ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რამდენად გაიზრდება ქართული კონტინგენტი ავღანეთში?


საქართველო აპირებს უახლოეს თვეებში ავღანეთში, ნატო-ს ეგიდით მიმდინარე ISAF-ის სამხედრო ოპერაციაში მონაწილე ქართული სამხედრო კონტინგენტის რიცხოვნობა გაზარდოს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

პრეზიდენტ სააკაშვილს არ დაუკონკრეტებია დამატებით რამდენი ქართველი ჯარისკაცი გაიგზავნება ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების დასახმარებლად.

კულუარული ინფორმაციით, რომელსაც ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, საუბარია ავღანეთში კიდევ ერთი ქართული ბატალიონის გაგზავნაზე. მიუნხენში გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა კერძოდ თქვა:

ჩვენ ქართველები ვაცნობიერებთ, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება ისწრაფვოდნენ სტაბილურობისკენ. ამ სტაბილურობის უზრუნველყოფა ჩვენი კოლექტიური მოვალეობაა.

სწორედ ამის გამო გაგზავნა საქართველომ თითქმის 1000 ჯარისკაცი ავღანეთში, რათა მხარი დაეჭირა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალებისთვის ზოგიერთ ყველაზე სახიფათო ოპერაციის განხორციელებაში და ჩვენ ვაპირებთ დამატებითი ძალების მობილიზაციას“.

საქართველო ავღანეთის ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე ქართველი სამხედროების ოდენობას თანმიმდევრულად ზრდის. დამოუკიდებლობის პერიოდში ქართველი სამხედროები პირველად ავღანეთში 2004 წლის ოქტომბერში გამოჩდნენ. მაშინ 50 სამხედრო ერთჯერადი მისიით იქ მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებისას საარჩევნო უბნებს იცავდა.

2009 წლის ნოემბრამდე, ხუთის წლის მანძილზე, საქართველოს ავღანეთში მხოლოდ ერთი ჯარისკაცი ჰყავდა. ლიტვის კონტინგენტის შემადგენლობაში, გურის პროვინციაში მსახურობდა ქართველი კაპიტანი გვალია, რომელიც შემდეგ ლეიტენანტმა რევიშვილმა შეცვალა.

2009 წლის 17 ნოემბერს ქაბულში, ფრანგული სარდლობის ქვეშ - სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ასეული - 173 ქართველი მეომარი იქნა გადასროლილი. 2010 წლის აპრილიდან კი, მათ უკვე ჰელმადის პროვინციაში, მესამე ქვეითი ბრიგადის, 31-ე ბატალიონის კიდევ 750 ქართველი სამხედრო დაემატათ.

სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი მათ შორისაა, ვინც ავღანეთში ქართული მისიის არათუ გაზრდის, პირიქით შემცირების მომხრეა. ის, კერძოდ ამბობს

„ვფიქრობ, რომ იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რაც ქვეყნის წინაშე არსებობს, დემოგრაფიული ვითარების და პოლიტიკური რისკების გათვალისწინებით, ჩვენ ავღანეთში ამ რაოდენობით და ამ სახით არ უნდა ვმონაწილეობდეთ.

თუმცა, მიმაჩნია რომ მისიაში ჩვენი მონაწილეობა მცირე რაოდენობით არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. აქ მთავარი მომენტი არის პოლიტიკური სარგებლიანობა! ეხლა დავსვათ კითხვა, ეს პოლიტიკური სარგებელი რითი შეგვიძლია მივიღოთ - 20 ჯარისკაცით თუ 500 ან 1000 ჯარისკაცით?!

მე მიმაჩნია, რომ გარდა კარგი მადლობისა და ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით ქულების დაწერისა, ჩვენ პოლიტიკურ კონტექსტში სხვა სარგებელს ვერ ვიღებთ.

ავღანეთში ჩვენი თუნდა 2000 ან 5000 ჯარისკაცის მონაწილეობით ჩვენ ნატო-ში შესასვლელ ბილეთს არავინ მოგვცემს. ამას უნდა შევეგუოთ, იმიტომ რომ ამას 28 ქვეყნის პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება.“

პოლემიკა ავღანეთში ქართული კონტიგენტის რიცხოვნობის შესახებ, განსაკუთრებით 2010 წლის სექტემბრიდან გამძაფრდა, როცა ჰელმანდის პროვინციაში ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა და ათზე მეტი მძიმედ დაიჭრა. ხუთ სექტემბერს ასმეთაური, ოფიცერი მუხრან შუკვანი დაიღუპა, ხოლო კაპრალმა ალექსანდრე გითოლენდიამ ორივე კიდური დაკარგა.

