ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისი რუსეთისთვის არასასურველ კანონს არ აუქმებს


"ოცნება" ოკუპაციის კანონის გადახედვაზე საუბრობს
"ოცნება" ოკუპაციის კანონის გადახედვაზე საუბრობს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:59 0:00
ბმული


საქართველოს ახალი მთავრობა ჯერჯერობით არ ჩქარობს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას. ეს კანონი 2008 წლის 23 ოქტომბრიდან განსაზღვრავს, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული ქართული მიწების სტატუსს და ადგენს ამ ტერიტორიების განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმს.

კანონით ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავისუფლად გადაადგილება შეზღუდულია. აფხაზეთში შესვლა შეიძლება მხოლოდ ზუგდიდის, ხოლო ცხინვალის რეგიონში გორის მხრიდან. კანონის ამ მუხლის დარღვევისთვის 200-მდე ადამიანი იქნა დაკავებული. ძირითადად, რუსეთისა და დსთ-ს ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც ჯარიმის გადახდის შემდეგ გაუშვეს.

ყველაზე გახმაურებული შემთხვევები იყო რუსი ბიზნესმენის კონსტანტინე როდიონოვისა და რუსეთის მოქალაქე, გალის რაიონის მკვიდრის ბელა ვეკუას დაკავება. მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდა.

როდიონოვი ჯერ გირაოს საფუძველზე, შემდეგ კი საპროცესო შეთანხმებით გაანთავისუფლეს. ბელა ვეკუამ კი ციხეში რვა თვე გაატარა და 2012 წლის 23 ნოემბერს, პრეზიდენტის შეწყალებით განთავისუფლდა.

2012 წლის 25 ნოემბერს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ ამ მუხლის დარღვევისთვის, ბათუმში, რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე ვალენტინა კისტანოვა დააკავა.

რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა კანონის გაუქმებას არ გეგმავს, თუმცა, ზოგიერთი მუხლი შეიძლება გადაიხედოს:

„არსად არ მითქვამს რომ კანონი უნდა გაუქმდეს ან იქედან სიტყვა ოკუპაცია უნდა ამოვიღოთ. პირიქით, ჩვენ გვაქვს კანონი „ოკუპირებული ტერიტიროების შესახებ“ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც, ჩვენ სამინისტრო გვაქვს, რომლის სახელიც ასე იწყება. ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. ანუ ეს სამართლის დონეზე ყველგან გაჟღერებულია.

მეორეს მხრივ, ჩვენი კანონმდებლობა, ჩემი მოსაზრებით საკმაოდ მკაცრია. განსაზღვრავს არა მხოლოდ ჯარიმას, არამედ თავისუფლების აღკვეთას. არა ერთი და ორი ფაქტი მომხდარა ასეთი, მე თვითონ ვეხმარებოდი სომხეთის მოქალაქეებს. მათ გადმოკვეთეს ფსოუ, შემდეგ ენგურის გამოვლით შემოვიდნენ ზუგდიდში, იქ სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება და ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

ჩემი აზრით, ეს არ უნდა იყოს საციხო საქმე. რა თქმა უნდა საქართველოს კანონის დარღვევაზე ყველამ უნდა აგოს პასუხი, მაგრამ პირველ რიგში, მგონია რომ აჯობებს იყოს გაფრთხილება.“

რუსეთის ფედერაცია დიდი ხანია ითხოვს საქართველოსგან ამ კანონის გაუქმებას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შარშან მზად იყო საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებაზე მოლაპარაკება დაეწყო, თუ ოფიციალური თბილისი „ოკუპირებული ტერიტიროების შესახებ“ კანონს გააუქმებდა.

წლის ბოლოს "აფხაზთა პრეზიდენტმა" ალექსანდრე ანქვაბმა მოითხოვა, რომ უცხოელი დიპლომატები, მათ შორის, საქართველოში აკრედიტირებულები, აფხაზეთში მხოლოდ ფსოუს საბაჟო გამშვები პუნქტიდან, ანუ რუსეთის მხრიდან შესულიყვნენ.

„ოკუპირებული ტერიტიროების შესახებ“ კანონი აფხაზეთსა და სამხეთ ოსეთში ასევე კრძალავს: ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას; საჰაერო და საზღვაო მიმოსვლას; სარკინიგზო მიმოსვლასა და საგზაო სატრანსპორტო გადაზიდვებს; ფულად გადარიცხვებსა და იქ არსებული რესურსებით სარგელობას.

კანონის ეს მოთხოვნები ხშირად ირღვევა, როგორც რუსეთის, ისე განსაკუთრებით, თურქეთის მოქალაქეების მიერ. შარშან, ნოემბრის ბოლოს, აფხაზეთში საქმიანი ვიზიტით, თურქეთის ქალაქ სიდეს მერი აბდულ კადირ უჩარი იმყოფებოდა.

საქართველოს პრემიერის ახალი სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ამბობს:

„თუ ჩვენ გამოვნახეთ საერთო ენა ამ ჩვენს მთავარ პრობლემებთან დაკავშირებით, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, თუ პროცესი დაიძრა და სერიოზული შედეგები მივიღეთ და ძალიან სერიოზულად წინ წავედით, მაშინ შეიძლება ჰიპოთეტურად დავუშვათ რომ ვაუქმებთ ან ვცვლით ამ კანონს. მაგრამ, ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ დღეს ვიღაცა სადღაც ჩუმად ზის და ამ კანონს ცვლის.“

განხვავებული მოსაზრება აქვს საგარეო მინისტრის ყოფილი მოადგილეს სერგი კაპანაძეს, რომელიც ამბობს, რომ კანონი ზედმიწევნით მოქნილია:

„ვერ ვხედავ აუცილებლობას იმისას, რომ ოკუპაციის შესახებ კანონი შეიცვალოს. იმიტომ, რომ გახდეს უფრო მოქნილი. უკვე არის იქ საკმარისად მოქნილი მექანიზმები ჩადებული. თუ არის რაიმე კონკრეტული პრობლემა ან რაღაც საკითხები, რომლებსაც ეს კანონი ხელს უშლის, მე მგონია რომ ამ კანონში არის ისეთი ინსტრუმენტები ჩადებული, იმდენად მოქნილია, რომ ეს ყველაფერი კანონისვე გამოყენებით იქნას მოგვარებული.“

კანონი „ოკუპირებული ტერიტიროების შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა 2008 წელს, ორი თვის თავზე მიიღო, მას შემდეგ რაც რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა სცნო.

კანონი ასევე ადგენს, რომ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით დადებული ნებისმიერი გარიგება ოკუპირებულ ტერირორიებზე დადების მომენტიდან ბათილად ითვლება და სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს.

საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური ნიშნით დევნილი 277 000 ადამიანია რეგისტრირებული, რაცა საქართველს მთლიანი მოსახლეობის ექვს პროცენტზე მეტია.

XS
SM
MD
LG