ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბებმა სამი ქართველი კაპრალი მოკლეს


პაატა კაჭარავა,რუსლან მელაძე და ვალიკო ბერაია

ავღანეთში საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთი უმძიმესი დანაკარგი განიცადა. ჰელმანდის პრივინციაში თალიბებმა 31-ე ბატალიონის სამი კაპრალი - პაატა კაჭარავა, ვალიკო ბერაია და რუსლან მელაძე მოკლეს.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი სამხედროები, რომლებიც საბრძოლო ამოცანას ასრულებდნენ, თალიბებთან შეტაკებისას, საბრძოლო მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპნენ.

თავდაცვის სამინისტრო არ აზუსტებს, რა ტიპის სამხედრო მანქანით გადაადგილდებოდნენ ქართველები და არიან თუ არა ამ აფეთქების შედეგად დაჭრილები. სამი ქართველი მეომრის დაღუპვის შედეგად საქართველოს დანაკარგებმა ავღანეთში უკვე 15 ჯარისკაცს მიაღწია. სამხედრო ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის გამგეობის წევრი ზვიად თხელიძე ამერიკის ხმასთან ამბობს

„სამწუხაროდ დაღუპულებთან ერთად იქნებიან დაჭრილებიც. თავდაცვის სამინისტროს არაერთხელ დაუმალავს, ზოგადად დაჭრილების არსებობა და დაჭრილების რაოდენობა. შეგვიძლია გავიხსენოთ, ამავე ბატალიონის მეთაურის ალექსანდრე ტუღუშის შემთხვევა, რომლის დაჭრისა და მკურნალობის ფაქტი იქამდე იყო გასაიდუმლოებული, ვიდრე იგი პრეზიდენტმა ამერიკაში არ დააჯილდოვა.

დანაკარგების ზრდასთან ერთად ისევ ძალაშია გადაწყვეტილება რომ ავღანეთში ქართული სამშვიდობო კონტიგენტის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ვფიქრობ, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება საზოგადოების ფართო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.

შედგეს გაცილებით ფართო განხილვები, არა იმასთან დაკავშირებით უნდა მივიღოთ თუ არა მონაწილეობა მსგავსი ტიპის ოპერაციებში, არამედ რა რაოდენობის სამხედრო ნაწილებით უნდა იქნას საქართველო წარმოდგენილი ავღანეთში, ამაზე უნდა იმსჯელოს ქართულმა საზოგადოებამ.“

სამი ქართველი მეომარი ჰელმანდის პროვინციაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტიდან ორ დღეში დაიღუპა. ჰელმანდში სერიოზული ინციდენტი მიხეილ სააკაშვილის ორ საათიანი ვიზიტის დროსაც მოხდა. ქართველმა სამხედროებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თალიბები 31-ე ბატალიონის სამოქმედო რაიონის დანაღმვას შეეცადნენ, თუმცა მოკავშირეებმა ისინი უპილოტო თვითმფრინავის მეშვეობით აღმოაჩინეს, ქართველებმა კი თალიბები ადგილზე გაანადგურეს.

ამ ინციდენტთან დაკავშირებით, ვიცე პოლკოვნიკმა გიორგი ელბაქიძემ განაცხადა, რომ ტერორისტები მაშინ გაანადგურეს, როცა სააკაშვილი ჯარისკაცებთან ერთად სამხედრო ბაზა „შუკვანზე“ სადილობდა.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს დაღუპული მეომრების ოჯახებს მიუსამძიმრა. მთელ საქართველოს ამერიკელი ხალხის სახელით სამძიმარი გამოუცხადა საქართველოში ამერიკის ელჩმა ჯონ ბასმაც

მიხელ სააკაშვილი: „გუშინწინაც რო ვიყავით, უკვე იქ დებდნენ ამ ასაფეთქებელ მოწყობილობას. მაშინ აღმოაჩინეს ჩვენებმა და დაუბრუნეს ცეცხლი. მაგრამ როგორც ჩანს მოახერხეს მაინც.

ასეთ დროს ყველაზე მეტად ვფიქრობ მათ ოჯახებზე. ამდენი წელია პრეზიდენტი ვარ და ყველაზე მძიმე დღემდე ჩემთვის, რასაც ვერასოდეს ვერ შევეჩვევი, არის ჩვენი ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ ინფორმაციების გაგება.“

ჯონ ბასი: „აშშ-ს მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გუშინდელი დანაკარგის გამო. ჩვენ ამას ისევე განვიცდით, როგორც თქვენ.

ვაფასებთ მათ თავგანწირვას და განვაგრძობთ თქვენს მხარდაჭერას. ეს არის ფასეულობა რომელიც არასდროს დაგვავიწყდება.“

საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ ავღანეთში განცდილი დანაკარგების უდიდესი წილი სწორედ მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონზე მოდის.

პირველი ქართველის ჯარისკაცი, რომელიც ავღანეთში დაიღუპა 31-ე ბატალიონის ასმეთაური მუხრან შუკვანი იყო. 2010 წლის 30 სექტემბერს, ნაღმზე ამ ბატალიონის კიდევ ოთხი წევრი: პოლკოვნიკი გოგიაშვილი, სერჟანტი ცეცხლაძე, კაპრალები კოლხიტაშვილი და კალანდაძე აფეთქდნენ.

31-ე ბატალიონი შარშან ოქტომბერში, მორიგი როტაციის ფარგლებში, კიდევ ერთელ დაბრუნდა ჰელმანდში და უკვე ხუთი ჯარისკაცი დაკარგა. 2011 წლის 30 დეკემბერს კაპრალი ნინიაშვილი ნაღმზე აფეთქდა, 2012 წლის 7 იანვარს კაპრალი ფაილოძე დაიღუპა.

ცოტა ხნით ადრე, მოლაპარაკების დროს, თალიბებმა ასევე მზაკვრულად ააფეთქეს 31-ე ბატალიონის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში, რომელიც ამჟამადაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მკურნალობს.

უმძიმესი ტრავმებიდან გამომდინარე, ჯერ ბოლომდე ნათელი არ არის ვიცე პოლკოვნიკი ტუღუში ოდესმე შეძლებს თუ არა შეიარაღებულ ძალებში დაბრუნებას. ამ სერიოზული დანაკარგების მიუხედავად, საქართველო ავღანეთში სამშვიდობო კონტიგენტს 1700-ს ჯარისკაცამდე ზრდის.

ISAF-ის ოპერაციაში დაღუპული ქართველები

05/09/2010 ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

30/09/2010 პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

30/09/2010 სერჟანტი დავით ცეცხლაძე

30/09/2010 კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

30/09/2010 კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

22/02/2011 კაპრალი გიორგი ავალიანი

14/03/2011 კაპრალი ვალერი ვერსკიანი

24/05/2011 უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

20/06/2011 რიგითი გია გოგუაძე

01/09/2011 სერჟანტი რეზო ბერიძე

30/12/2011 კაპრალი ბესარიონი ნინიაშვილი

07/01/2012 კაპრალი შალვა ფაილოძე

21/02/2012 კაპრალი პაატა კაჭარავა

21/02/2012 კაპრალი ვალიკო ბერაია

21/02/2012 კაპრალი რუსლან მელაძე

XS
SM
MD
LG