30 სექტემბერს კი პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე და კაპრალები გიორგი კოლხიტაშვილი და ნუგზარ კალანდაძე აფეთქდნენ ნაღმზე.

ამ დანაკარგის მიუხედავად, თადარიგის პოლკოვნიკი, ექსპერტი გიორგი თავდგირიძე ფიქრობს, რომ საქართველოსთვის ამ მისიაში ყოფნა უაღრესად მნიშვნელოვანია

„თუ ვსაუბრობთ, ზოგადად, თეორიულად და პრაქტიკულად რამდენად მიზანშეწონილია საქართველოს სახელმწიფოსთვის მისია ავღანეთში? პრაქტიკული თვალსაზრისით ამას აქვს რამდენიმე გამოხატულება.

ეს არის 12-15 მილიონი დოლარი, რომელსაც საქართველო ამ მისიაში ხარჯავს. სხვა ყველანაირი უზრუნველყოფა არის ნატოს ეგიდით. ეს არის დაახლოებით ერთი ამერიკული ტანკის „აბრამსის“ ფასი.

აქედან გამომდინარე ნებისმიერ შემთხვევაში ეს არ არის დიდი თანხა. ფინანსურად საქართველოს ეს ოპერაცია ძვირი არ უჯდება. თავისთავად ამ ოპერაციაში პრაქტიკულ საბრძოლო გამოცდილების აქვს მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი როლი და პოლიტიკური თვალსაზრისითაც ეს მისია არის ძალიან მნიშვნელოვანი.“

შეუძლია თუ არა თავდაცვის სამინისტროს ავღანეთში კიდევ ერთი ბატალიონი გააგზავნოს?! გარე და შიდა საფრთხეების გათვალისწინებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება ხომ არ შეასუსტებს ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოებას?! ეს არის კითხვები, რომლებზეც სამხედრო ექსპერტები პასუხებს ეძებენ.

დღეისათვის, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ხუთი ქვეითი და ორი საარტილერიო ბრიგადაა. თუ საქართველომ კიდევ ერთი ბატალიონის გაგზავნა გადაწყვიტა მაშინ მისიაში ქართველი ჯარისკაცების რიცხვი 1673-მდე გაიზრდება.

თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი მელითაური, რომელიც 2003 წელს თავად ხელმძღვანელობდა კოსოვოში ქართველ სამშვიდობოთა ასეულს, ამბობს

„ჩვენთვის ავღანეთის მისიაში სამხედრო თვალსაზრისით მონაწილეობას აქვს ფასი იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეობას მივიღებთ, მინიმუმ ბატალიონით. აქედან გამომდინარე, თუ ვმონაწილეობთ, უნდა მივიღოთ მონაწილეობა ერთი ბატალიონის დონეზე მაინც.

ბრიგადის გაგზავნა ანუ ბრიგადის დონეზე მონაწილეობა ავღანეთში, როგორც ეს იყო ერაყში, ჩემის აზრით, ცოტა გადამეტებულია. გარდა იმისა, რომ ეს არ იქნება ადექვატური საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობასთან შეფარდებაში, აგრეთვე, ამ ეტაპზე ჩვენ პრაქტიკულად არ გვყავს არცერთი ბრიგადის მეთაური, რომელიც შეძლებდა ამ მისიაში ბრიგადის გაძღოლას.

აი ეს არის ჩვენი უდიდესი პრობლემა პროფესიონალიზმი, ბატალიონის დამატების შემთვევაში, ასეა თუ ისეა ამას მოვახერხებთ.“

დღეს ყველაზე ცხელ ავღანურ წერტილში - ჰელმანდის პროვინციაში, თავდაცვის სამინისტროს მესამე ბრიგადის 32-ე ბატალიონის 749 მებრძოლი იბრძვის. მათ შარშან, ოქტომბერში, ყველაზე უფრო დაზარალებული - 31-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა ჩაანაცვლეს.

მეორე კვირაა საქართველოს სამხედრო მისიას ავღანეთში ახალი ხელმძღვანელიც ჰყავს - პოლკოვნიკი ბერიძე, როტაციის წესით, ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა ოფიცერმა, გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების უკვე ყოფილმა სარდალმა ნიკა ჯანჯღავამ შეცვალა. ექსპერტთა აზრით, ეს გადაადგილებაც იმაზე მიუთითებს, რომ „ავღანურ ფრონტზე“ ბევრი ცვლილებაა მოსალოდნელი.

XS
SM
MD
LG