ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„კავკასია 2012“ და „ურთიერთქმედება 2012“ ერთი სცენარით


რა გზით მოახერხა რუსეთმა ივანოვოელი მედესანტეების სომხეთში გადასროლა?
რა გზით მოახერხა რუსეთმა ივანოვოელი მედესანტეების სომხეთში გადასროლა?

მეორე დღეა საქართველოს საზღვრებთან ერთდროულად ორი მასშტაბური სამხედრო წვრთნა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის მთელს სამხრეთ-დასავლეთში ეს არის სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლება - „კავკასია 2012“, სომხეთში კი - „ურთიერთქმედება 2012“, რომელშიც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) წევრი ქვეყნები - რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი მონაწილეობენ.

პარალელურ რეჟიმში, მოსკოვთან ახლოს კიდევ ერთი - საერთაშორისო ოპერატიულ-ტაქტიკური სწავლება „მეხი 2012“ ტარდება, რომელიც სწრაფი რეგირების ძალებისთვის არის განკუთვნილი და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ისტორიაში პირველია.

საერთო ჯამში, რუსეთსა და სომხეთში მიმდინარე სამივე სამხედრო წვთნაში ჩაბმულია 10,000-ზე მეტი ჯარისკაცი, 200-ზე მეტი საბრძოლო მანქანა, 100-ზე მეტი საარტილერიო დანადგარი, ათამდე საბრძოლო გემი და კატერი, მათ შორის, კრეისერი „მოსკოვი“, რომელიც 2008 წლის ხუთდღიან ომშიც მონაწილეობდა.

სამხედრო ექსპერტის, თადარიგის პოლკოვნიკის, გიორგი თავდგირიძის აზრით, აღნიშნული სამხედრო წვრთნები საქართველოსთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს:

„სწავლების მიმდინარეობის პერიოდში საქართველო იქნება უზარმაზარი საფრთხის ქვეშ, ხოლო სწავლების დასრულების შემდგომ, წესია ასეთი, ბევრი ქვედანაყოფი გარკვეული დროით კვლავ დარჩება პოლიგონებზე ანუ დისლოკაციის ადგილიდან გამოსული და, შესაბამისად, მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანილი - ანუ ამ ქვედანაყოფების დაუყოვნებლივ გამოყენება იქნება შესაძლებელი.“

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ აგვისტოში განაცხადა, რომ „კავკასია 2012“-ის სწავლებისთვის არ გამოიყენებდა ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში, ასევე, სომხეთსა და ჩეჩნეთში არსებულ სამხედრო პოლიგონებს და იქ დისლოცირებულ სამხედრო ნაწილებს.

ეს განცხადება მოსკოვში მას შემდეგ გააკეთეს, რაც ამერიკის კონგერესთან არსებულმა ჰელსინკის კომისიამ მოუწოდა რუსეთს საერთოდ გაეუქმებინა საქართველოს საზღვრებთან დაგეგმილი მასშტაბური სამხედრო სწავლება.

ამ დაპირების მიუხედავად, დღეს ცნობილი ხდება, რომ ასტრახანში მდებარე „კაპუსტინ იარის“ სამხედრო პოლიგონზე ოკუპირებულ ცხინვალში დისლოცირებული მეოთხე რუსული ბაზის ოპერატიული ჯგუფია გადასროლილი, ხოლო სომხეთის ქალაქ გიუმრიში დისლოცირებული 102-ე რუსული სამხერო ბაზის ნაწილები, ერევანში, „მარშალ ბაგრამიანის“ პოლიგონზე მიმდინარე სწავლებაში „ურთიერთქმედება 2012“-ში არიან ჩაბმულნი.

რუსეთში, კრასნოდარისა და ასტრახანის ოლქებში მდებარე პოლიგონებზე კი წვრთნებს ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული მე-7 რუსული ბაზის ნაწილები გადიან.

სამხედრო ექსპერტთა აზრით, ყველა ეს ფაქტი იძლევა ცალსახა მტკიცების საშუალებას, რომ რუსეთსა და სომხეთში წვრთნები ერთი სცენარის მიხედვით მიმდინარეობს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ და თბილისში მყოფმა მისმა ლიტველმა კოლეგამ აუდრონიუს აჟუბალისმა რუსულ-სომხურ სამხედრო სწავლებებთან დაკავშირებით კერძოდ განაცხადეს:

გრიგოლ ვაშაძე: „რუსეთის სამხედრო წვრთნები კავკასია 2012, რომელიც ერთდროულად ტარდება ჩრდილოეთ კავკასიაში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთის სამხედრო ბაზაზე გიუმრიში, მეზობელ სომხეთში წარმოადგენს საფრთხეს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ წარმოადგენს საფრთხეს სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის მთელს რეგიონში.“

აუდრნიუს აჟუბალისი: „რუსეთის მასშტაბური სამხედრო წვრთნა კავკასია 2012 ნამდვილად არ მატებს სტაბილურობას რეგიონს და ნებისმიერი შესაძლო დესტაბილიზაციის შემთხვევაში პასუხიმგებლობა რუსეთს ეკისრება.“

რუსეთსა და სომხეთში მიმდინარე სამხედრო სწავლებების მთავარ გამოცანად რჩება - რა გზით მოახერხა მოსკოვმა, ივანოვოში დისლოცირებული 98-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ერთი ბატალიონის სომხეთში გადასროლა.

ოფიციალურმა თბილისმა ერთი წლის წინ ოფიციალურად აკრძალა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსვლა. ასეთივე შეზღუდვა, ოღონდ არაოფიციალური მოქმედებს აზერბაიჯანშიც, განსაკუთებით იმ შემთხვევებში, როცა საქმე გიუმრის 102-ე რუსულ სამხედრო ბაზას ეხება.

რუსი ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მოსკოვისთვის დახმარების ხელი ირანს გაეწოდა და რუსი მედესაანტეები სომხეთში სწორედ თეირანის გავლით მოხვედრილიყვნენ.

კიდევ ერთი ვარიანტია, რომ ივანოვოს ბატალიონი ბელორუსის, ყაზახეთის ან ყირგიზეთის სამხედროებთან ერთად, ზემოაღნიშნული რომელიმე ქვეყნის სამხედრო თვითმფრინავის გამოყენებით საიდუმლოდ გადაფრენილიყო ერევანში, მათ შორის, სავსებით შესაძლებელია, საქართველოს ან აზერბაიჯანის საჰაერო სივრცის გამოყენებით.

XS
SM
MD
LG