლარის ღირებულების უპილოტო თვითმფრინავებს უკან ვუბრუნებთ იმ მიზეზით, რომ საკუთარის წარმოება დავიწყეთო.

გივი თარგამაძე პარლამენტის ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელია, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლი ევალება.

„აქ 35 მილიონი დოლარის მოწოდებული პროდუქციის უკან დაბრუნებაზეა საუბარი და ეს არის უპილოტი თვითმფრინავები. საქმე აქ არა თუ ტრაგიკულად, არამედ სასიხარულოდაც არის.

საქმე ის გახლავთ, რომ ქართულმა მხარემ თავად დაიწყო უპილოტო თვითმფრინავების წარმოება. აქედან გამომდინარე, შეძენილი ისრაელის წარმოების უპილოტოების გამოყენების საჭიროება აღარ არსებობს და ჩვენ მშვიდად შეგვიძლია ეს ტექნიკა უკან დავაბრუნოთ და ჩავაქროთ ეს კონფლიქტი.“

სამხედრო ექსპერტთა დიდი ნაწილი მოელის, რომ ქართული წარმოების ახალი უპილოტო საფრენი თვითმფრივანის პირველი პრეზენტაცია 26 მაისს, სამხედრო აღლუმზე მოხდება.

შარშან თავდაცვის სამინისტრომ ქართული წარმოების ჯავშანმანქანა „დიდგორი“ პირველად სწორედ აღლუმზე გამოიყვანა. ახალი სადაზვერვო-სატრანსპორტო ქართული ჯავშანმანქანა „დიდგორი“ თავდაცვის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა „დელტამ“ დააპროექტა და თბილისის საავიაციო ქარხანაში აიწყო. სავარაუდოდ, სწორედ აქ შეიქმნა პირველი ქართული უპილოტო საფრენი აპარატიც.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ევრო კავკასიური უნივერსიტეტის დოქტორანტი გიორგი ანთაძე ამბობს:

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ქართული მხარეს უპილოტო საფრენ აპარატებზე მუშაობა უკვე დასრულებული აქვს, არსებობს ამ აპარატების მუშა პროტოტიპები, თან საუბარია არა მხოლოდ ერთი ტიპის, არამედ რამდენიმე სხვადასხვა სახეობის უპილოტო საფრენ აპარატზე.

რახან ეს გადაწყვეტილება მიიღეს, რომ განეცხადებინათ, წესით და რიგით უნდა ველოდეთ, რომ ახლო მომავალში ან პრეზენტაციის ან რაიმე სხვა ფორმით მოხდება ამ აპარატების დემონსტრირება ფართო საზოგადოებისთვის. მაქსიმუმ, მე მგონია, რომ ეს შეიძლება იყოს 26 მაისის აღლუმზე რაიმე ფორმით წარმოდგენილი.“

ჯერჯერობით, უცნობია პირველი ქართული უპილოტო თვითმფრინავი რომელიმე ქვეყანასთან თანამშრომლობით შეიქმნა თუ ის მხოლოდ ქართული წარმოებისაა.

საქართველოს მეზობლებიდან, აზერბაიჯანმა საკუთარი უპილოტოების „ორბიტელისა“ და „აეროსტარის“ წარმოება ისრაელთან მჭიდრო თანამშრომლობით დაიწყო. იგივე გააკეთა რუსეთმაც, (რუსეთთან დაპირისპირებისა და ტექნიკური გაუმართაობის გამო საქართველომ რამდენიმე ჰერმესს 450 და სქაილარკი დაკარგა, თუმცა თავადაც ჩამოაგდო რუსული წარმოების უპილოტოები “ორლანი“ და „დოზორი“ - ზ.წ)

საქართველოსთან ომის შემდეგ, კრემლმა ისრაელთან რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის კონტრაქტი გააფორმა. პალესტინის გამო, ანკარასა და თელ ავივს შორის ურთიერთობის გაფუჭებამდე, ამ სფეროში თურქეთის მთავარი პარტნიორიც ისრაელი იყო იყო, თუმცა შარშან, ანკარამ საკუთარი ძალებით სცადა უპილოტო საფრენი აპარატის „ანკას“ შექმნა.

გასულ წელს, ერევანში, სამხედრო აღლუმზე ასევე პირველად გამოჩნდა სომხური წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი „კრუნკი“. რეგიონში უპილოტოების წარმოების გამოცდილება ასევე აქვთ ირანს, უკრაინას, ბელარუსსა და ბულგარეთს.

სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე ვარაუდობს, რომ საქართველო ამ სფეროში ისრაელთან ვეღარ ითანამშრომლებდა, იმ მიზეზით, რომ ისრაელთან მსხვილი კონტრაქტი უკვე რუსეთმა გააფორმა

„ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი არ ყოფილა, რომ ან განხილვის საგანი ყოფილიყოს ან რომელიმე წარმყვან ქვეყანასთან კონტრაქტი ყოფილიყო დადებული.

იმ ფონზე, რომ საქართველოს ომის პერიოდში და შემდგომშიც ისრაელთან ძალიან გაუფუჭდა ურთიერთობა და ისრაელმა ჯერ შეამცირა და შემდეგ საერთოდ შეწყვიტა საქართველოსთან სამხედრო საკითხებში თანამშრომლობა, გამორიცხულია იმაზე ფიქრი, რომ ასეთი ტიპის თანამშრომლობაზე ხელშეკრულება შეიძლება ისრაელთან გაფორმებულიყო.

კიდევ ერთი პრობლემაა რუსეთ-ისრაელის ახალი კონტრაქტები. 2008 წლის ომის დროს რუსებმა აღმოაჩინეს, რომ ძალიან ჩამორჩებოდნენ თანამედროვე ანალოგს და განსაკუთრებით ისრაელის წარმოების უპილოტოებს.

ეს ტექნიკა მათ, როგორც ტროფეი საქართველოდან წაიღეს და 2010 წელს რუსეთმა გააფორმა მსხვილი ხელშეკრულება ისრაელთან, უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი წარმოების შესახებ და პროდუქციას ისინი 2012 წლის ბოლომდე ელოდებიან.“

ისრაელის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სამხედრო იარაღის მწარმოებელმა „ელბიტ სისტემსმა“ საქართველოს სახელმწიფოს კონტრაქტის დარღვევისთვის 2011 წლის აპრილში უჩივლა და 100 მილიონი დოლარი მოითხოვა.

საქართველოს მთავრობა ამ ვალის არსებობას კატეგორიულად უარყოფდა. გასული წლის ბოლოს „ელბიტმა“ განაცხადა, რომ საქართველოსთან მორიგებას მიაღწია და თბილისი ჯარიმის სახით 35 მილიონ დოლარსა და მიწოდებული შეიარაღების ნაწილს დააბრუნებს

ოფიციალურმა თბილისმა ამ გარიგების არსებობა იანვრის ბოლოს უხალისოდ აღიარა, თუმცა მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე ამბობს, რომ ისრაელს 35 მილიონი დოლარის უპილოტო საფრენ აპარატებს უბრუნებენ, მაშინ როცა იუსტიციის სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველო „ელბიტს“ 35 მილიონს გადაუხდის და შეიარაღების გარკვეულ ნაწილს უბრუნებს.

იუსტიციის სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ „ელბიტთან“ საიდუმლო კონტრაქტის დარღვევაში, კორუციის ან თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტები ვერ აღმოაჩინა და შესაბამისად არც გამოძიების დაწყება იგეგმება.

XS
SM
MD
LG