ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრძოლა გალის თხილისთვის


ივორ პრიკეტის (Panos Pictures) ფოტო

საოკუპაციო რეჟიმმა აფხაზეთში თხილის ბიზნესის ტოტალური გაკონტროლება დაიწყო, რომლის მთავარი მიზანია, გალის რაიონში აღებული თხილის მოსავალი საქართველოს ბაზრებზე აღარ მოხვდეს.

1 სექტემბრიდან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სპეციალურად, „საექსპორტო თხილისთვის“, ამოქმედდა ახალი „საბაჟო მოსაკრებელი“ - ერთ კილოგრამ გაურჩეველ თხილზე - 25 რუსული რუბლი ანუ დაახლოებით 90 თეთრი, ხოლო კილოგრამ გარჩეულ თხილზე -35 რუსული რუბლი, დაახლოებით ერთი ლარი და ექვსი თეთრი.

საოკუპაციო რეჟიმი იმედოვნებს, რომ ახალი „მოსაკრებელი“ ეკონომიკურად წამგებიანს გახდის გალიდან თხილის ზუგდიდში ტრანსპორტირებას, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. ზუგდიდში ამ დროისთვის გაურჩეველი თხილის ფასი, ხარისხის მიხედვით, 4-დან 7 ლარამდე მერყეობს.

ნიშანდობლივია, რომ ჯერ კიდევ სერგეი ბაღაფშის მმართველობის პერიოდიდან (2006 წლიდან), გალის მოსახლეობას თავისუფლად შეეძლო, საოკუპაციო ხაზზე, 50 კილოგრამი ტვირთის, მათ შორის თხილის გადატანაც. დღეს ეს წესიც იცვლება.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი გალში თემურ ნადარაია აფხაზურ ტელევიზიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ გალში თხილის ბიზნესი ამიერიდან უნდა დაიბეგროს ისე, რომ წილი მიიღონ.

„გალელს 50 კილოგრამი თხილი ყოველ დღე გადააქვს საქართველოში და დღეში, იგი რამდენჯერმე გადადის იქეთ. სწორედ ამიტომ მივმართეთ მთავრობას, რომ შემოგვეღო მოსაკრებელი, 2 კილოგრამ თხილზე მეტის გატანის შემთხვევაში.

რატომ დავიწყეთ დღეს თხილზე საუბარი? მსოფლიო ფასი თხილზე გაიზარდა 4-ჯერ და 5-ჯერ. ეს არის ერთგვარი ზეშემოსავლები და ბუნებრივია, სახელმწიფომ თავისი წილი უნდა მიიღოს ამ მაღალი შემოსავლებიდან.“

დღეისათვის, ოკუპირებულ გალის რაიონში ნახევარი ჰექტარი თხილნარი იბეგრება 370 რუსული რუბლით ანუ დააახლოებით, 13 ლარით; ერთი ჰექტარი ზრდასრული თხილის პლანტაცია - 2250 რუბლით ანუ დაახლოებით 90 ლარით; ჰექტარი ახალგაზრდა თხილნარი - 1125 რუბლით ანუ 40 ლარით, ხოლო ერთი ჰექტარი მიწა ერთწლიანი კულტურით 750 რუბლით ანუ 27 ლარით. იგივე გადასახადებია, მიწის არენდის შემთხვევაშიც. გალის ქართულმა მოსახლეობამ ეს გადასახადები 2015 წლის 15 ოქტომბრამდე, ანუ თხილის სეზონის დასრულებისთანავე უნდა გადაიხადოს.

ოკუპირებული გალის რაიონის ამჟამინდელი„ბიუჯეტი“ სულ 170 მილიონი რუსული რუბლია ანუ დაახლოებით, 6 მილიონი ლარია. „საშემოსავლოს“ და „მოგების გადასახადის“ 10 პროცენტამდე გაზრდით, საოკუპაციო რეჟიმი აპირებს მუნიციპალური „ბიუჯეტი“, რომელიც ამჟამად დოტაციურია,გააორმაგოს.მთავარი აქცენტი აქაც თხილზე კეთდება. ოკუპირებული გალის ადმინისტრაციის მეთაური თემურ ნადარაია ამბობს, რომ 2015 წელს, გალის რაიონში, დაახლოებით, 12 000 ტონა თხილის მოსავალს ელიან

„ჩვენი მონაცემებით, არანაკლებ 12 000 ტონა თხილის მოსავალი აღებული და რეალიზებული იქნება გალის რაიონში. თუ შარშანდელ ფასს გავიხსენებთ, გამშრალი თხილის საშუალო ფასი 300 რუბლი იყო. ეს ნიშნავს, რომ მომავლ წელიწადნახევარში, რაიონში უნდა შემოვიდეს, 3 მილიარდ 600 მილიონი რუბლი ამ ბიზნესიდან.“

ბოლო ათწლეულში თხილი საქართველოს ერთ-ერთ ძირითად საექსპორტო პროდუქტად იქცა. თუ 2005 წელს, საზღვარგარეთ 57 მილიონი დოლარის ქართული თხილი გაიყიდა, 2014 წელს, ამ მაჩვენებელმა უკვე 183 მილიონი დოლარი შეადგინა. 2015 წლის იანვარ-ივლისში კი უცხოეთში, 75 მილიონი დოლარის ქართული თხილია გასული.

საქართველოს თხილის რეგიონებიდან, ყველაზე დიდ შემოსავალს თხილის ექსპორტით, სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობა იღებს; ბოლო წლებში, გალში აღებული თხილის მოსავლის დიდი ნაწილი, სწორედ სამეგრელოში გადმოჰქონდათ და ის ავტომატურად, ქართული საექსპორტო თხილის ნაწილი ხდებოდა.

2014 წლიდან, გალის რაიონიდან, თხილის ექსპორტის მცირედი ზრდა შეინიშნება, უკვე, ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში, რასაც ხელის შეუწყო მოსკოვის მიერ სოხუმისთვის საბაჟო ინდექსის ღირებულების შემცირებამ. 2015 წლის იანვარ-ივნისში ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში 842 ტონა თხილი შევიდა.გალისა და ოჩამჩირის რაიონებიდან თხილის არალეგალური ექსპორტი, გემებით, ასევე, ხდება თურქეთის მიმართულებითაც, თუმცა ამ ექსპორტის აღრიცხვა შეუძლებელია.

XS
SM
MD
LG