ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი ავღანეთში


სააკავშილი ჰელმანდში
სააკავშილი ჰელმანდში

საქართველოს პრეზიდენტი გუშინ მოულოდნელად 2 საათიანი ვიზიტით, ჰელმანდის პროვინციაში ჩაფრინდა და იქ დისლოცირებულ, ავღანეთში ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების 31-ე ბატალიონის სამხედროებს შეხვდა.

სააკაშვილს თან თავდაცვის მინისტრი ახალაია და ვიცე პრემიერი ბარამიძე ახლდნენ. მედლებით „სამშობლოსთვის თავდადებული“ პრეზიდენტმა პირადად დააჯილდოვა ვიცე პოლკოვნიკი ელბაქიძე, კაპიტანი ნაკანი, უფროსი ლეიტანანტები ფილია და კელენჯერაძე და კაპრალი ლომიძე.

ქართველ სამხედროებს სააკაშვილმა ჰელმანდში ოპერატიულ სამხედრო ბაზაზე მიმართა, რომელიც მუხრან შუკვანის სახელს ატარებს. შუკვანი პირველი ქართველი სამხედრო იყო, რომელიც ავღანეთში დაიღუპა. იგი სწორედ 31-ე ბატალიონის ასმეთაური გახლდათ. ჰელმანდში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართველი სამხედროები მამაცი წინაპრების მძიმე გზას აგრძელებენ

„წარსულში მრავალ ძლიერ არმიას სწორედ ქართველები მეთაურობდნენ, სპარსეთის, ოსმალეთის, რუსეთის არმიებს და ბოლოს, რამდენიმე წლის წინ ქართველი იყო ამერიკის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ანუ მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი არმიის მეთაური, გენერალი შალიკაშვილი.

ეს არის ქართველების სისხლში - ბრძოლა და თავის გამოჩენა! აქაც კი ავღანეთის მიწაზე, არა მხოლოდ ამ და წინა საუკუნეში, შუა საუკუნეების შემდეგ შემორჩა სოფლები, სადაც ცხოვრობენ ქართველები, გურჯები, როგორც აქ მათ ეძახიან და ისინი, აქ რუსული ოკუპაციის დროს ყველაზე გაბედულ მებრძოლებად ითვლებოდნენ, მათთან ყველაზე მეტად უჭირდათ საბჭოთა ჯარებს ბრძოლა.“

პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლის მთავარი მესიჯი იყო, რომ ავღანეთში ქართული ჯარი პირველ რიგში საქართველოს იცავს. სააკაშვილის თქმით, ქართველი ჯარისკაცები მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში მონაწილეობით ფასდაუდებელ გამოცდილებას იღებენ და რუსეთის ყველა მცდელობა ხელი შეუშალოს ქართული ჯარის აღმშენებლობას ჩაფლავდა.

პრეზიდენტმა საჯაროდ პირველად განაცხადა, რომ ქართული წარმოების ჯავშანმანქანა „დიდგორის“ გამოშვების შემდეგ, მიმდინარე კვირაში, კიდევ ერთი ქართული წარმოების სამხედო მანქანის „ლაზიკას“ გამოცდა დაიწყება.

სააკაშვილის თქმით, უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მომავალში საქართველოს საკუთარი ტერიტორიის დაცვაში დაეხმარება

„ახლახანს ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაგვეხმარება თავდაცვის გაძლიერებაში, არა უბრალოდ ოპერაციების წარმართვაში, როგორც ადრე იყო, არა უბრალოდ ანტიტერორისტულ ოპერაციების კოორდინაციაში, არამედ მომავალში ჩვენი საქართველოს ტერიტორიის დაცვაში.“

ქართველი სამხედროების ინფორმაციით, შუკვანის ბაზაზე, მაშინ როცა პრეზიდენტ სააკაშვილი ქართველ და ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად სადილობდა, თალიბების ჯგუფი მიმდებარე ტერიტორიის დანაღმვას შეეცადა, თუმცა ქართველებმა ისინი აღმოაჩინეს და გაანადგურეს.

სულ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო სამი წლის მანძილზე ავღანეთში 12 ჯარისკაცი დაკარგა. დეკემბერსა და იანვარში დაღუპული კაპრალები ნინიაშვილი და ფაილოძე, სწორედ 31-ე ბატალიონის მებრძოლები იყვნენ. ჰელმანდში ვიზიტის ბოლოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ კერძოდ აღნიშნა

„მინდა ხაზი გავუსვა იმას თუ რაოდენ კმაყოფილები იყვნენ სამხედროები როცა აქ ამ ტერიტორიაზე უმაღლესი მთავარსარდალი ნახეს. იმიტომ, ეს არის ყველაზე უკიდურესი წერტილი, შეიძლება ითქვას, რომ დღეს მსოფლიოში ეს არის ყველაზე ცხელი წერტილი, ამაზე ცხელი წერტილი რეალურად დღეს არ არსებობს.“

პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტს ჰელმანდის პროვინციაში, წინ უსწრებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის ოფიციალური ვიზიტი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში.

ვიზიტის ფარგლებში ვაშაძე ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზალმაი რასულს, ISAF-ის სარდალს ამერიკელ გენერალ ჯონ ალენს, გენერალ-მაიორ შონ მაკფარლანდს და გენერალ უილიამ ფრეიზერს შეხვდა. ვაშაძემ ავღანეთში ქართული სამშვიდობო კონტიგენტის კიდევ ერთი ბატალიონით გაზრდის საკითხები განიხილა.

პარალელურად, თბილისში უსაფრთხოების საკითხებში ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორის მრჩეველი აბდულ ალი შანსი იმყოფებოდა, რომელმაც ქართველი სამხედროების მოქმედებას ავღანეთში ასევე მაღალი შეფასება მისცა.

XS
SM
MD
LG