ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

20 წელი ლათას ტრაგედიიდან


ლათაში დაღუპულთა მემორიალი გუდაუთაში

ლათას შემზარავ ტრაგედიას ოფიციალური ქართველი პირი პირველად გამოეხმაურა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:59 0:00
ბმული

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პირველი ქართველი ოფიციალური პირია, რომელიც ბოლო 20 წლის მანძილზე ლათას შემზარავ ტრაგედიას გამოეხმაურა.

1992 წლის 14 დეკემბერს ტყვარჩელის რაიონის სოფელ აკუარჩაპანიდან აფრენილი რუსეთის შეიარაღებული ძალების MI-8 ტიპის ვერტმფრენი, გულრიფშის რაიონის სოფელ ლათასთან ქართველმა მებრძოლებმა ჩამოადგეს.

ვერტმფრენს, რომელსაც რუსეთის ქალაქ სამარის სამკაციანი ეკიპაჟი მართავდა, ტყვარჩელიდან გუდაუთაში 82 ადამიანი გადაჰყავდა. მათ შორის 35 ბავშვი და 30 ქალი. ყველა მგზავრი ადგილზე დაიღუპა. დამწვარი ცხედრები მაშინვე გუდაუთაში გადაასვენეს და ქალაქის პარკში საერთო სასაფლაოზე დაკრძალეს.

აფხაზები ყოველწლიურად აღნიშნავენ ლათას ტრაგედიის თარიღს, როგორც 1992-93 წლების ომის ერთ-ერთ ყველაზე შემზარავ ეპიზოდს.

რეინტეგრაციის მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ლათას ტრაგედიასთან დაკავშირებით ბრძანა რომ ეს დღე აფხაზებთან ერთად ქართველებსაც უნდა ახსოვდეთ:

ზუსტად 20 წელი გავიდა ლათაში მომხდარი შემზარავი ტრაგედიიდან, როცა გაუგებრობის შედეგად ვერტმფრენი ჩამოაგდეს და მას რამდენიმე ათეული უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის უმეტესად ქალები და ბავშვები ემსხვერპლა.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვახსოვს ეს დღე და არ დაგვიწყებია. ასეთი დღეების გამო არ შეიძლება ომები საერთოდ დავუშვათ. ესაა ომების ყველაზე საშინელი სახე, როცა ხშირად, გაუგებრობის გამო სამხედროები იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენსა და აფხაზებს შორის დღეს არ არის ისეთი ურთიერთობა, რომელიც ორივეს ეკადრება, ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა გვახსოვდეს ეს დღე და ამას არ უნდა ვიხსენებდეთ.“

ლათას ტრაგედია, ქალაქ გაგრის დაცემიდან ერთ თვეში მოხდა, სადაც რუსმა, ჩრდილო კავკასიელმა და აფხაზმა მებრძოლებმა იქ დარჩენილი მოსახლეობა, დაახლოებით 1000-მდე ქართველი უსასტიკესი წამებით გაჟლიტეს.

1992 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებიდან კი რუსეთის არმიის რეგულარული ნაწილების დახმარებით, აფხაზებმა და ჩრდილო კავკასიელებმა ე.წ აღმოსავლეთის ფრონტის გახსნაც შეძლეს. რამდენჯერმე შეუტიეს ქალაქ ოჩამჩირეს, გადაწვეს ქართული სოფლები.

ამ ოპერაციებს აფხაზთა მხრიდან რამდენიმე ადგილობრივი ავტორიტეტი ხელმძღვანელობდა. მათ შორის, სოფელ ტამიშის მკვიდრი ასლან ზანთარია, რომელიც 1992 წლის აგვისტოდან, გენერალ ლეინენატ ვლადიმერ არშბასთან ერთად, ე.წ აღმოსავლეთის ფრონტსა და ტყვარჩელის დაცვას ედგა სათავეში. მოგვიანებით კი აძიუჟბა-ლაბრას მონაკვეთზე დივერსიულ ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.

ასევე, ეროვნებით რუსი სამხედრო ვლადიმერ ანცუპოვი. მოსკოვის სუვოროვისა და რიაზანის მედესანტეთა უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული აფხაზეთში 1968 წლიდან ცხოვრობდა. 1992 წლის ივნისში სოხუმში, სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოხდა აფხაზეთის ავტონომიის შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის გივი ლომინაძის სამუშაო კაბინეტიდან გამოძევება და ცემა.

