ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები გააპროტესტა


Agile Spirit 2012  ვაზიანში

თბილისის მახლობლად, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე კვირაზე მეტია საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი სამხედრო წვრთნები Agile Spirit 2012 მიმდინარეობს.

წვრთნებში, ქართული მხრიდან თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ქვეითი ბრიგადის 400 ჯარისკაცი მონაწილეობს, ამერიკელები კი შავი ზღვის მე-12 როტაციული ძალების (Black Sea Rotational Force) 300-ზე მეტი საზღვაო ქვეითით არიან წარმოდგენილნი. ეს შენაერთი რუმინეთის ქალაქ კონსტანცას მახლობლად, სამხედრო აეროდრომზეა დისლოცირებული .

სამხედრო წვრთნების ლოკალური მიზანი მცირერიცხოვანი სამხედრო დანაყოფების ტაქტიკის, ესკორტირებისა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფის ტექნიკის დახვეწაა.

ეს კომპონენტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ავღანეთში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს. ჰელმანდის პროვინციაში დაღუპული 15 ქართველი ჯარისკაციდან უმრავლესობა სწორედ თვითნაკეთ ნაღმებზე აფეთქდა.

Agile Spirit ყოველწლიური სამხედრო წვრთნაა, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის შეიარაღებული ძალებს შორის ურთიერთქმედების გაღრმავებას ითვალისწინებს. ამერიკელმა ვიცე პოლკოვნიკმა რიკ ქოუთსიმ კერძოდ აღნიშნა

„სწავლება ძალიან ნიშვნელოვანია, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე ქართველი ხალხისთვის. ის ითვალისწინებს სამხედროების თანამშრომლობას, თავსებადობას და ზოგად ურთიერთგაგებას. რაც უფრო მეტს ვიმუშავებთ ერთად მით უფრო უკეთ გავუგებთ ერთმანეთს.

ეს წვრთნები საშუალებას გვაძლებს ერთმანეთის პროცედურებს გავეცნოთ. წვრთნები ძალიან დაგვეხმარება პროგრესის მიღწევაში, განსაკუთრებით ავღანეთში სამსახურისას.“

ვაზიანში მიმდინარე წვრთნებში, ქართველი და ამერიკელი მეომრები იყენებენ, როგორც ამერიკული, ისე ქართული წარმოების სამხედრო ტექნიკას. ამერიკული „ჰამერებისა“ და „იროკეზების“ გარდა, Agile Spirit-ში ქართული ჯავშანმანქანა „დიდგორიც“ მონაწილეობს.

10 მარტს დაწყებული სამხედრო წვრთნები ვაზიანში 24 მარტს დასრულდება, მანამდე 20 მარტს თავდაცვის სამინისტრო ღია კარის დღეს გეგმავს, სადაც ერთობლივი წვრთნების შედეგად მიღწეული შედეგების დემონსტრირება მოხდება.

ვაზიანში უკვე იმყოფებოდა პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ „როგორი მძიმე არ უნდა იყოს ჩვენთვის ავღანეთში ყოფნა და იქ გაღებული მსხვერპლი, თუ ჯარს არ აქვს საბრძოლო გამოცდილება, იმ ჯარის ფასი არის კაპიკი.“

უფროსმა ლეიტენანტმა ლაშა ოდილავაძემ აღნიშნა, რომ ამერიკელებთან ერთობლივი წვრთნა ქართული სამხედრო შენაერთების ბრძოლისუნარიანობას აამაღლებს.

ლაშა ოდილავაძე: „ამერიკის შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორთა ჯგუფი ატარებს სწავლებას ჩვენს ქვედანაყოფთან. ამ სწავლების მიზანი პირველ რიგში თავსებადობის გამომუშავებაა, რათა შემდგომში ქართულმა ქვედანაყოფმა წარმატებით მიიღოს მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სამშვიდობო ოპერაციებში.

ეს მეცადინეობები ხელს შეუწყობს ქართული ქვედანაყოფების ურთიერთშერწმას და იმ თანამედროვე, NATO-ს სტანდარტებთან მიახლოვებას, სამშვიდობო ოპერაციებში აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, რომელიც ჩვენს ქვედანაყოფებს აუცილებლად დასჭირდებათ.“

ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები Agile Spirit საქართველოში უკვე მეორედ ტარდება, პირველად ეს წვრთნები ვაზიანში, შარშან ზაფხულში გაიმართა.

ოფიციალური მოსკოვი უკვე გამოეხმაურა ვაზიანში მიმდინარე სამხედრო წვრთნებს. რუსეთის დუმაში სამთავრობო საათზე გამოსვლისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ეს პროვოკაციულად გამოიყურება.

„ჰილარი კლინტონის ყურადღება მივაპყარი იმას, რომ ეს ყველაფერი პროვოკაციულად გამოიყურება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მსგავსი ნაბიჯები განიხილება არა მხოლოდ, თბილისის წახალისების თვალსაზრისით, ავღანეთში 1500 ქართველი სამხედროს შენარჩუნების გამო, არამედ სამხრეთ კავკასიის მყიფე რეგიონში სტაბილურობის მიღწევის მიზნითაც“ - აღნიშნა ლავროვმა.

საინტერესოა, რომ სულ მალე საქართველოს და რუსეთს ერთობლივი მსხვილი მრავალეროვანი სამხედრო სწავლება ელით. 5-დან 24 აპრილის ჩათვლით,, შავ ზღვაზე Blackseafor 2012-ის ფარგლებში: ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთისა და უკრაინის სამხედრო გემებთან ერთად, სწავლებაში ქართული და რუსული სადესანტო გემებიც მიიღებენ მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG