ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს სამხედრო დახმარება: რეალობა თუ პერსპექტივა?


ლეო პანეტა და ჯონ ალენი
ლეო პანეტა და ჯონ ალენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაქ ობამასთან პრეზიდენტ სააკაშვილის პირველი ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, მმართველი ელიტა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით, ამერიკასთან თანამშრომლობის თვისობრივად ახალ ხარისხში გადასვლაზე საუბრობს.

ობამა-სააკაშვილის შეხვედრის პარალელურად, თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, ჯერ თბილისში ავღანეთში ISAF-ის უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდალს, ამერიკელ გენერალ ჯონ ალენს შეხვდა, გასულ კვირას კი უკვე ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ამერიკის თავდაცვის მდივან ლეონ პანეტასთან ჰქონდა აუდიენცია.

ამ შეხვედრების შემდეგ, მინისტრმა ბაჩო ახალაიამ აღნიშნა, რომ ამერიკა განსაკუთრებულ აქცენტს არა მხოლოდ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებისთვის ქართველი ჯარისკაცების მომზადებაზე, არამედ, უშუალოდ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებაზე გააკეთებს. იგივე გაიმეორა ნატოში საქართველოს ელჩმა გეგა მგალობლიშვილმაც.

ბაჩო ახალაია: „სრულიად ახალი ფაზა ურთიერთობების ნიშნავს იმას, რომ თუ ჩვენ აქამდე ძირითადად იმ სამხედრო ნაწილების გაწვრთნასა და მომზადებაზე ვიყავით ფოკუსირებულნი, რომლებიც ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობენ;

ამიერიდან, შესაძლებლობა გვექნება ვიფიქროთ ისეთი სახის სამხედრო დახმარებებზე, რომლებიც ფოკუსირებული მთლიანად შეიარაღებული ძალების განვითარებაზე იქნება. ეს საბოლოო ჯამში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას უზრუნველყოფს.“

გეგა მგალობლიშვილი: „ეს არის ვაშინგტონში დაწყებული დიალოგის გაგრძელება, პრეზიდენტებს შორის ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმების. ძირითადი აქცენტი ბუნებრივია გაკეთდა იმაზე, რომ ISAF-ის ფორმატში მიმდინარე ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის გარდა იწყება თანამშრომლობის ახალი ეტაპი, რომელიც თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას მოიცავს. ყველა მიმართულებით შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, უახლოეს მომავალში შედგება საქართველოში ვიზიტები.“

სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის (GFSIS) ექსპერტს არჩილ გეგეშიძეს მიაჩნია, რომ ამერიკისგან თვისობრივად ახალი დახმარების მიღება, მათ შორის სამხედრო სფეროში, მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზე თუ რამდენად დემოკრატიულად მოხდება საქართველოში არჩევნების გზით ხელისუფლების გადაცემა.

2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარება ასეთი დახმარების მიღებისთვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება 2014 წელს მიიღოს, როცა ანტიტერორისტული კოალიცია, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას დაასრულებს. ავღანეთიდან გამოყვანილმა სამხედრო ტექნიკამ კი საქართველოზეც უნდა გაიაროს - ამბობს არჩილ გეგეშიძე.

„ამერიკელებს უნდათ, რომ საქართველო მართლაც წარმატებული ქვეყანა იყოს, ამის შანსს აქ ხედავენ და ამბობენ, რომ აი, მე ვაპირებ უფრო სერიოზულად ვიზრუნო შენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე და გაძლიერებაზე, მაგრამ ეს ყველაფერი არის არა დღევანდელი, არამედ ხვალინდელი და ზეგინდელი დღის წესრიგის საკითხი.

ზეგამდე კი, მე შენგან მოველი სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ამან ერთგვარ წინაპირობად გაიჟღერა. თუ სამართლიანი არჩევნები შედგება და ხელისუფლების გადაცემაც ნორმალური პროცესის ფარგლებში მოხდა, მაშინ უკვე დაიწყება ამ დანაპირების შესრულება და მე ვვარაუდობ, რომ პირველი სერიოზული საუბრები 2013 წლის შემდეგ დაიწყება.

ასევე, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2014 წლიდან ავღანეთიდან დასავლური კოალიციის შეიარაღებული ძალების გამოყვანა დაიწყება. ასევე თუ გავიხსენებთ, რომ ავღანეთის ოპერაციის უზრუნველყოფა, პაკისტანის მიმართულების გარდა, ხდება „ჩრდილოეთის განაწილების ქსელით“ - ერთი ლატვია-რუსეთზე და მეორე საქართველო-აზერბაიჯანი-ცენტრალურ აზიაზე გამავალი კორიდორებით.

სწორედ ამ კორიდორებით მოხდება ავღანეთში კოალიციის სამხედრო ტექნიკის გამოტანა უკან. ამერიკის შეერთებული შტატების პრაქტიკაში კი არსებობს, ის, რომ თავიანთი მოკავშირეების ინტერესებიდან გამომდინარე. ხანდახან, ზედმეტი, მეორადი მოხმარების ტექნიკას შედარებით იოლად ელევიან ხოლმე.

თუ კი ჩვენ იმ დროისთვის უფრო სანდო და პროგნოზირებად პარტნიორებად ჩავითვლებით, შესაძლოა შეიარაღების მოწოდებაზე უფრო კონკრეტული პასუხი მივიღოთ.“

კონკრეტულად რა მიმართულებით და რა ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს პენტაგონი ამჯერად საქართველოს ამ ეტაპზე უცნობია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, თებერვლის ბოლომდე საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვევა, რომელიც ქართულ მხარესთან ერთად, ახალი თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებს დაგეგმავს. ამ ვიზიტის შემდეგ, ამერიკის ახალი სამხედრო დახმარების პროგრამის შესახებ უფრო მეტი რამ გახდება ცნობილი.

XS
SM
MD
LG