ომის დაწყების შემდეგ ანცუპოვმა სამხედრო დაჯგუფება „კატრანი“ შექმნა და ოჩამჩირის რაიონში პარტიზანულ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში. ეს ადამიანები იყვნენ პასუხისმგებელნი 1992 წლის შემოდგომაზე, რამდენიმე ქართული სოფლის, მათ შორის კოჩარას გადაწვაზე და ასეულობით ქართველის სისხლზე.

ბუნებრივია, რომ ქართველებს მათი განადგურება სურდათ. სისატიკით გამორჩეული ასლან ზანთარია სექტემბერში ქართველებმა მძიმედ დაჭრეს, შემდეგ რუსებმა ვერტმრენით გადაიყვანეს გუდაუთაში, სამხედრო ჰოსპიტალში უმკურნალეს და ოქტომბერში უკანვე დააბრუნეს.

1992 წლის 14 დეკემბერს, ქართულ დაზვერვას სავარაუდოდ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ასლან ზანთარია და ვლადიმერ ანცუპოვი ტყვარჩელის დატოვებას ისევ რუსული ვერტმფრენით აპირებდნენ. თუმცა, დღემდე უცნობია, იცოდნენ, თუ არა რომ რუსულ MI-8-ს მათთან ერთად ამდენი ქალი და ბავშვი გადაჰყავდა?!

იმათგან ვინც ეს ამბები შეიძლება იცოდეს საუბარი არავინ ისურვა. აფხაზურ საზოგადოებაში არსებობს ვერსია, რომ ქართველებს ეს ინფორმაცია იმ აფხაზებმა მიაწოდეს, რომლებსაც ასლან ზანთარიასთან პირადი მტრობა ჰქონდათ.

საბოლოოდ, გაირკვა რომ ზანთარიასა და ანცუპოვთან ერთად, ვერტმფრენში კიდევ 12 მებრძოლი დაიღუპა, მათგან ორი დაქირავებული ადიღი და ერთიც დაჭრილი რუსი.

ფაქტობრივად, დადასტურდა, რომ ბლოკირებულ ტყვარჩელში ე.წ ჰუმანიტარული ავიარეისებით რუსებს ცოცხალი სამხედრო ძალაც გადაჰყავდათ და დაჭრილები გამოჰყავდათ, თუმცა ლათას შემზარავი ტრაგედიის მაშტაბებმა ყველა ეს ფაქტი თუ დანაშაული გადაფარა.

საინტერესოა, რომ სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ლათა ტრაგედია ჟენევის მოლაპარაკების 22-ე რაუნდის ჩაშლის შემდეგ გაიხსენა, რითაც მიანიშნა რომ ქართული პოლიტიკა იცვლება:

„ჟენევის მოლაპარაკებაზე ოსი და აფხაზი მონაწილეები არ აღმოჩდნენ მზად ახალ ქართულ მთავრობასთან დისკუსიისთვის. აქამდე ისინი კომფორტულად გრძნოდნენ თავს, სააკაშვილი, მისი პოლიტიკა, მათ არ ელაპარაკებოდა, და აქედან გამომდინარე, მათ ქართულ მხარესთან პრობლემები არ ჰქონდათ.

აშკარად გამოჩნდა, რომ ჩვენ მოვემზადეთ სერიოზულად და ვაპირებდით მათთან საკითხების განხილვას. რომ მიხვდნენ რომ აქეთთკენ მიდიოდა ყველაფერი ერთადერთი რაც გააკეთეს დემარში მოაწყვეს და გავიდნენ იმ თემების განხილვის დროს რომლებსაც წლებია თავად აყენებდნენ.“

ქართული საზოგადოება ლათას ტრაგედიის შესახებ ინფორმაციას ნაკლებად ფლობს. ალბათ იმიტომ, რომ აფხაზეთის ომმა ე.წ „საკუთარი“ ტრაგედიები თავზე საყრელად დაგვიტოვა.

ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ 20 წლის უკან ლათაში, რამდენიმე შერეული ქართულ-აფხაზური ოჯახი მთლიანად ამოწყდა. დაღუპულთა ჩამონათვალში შინკუბას, ცეიბას, ნანბას, გუნბას, ხაშბას და სხვა აფხაზურ გვარებთან ერთად ქართულ გვარებსაც შეხვდებით.

ლათაში ასევე დაიღუპნენ ლია ძიმისტარაშვილი და ფატი ლაგაზაშვილი. ლათას ტრაგედია გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხვდა, როგორც ვერტმფრენის ყველა დროის უდიდესი კატასტროფა.

XS
SM
MD
LG