ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში საქართველოს დანაკარგები იზრდება


შალვა ფაილოძე

შაბათს, მარტვილის რაიონის სოფელ ხუნწში მიწას 23 წლის შალვა ფაილოძეს მიაბარებენ. ავღანეთში დისლოცირებული მე-2 ქვეითი ბრიგადის, 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის კაპრალს, რომელიც ჰელმანდის პროვინციაში ნაღმზე აფეთქდა.

ტრაგიკული შემთხვევა ჯერ კიდევ გასულ წელს, 30 დეკემბერს მოხდა. აფეთქებისას კაპრალი ბესარიონ ნინიაშვილი ადგილზე დაიღუპა, კაპრალ ფაილოძის გადარჩენას კი ექიმები რამდენიმე დღის მანძილზე უშედეგოდ ცდილობდნენ. ფაილოძის ცხედარი მშობლიურ სოფელ ხუნწში 8 იანვარს ჩაასვენეს.

თავდაცვის სამინისტროში არ აკეთებენ კომენტარს, დაზარალდნენ თუ არა ამ ინციდენტისას სხვა ქართველი მეომრები. კაპრალი ფაილოძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლიდან ირიცხებოდა. ავღანეთში პირველად 2010 წელს იმყოფებოდა, რისთვისაც მედალი „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“ მიიღო.

შალვა დაოჯახებული არ იყო, მარტვილის რაიიონში იგი დედ-მამასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა. ეს უკვე მეორე ქართველი ჯარისკაცია, რომელიც ბოლო თერთმეტი დღის მანძილზე, ავღანეთში დაიღუპა.

სულ საქართველომ ავღანეთის ოპერაციაში უკვე თორმეტი ჯარისკაცი დაკარგა. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს დანაკარგები, სამშვიდობო კონტიგენტის გაზრდასთან კიდევ უფრო გაიზრდება.

„ეს არის ჩვენი განსაკუთრებული კონტრიბუცია. მე სამწუხაროდ ამას პოლიტიკურ მსხვერპლს ვეძახი, რომელსაც სააკაშვილი საკუთარი იმიჯის გასაძლიერებლად გაიღებს.

როცა თითქმის ყველა სხვა ქვეყანა ავღანეთში სამხედროების რიცხვს მკვეთრად ამცირებს, ამ ვითარებაში რა თქმა უნდა წარმოიქმნება დეფიციტი და ამ დეფიციტის შევსებაში, თუ რომელიმე ქვეყანა ამერიკის შეერთებულ შტატებს თავის დახმარებას შესთავაზებს, შეერთებული შტატები რა თქმა უნდა თავის კმაყოფილებას გამოხატავს. საქართველოსთან მიმართებაში ეს სწორედ ის შემთხვევაა.“

საქართველოსგან განსხვავებით, რომელიც 2012 წელს კიდევ ერთი ბატალიონით ზრდის ავღანურ კონტიგენტს, ISAF-ის მსხვილი კონტრიბუტორები თავიან სამხედრო შენაერთებს პირიქით ამცირებენ.

კანადის პარლამენტის გადაწყვეტილებით, გასული წლის დეკემბერში, კანადელმა სამხედროებმა მთლიანად დატოვეს ყანდაღარის რეგიონი. 2 800 კაციანი კონტიგენტიდან ავღანეთში მხოლოდ 950 კანადელი ინსტრუქტორი დარჩა, რომლებიც ავღანელ სამხედროებს გაწვრთნიან.

5 იანვარს გორის პროვინციის ქალაქი ჩაგჩარანი დატოვა ლიტვის კონტიგენტმა. 2012 წელს ავღანეთს ასევე დატოვებს 33 ათასი ამერიკელი, 1000 ფრანგი და 500 ბრიტანელი ჯარისკაცი.

