ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა როკის გვირაბის გაფართოება დაიწყო


როკის გვირაბი

2011 წლის ბოლოს ტრანსპორტის გატარებას როკის სათადარიგო გვირაბიც შეძლებს

რუსეთის ხელისუფლებამ როკის გვირაბის მაშტაბური რეკონსტრუქცია დაიწყო. ოთხ კილომეტრიანი კორიდორი ერთადერთი გზაა, რომელიც რუსეთს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან აკავშირებს.

კრემლი გვირაბის რეკონსტრუქციას ფედერალური სამთავრობო პროგრამის „რუსეთის სატრანსპორტო სისტემების განვითარების“ ფარგლებში ახორციელებს. გვირაბში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები რუსეთის ერთ-ერთმა უდიდესმა სადაზღვევო კომპანია „გეფესტმა“ მილიარდ 600 მილიორ რუსულ რუბლად დააზღვია, რაც დაახლოებით 58 მილიონი დოლარია.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს წინასწარი გათვლებით, როკის გვირაბის სრულ რეკონსტრუქციას დაახლოებით 23 მილიარდი რუბლი ანუ 822 მილიონი დოლარი დასჭირდება. რუსეთის ფედერაციის სუბიექტის ჩრილოეთ ოსეთის ეკონომიკის მინისტრმა ზაურ კუჩიევმა კერძოდ განაცხადა:

„როკის გვირაბის რეკონსტრუქციის შემდეგ, იმას, რასაც დღეს ჩვენ პროექტის სახით, ქაღალდზე ვხედავთ, უკვე რეალურად დავინახავთ. ეს პროექტი რუსეთის სპეციალური მშენებლობების ფედერალური სააგენტოსა და გზების ფედერალური სააგენტოს ერთობლივი მონაწილეობით შეიქმნა. პროექტის დასრულების შემდეგ, ჩვენ უკვე, ასე რომ ვთქვათ, ევროპული დონის გვირაბს დავინახავთ.“

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის მთავრობა აპირებდა როკის გვირაბის რეკონსტრუქცია ბელურუსიის ერთ-ერთი სახელმწიფო კომპანიისთვის ჩაებარებინა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება შეიცვალა.

ტენდერში რუსეთის ერთ-ერთმა უდიდესმა სამშენებლო კომპანია „მოსტმა“ გაიმარჯა. „მოსტი“ სოჭის ზამთრის ოლიმპიადისთვის მიმდინარე გრანდიოზული მშენებლობების მთავარი შემსრულებელია.

იქედან გამომდინარე, რომ როკის გვირაბის სარეკოსტრუქციოდ დაკეტვა სამხრეთ ოსეთის გარესამყაროს მოწყვეტას ნიშნავს, „მოსტის“ ინჟინრებმა როკის გვირაბის გვერდზე გამავალი საევაკუაციო-ტექნიკური გვირაბის გაფართოება დაიწყეს.

დაგეგმილია, რომ ძირითადი გვირაბი სწორედ მას შემდეგ დაიხურება, რაც სათადარიგო გვირაბის მოწყობა დასრულდება. სამუშაოებზე პასუხისმგებელი „ბამტუნელსტროის“ დირექტორი ვიქტორ გრიდასოვი ამბობს:

„ერთი წლის განმავლობაში აქ საავტომობილო მოძრაობა გაიხსნება.სათადარიგო გვირაბში იქნება ჩვეულებრივი რევერსული მოძრაობა. ვინაიდან გვირაბის სიგანე ორივე მიმართულებით ავტომობილების გატარებას გამორიცხავს, ჯერ გაატარებენ რამდენიმე მანქანას ერთი მიმართულებით, შემდეგ გააჩერებენ მოძრაობას ამ ნაკადისთვის და გაატარებენ მანქანებს საპირისპირო მიმართულებით.“

პარალელურ რეჟიმში, რუსეთის მთავრობა 110 კილოვოლტიანი საჰაერო-საკაბელო ხაზის მონტაჟსაც ახორციელებს, რომელიც დღეს არსებული 110 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის სარეზერვო ვარიანტად განიხილება.

ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში უკვე დასრულებულია 60 დან 45 რკინის კონსტრუქციის დადგმა, საჰაერო კაბელი როკის გვირაბის ჩრდილოეთი ფლიგელიდან ჯავის რაიონის სოფელ როკამდე გაიჭიმება.

რუსეთმა ადრე არსებული გზა საქართველოს რეგიონის ოკუპაციისთვის ეფექტურად გამოიყენა და დღეს უკვე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას ახდენს.

2008 წლის აგვისტოში, სწორედ როკის გვირაბის გამოყენებით შემოიჭრა საქართველოში რუსეთის 58-ე არმიის 250-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა, რამაც ყველაფერთან ერთად, სატრანსპორტო ინფრასტუქტურაც გაანადგურა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამხრეთ საქართველოში ვიზიტისას როკის გვირაბთან დაკავშირებით კერძოდ განაცხადა:

„საქართველოში ბოლო ეპოქაში, ბოლო საუკუნეებში, აშენდა სამი მნიშვნელოვანი გზა, პირველი გზა იყო ქართული სამხედრო გზა, რომლის მიზანი იყო კავკასიისა და საქართველოს თავისუფლების მოსპობა, დამონება, დაკაბალება და კოლონიზაცია.

იყო მეორე გზა - როკის გვირაბი, რომლის მისია და პირდაპირი ფუნქცია იყო საუკუნებრივი კავშირების ჩაჭრა, რომელიც არსებობდა საქართველოს ამ რეგიონსა და დანარჩენ რეგიონებს შორის.

ისტორიული კავშირები, რომელიც აკავშირებდა სხვა და სხვა ეთნიკურ ჯგუფებს ამ გზის შედეგად დაზარალდა და განაგდურებულ იქნა და ეს არის მესამე გზა, რომელიც არის სრული საწინააღმდეგო იმისა, რაც იყო როკის გვირაბი.

ვინაიდან ეს არის საქართველოს გაერთიანების, საქართველოს რეგიონების ერთ მუშტად შეკვრის და საქართველოს საბოლოო განთავისუფლებისკენ მიმავალი გზა.“

როკის გვირაბის მშენებლობა 1975 წელს დაიწყო და 1983 წელს დასრულდა. ექსპლუატაციაში კი 1986 წელს შევიდა. გვირაბის სიგრძე 3 660 მეტრია და ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარეობს.

საბჭოთა საქართველოს იმდოინდელი ელიტა რუსეთთან დამაკავშირებელი გვირაბის გაჭრას ეწინააღდეგებოდა და უკიდურეს შემთხვევაში გვირაბის მამისონის უღელტეხილზე გაყვანას ემხრობოდა. თუმცა, საბჭოთა მოსკოვის გადაწყვეტილებით გვირაბი სწორედ სოფელ როკთან გაიჭრა.

როკის გვირაბით, ჩრდილოეთელი და სამხრეთელი ოსების დაკავშირებამ, ჯერ ოსურ სეპარატიზმს ჩაუყარა საფუძველი, შემდეგ კი რუსეთის მიერ ისტორიული შიდა ქართლის უზარმაზარი ტერიტორიის ოკუპაციასაც შეუწყო ხელი.

XS
SM
MD
LG