ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ქვეითთა დამატებით ბატალიონს გადაისვრიან


აშშ საქართველოს შეჯავშნული ჰამერები გადმოსცა

2012 წლის დასაწყისისთვის, საქართველოს NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის, ავღანეთში, საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდარჭერ ძალებში ყველაზე მეტი ჯარისკაცი ეყოლება.

ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა ბრიუსელიდან დაბრუნებულმა თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ. მან მონაწილეობა მიიღო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვის მინისტერიალში, რომელიც NATO-ს შტაბ-ბინაში გაიმართა.

დღეისათვის, თავდცავის სამინისტროს 925 ჯარისკაცია განლაგებული ავღანეთის დედაქალაქში ქაბულში და საერთაშორისო ოპერაციის ყველაზე ცხელ წერტილში ჰელმანდის პრივინციაში.

ეს რიცხვი კიდევ ერთ ქვეითი ბატალიონით გაიზრდება და სავარაუდოდ ქართველ მეომართა რაოდენობა ავღანეთში 1675-ს მიაღწევს. ამ ეტაპზე, NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის, ყველაზე მეტი 1550 ჯარისკაცი ავსტრალიას ჰყავს, რომლის მოსახლეობაც 22 მილიონს აღემატება.

ბაჩო ახალაიამ განაცხადა, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამრჭერი ძალების სარდალმა, ამერიკელმა გენერალმა დევიდ პეტრეუსმა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება მოიწონა:

„ჩვენი მონაწილეობა ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მომავალი წლიდან ორმაგდება. ამავე დროს, ჩვენ გაგზავნილი გვყავს ინსტრუქტორები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ISAF-ის ოპერაციაში.

გვქონდა შეხვედრა გენერალ პეტრეუსთან, რომელიც ჯერ კიდევ ხელმძღვანელობს ავღანეთის ოპერაციას, თუმცა უახლოეს მომავალში, ის დაიკავებს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის თანამდებობას.

პეტრეუსი არის საქართველოს დიდი მეგობარი. სწორედ მასთან გვქონდა ცალკეული საკითხების განხილვა ISAF-ის ოპერაციასთან დაკავშირებით და მინდა გითხრათ, რომ პეტრეუსი კიდევ ერთხელ გამოხატავს უდიდეს პატივისცემას და კმაყოფილებას ქართველი სამხედროების მიმართ, გამომდინარე იქედან თუ როგორ ასრულებენ ისინი თავინთ ფუნქციას ავღანეთში.“

პარალელურად, ოფიციალური თბილისი ცდილობს, NATO და ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიაზე, NATO-ს სტანდარტების რეგიონალური საწვრთნელი ცენტრის გახსნაზე დაითანხმოს.

თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ცენტრის მთავარი მიზანი საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებისთის გადასროლის წინა წვრთნების განხორციელება იქნება.

ამჟამად ვაზიანისა და კრწანისის ბაზებზე მომზადების შემდეგ, ქართველი ჯარისკაცები მომზადების დასკვნით ეტაპს გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში, ამერიკის შეერთებული შტატების გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცეტრში (JMRC) გადიან.

ამ კონსულტაციების პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 40 ერთეული, მესამე თაობის სამხედრო მანქანა „ჰამერი“ გადასცა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ ამასთან დაკავშირებით განაცხადა:

„ეს არის 40 ამერიკული შეჯავშნული მანქანა „ჰამერის“ ტიპის, რომელიც გადმოეცა საქართველოს ავღანეთის ოპერაციის ფარგლებში წვრთნებისთვის. ეს მანქანები გამოყენებული იქნება ჩვენი ბატალიონების მომზადებისთვის, რომლებიც გაემგზავრებიან ავღანეთის სამშვიდო ოპერაციაში.

ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ რამდენად ეფექტურად ახორციელებენ ჩვენი შეიარაღებული ძალები თავის მისიას ავღანეთში. ეს მანქანები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს კიდევ უფრო ეფექტურები და წარმატებულები იყვნენ ქართველი ჯარისკაცები ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში.“

სამხედრო „ჰამერების“ გადმოცემის ცერემონიაზე, საქართველოში ამერიკის ელჩის მოადგილემ კენტ ლოგსდონმა ხაზი გაუსვა, რომ ეს საჩუქარი გაკეთდა მხოლოდ და მხოლო ავღანეთის ოპერაციის მხარდაჭერის ფარგლებში.

აგვისტოს ომის შემდეგ, ვაშინგტონმა რამდენჯერმე უარყო თბილისის თხოვნა დიდი რადიუსის მქონე რადარების, ჰაერსაწინააღმდეგო, ტანკსაწინააღმდეგო და თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემების მიყიდვასთან დაკავშირებით.

თეთრმა სახლმა ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოსთვის იარაღის მიყიდვაზე ვეტო დადებული არ აქვს, მაგრამ ამერიკის პრიორიტეტი რეგიონში „დაძაბულობის შემცირებაა“. სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის ხელმძღღვანელი ალექსანდრე რონდელი ამერიკის ხმასთან ამბობს:

„ყველანაირი უფლება გვაქვს ვიყიდოთ ის იარაღი, რომელიც გვინდა. ჩვენ რა თქმა უნდა, გვინდოდა, რომ შეერთებული შტატების იარაღი გვეყიდა ბევრი და მოწინავე. რა თქმა უნდა ის ძვირია და გარდა ამისა რთულია მოხმარებაში.

ამერიკელები კი ამბობენ, რად გინდათ თქვენ იარაღი, დიპლომატიურად მოაგვარეთ თქვენი საკითხები, თქვენი პრობლემები. იარაღი არ გინდათ. მე ვფიქრობ, რომ რუსების გაღიზიანება არ უნდათ.“

საქართველომ ავღანეთში უკვე რვა ჯარისკაცი დაკარგა. მძიმედ დაჭრილი რამდენიმე ქართველი მეომარი კი სიცოცხლის ბოლომდე ხეიბარი დარჩება.

სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქართველი ჯარისკაცების რიცხოვნობის ზრდას დანაკარგების გაზრდაც მოჰყვება. ამ გარემოებების მიუხედავად, საქართველოში მაინც არ არის ისეთი საზოგადოებრივი აზრი შექმნილი რომ პარლამენტმა ავღანეთში ქართული კონტიგენტის გაზრდას მხარი არ დაუჭიროს.

მტკიცე მხარდაჭერისა და აი-სა-ფის მისიაში დაღუპული ქართველები

05/09/2010 ლეიტენანტი მუხრან შუკვანი (31-ე ბატალიონი)
30/09/2010 პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი (31-ე ბატალიონი)
30/09/2010 სერჟანტი დავით ცეცხლაძე (31-ე ბატალიონი)
30/09/2010 კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი (31-ე ბატალიონი)
30/09/2010 კაპრალი ნუგზარ კალანდაძე (31-ე ბატალიონი)
22/02/2011 კაპრალი გიორგი ავალიანი (32-ე ბატალიონი)
14/03/2011 კაპრალი ვალერი ვერსკიანი (32-ე ბატალიონი)
24/05/2011 სერჟანტი ლავროსი ივანიაძე (33-ე ბატალიონი)

XS
SM
MD
LG