საკუთარ კონტიგენტებს შეამცირებენ მცირე კონტრიბუნტორებიც, ასეთი გადაწყვეტილება უკვე მიიღო შვედეთის პარლამენტმა. იგივეს აპირებენ ჩეხეთი, პოლონეთი, ფინეთი და ბელგია. გერმანია საკუთარი სამხედრო ნაწილების შემცირებას 2013 წლიდან დაიწყებს.

ამ ფონზე ექსპერტი მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ მოკავშირეები ოფიციალური თბილისის ინიციატივას - უფრო მეტი ქართველი ჯარისკაცი გაგზავნოს ავღანეთში, ყოველმხრივ წაახალისებენ.

„არ არის გამორიცხული, NATO-ს სამხედრო სარდლობამ ჩათვალა, რომ ქართველებმა ისეთი საბრძოლო გამოცდილება მიიღეს, ნებისმიერ რთულ უბანზე შეიძლება უკვე მათი გამოყენება. ვინც მიიღო კარგი საბრძოლო გამოცდილება, ზუსტად ისინი შეიძლება გადაისროლონ კიდევ უფრო რთულ უბნებზე და მათი ადგილი ჰელმანდის პროვინციაში ახლად ჩასულმა ქართულმა კონტიგენტმა დაიკავოს.

არ გამოვრიცხავ, ასევე რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ალღო აუღეს იმას, რომ ქართველების სახით ისინი ძალიან იაფად, ძალიან კარგ მებრძოლებს იღებენ და რატომაც არ გამოიყენებენ, როცა საკუთარი ჯარისკაცების შენახვა ბევრად უფრო ძვირი უჯდებათ?!“

პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობა ამტკიცებს, რომ „ავღანეთის ოპერაციით“ სამი გენერალური ამოცანის გადაჭრას ცრდილობს: ქართული საჯარისო ნაწილების გაწვრთნას; დასავლელი მოკავშირეებისგან პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებას და საქართველოსთვის იარაღის მოწოდებაზე არაოფიციალური ემბარგოს მოხსნას.

ეს თემები იქნა განხილული თბილისში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ამჟამად, ბრიტანეთის პარლამენტის წევრის ლაიამ ფოქსის ვიზიტისას, რომელიც დღეს დასრულდა. ლაიან ფოქსმა საქართველოს შეტანილ წვლილზე ავღანეთში კერძოდ ბრძანა

უპირველეს ყოვლისა, როგორც ყოფილ თავდაცვის მდივანს მომეცა შესაძლებლობა საქართველოს მთავრობისათვის მადლობა გადამეხადა ავღანეთის მისიაში თანამშრომლობისათვის. საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს ძალიან აფასებენ როგორც გაერთიანებულ სამეფოში, ასევე მთლიანად ISAF-ის მისიაში“.

საქართველოს, რომელიც 2009 წლის ნოემბერში ასეულის დონეზე ჩაება ავღანეთის ოპერაციაში, 2012 წელს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში უკვე 1675 ჯარისკაცი ეყოლება. ქართულმა კონტიგენმა ავღანეტში 2010 წელს ხუთი ჯარისკაცი დაკარგა, 2011-ში ავღანეთში უკვე ექვსი ქართველი მებრძოლი მოკლეს. 2012 წლის პირველივე თვეს კი ჰელმანდში, სოფელ ხუნწის მკვიდრი, კაპრალი შალვა ფაილოძე დაიღუპა.

ISAF-ის ოპერაციაში დაღუპული ქართველები

05/09/2010 ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

30/09/2010 პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

30/09/2010 სერჟანტი დავით ცეცხლაძე

30/09/2010 კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

30/09/2010 კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

22/02/2011 კაპრალი გიორგი ავალიანი

14/03/2011 კაპრალი ვალერი ვერსკიანი

24/05/2011 უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

20/06/2011 რიგითი გია გოგუაძე

01/09/2011 სერჟანტი რეზო ბერიძე

30/12/2011 კაპრალი ბესარიონი ნინიაშვილი

07/01/2011 კაპრალი შალვა ფაილოძე

XS
SM
MD
LG