ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოსახლება "სამშობლოდან": სახელმწიფო დევნილებს ერთმანეთს უპირისპირებს


380 დევნილი ოჯახი დახმარებას ითხოვს

დევნილები - ყველაზე უუფლებო ადამიანები საქართველოში

380 დევნილი ქართული ოჯახი კიდევ ერთხელ აღმოჩნდება ღია ცის ქვეშ. ეკონომიკის სამინისტროს 23 ივლისს აუქციონზე გააქვს თბილისის ცენტრში, კოსტავას ქუჩაზე, გამომცემლობა „სამშობლოს“ ყოფილი შენობა.

სოხუმელი ვერონიკა ქობალიას უწყებამ ეს ობიექტი 12 მილიონ ამერიკულ დოლარად შეაფასა. პოლიციამ იქ მცხოვრებ დევნილებს 27 ივლისამდე მისცა ვადა, თავისი ნებით დაცალონ შენობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ, ძალის გამოყენებით გამოყრიან. გაგრიდან დევნილი ნელი მალანია ამბობს:

დღეს მოდის უშიშროება და გვაძლევს ექვს სამუშაო დღეს, რომ ჩვენ სამშაბათს უნდა დავცალოთ შენობა. კი ბატონო დავცლი, მაგრამ სად წავიდე, რატომ არ მეკითხებიან. ბატონი პრეზიდენტი ჩვენ გვიწოდებს შევარდნაძის დევნილებს, მისი დევნილები, კოდორის და სამაჩაბლოს ხალხი გუშინ დაიბარეს სამინისტროში, რაღაცეებს შეპირდნენ, ჩვენ აფხაზეთის ხალხი დაგვტოვეს ასე.

ნუთუ, ერთხელ მაინც არ ჩაუფიქრდა ბატონი პეზიდენტი, როგორ შეიძლება საქართველოში ორ ნაწილად გაიყოს დევნილები. რას ნიშნავს "სააკაშვილის დევნილები" და "შევარდნაძის დევნილები" ძალიან მაინტერესებს, ვერ გავიგე რატომ ვარ შევარდნაძის დევნილი და რატომ დღევანდელ პრეზიდენტს არ ვეკუთნი.

თუ შევარდნაძის დევნილი ვარ, მაშინ ამ მთავრობამ მოსთხოვოს შევარდნაძეს და დამაკმაყოფილონ. მიუხედავად იმისა, რომ მეკუთვნის დიდი კომპენსაცია, მე არ ვითხოვ იმას რაც გაგრაში მქონდა, უბრალო თავშესაფარს ვითხოვთ, ამ ხალხთან ერთად და იმასაც არ გვაძლევთ?!“

დევნილმა თინა შავაძემ არ იცის სად წაიყვანს მცირეწლოვან ბავშვებს სამშაბათს, როცა დროებით საცხოვრებელს დაატოვებინებენ.

„ჩვენი მოთხოვნა ის არის, რომ როცა აქედან გაგვიყვანენ, დაგვაკმაყოფილონ. ქუჩაში არ გაგვყარონ. ნუ გაგვწირავენ, ისედაც გაწირულები ვართ. ხის ძირში ბევრი ღამე გაგვითევია და ისევ ხის ძირში ნუ დაგვყრიან.

ბავშვი, აი გეფიცებით ამას, ღამე მეკითხება, დედიკო ხვალ სად უნდა წავიდე. მე თვითონ ვარ ტრავმირებული, ჩემი შვილები არიან ტრავმირებულნი. მთელი ცხოვრება ასე, სანამდე შეიძლება გაგრძელდეს.“

გამომცემლობა "სამშობლოს" ყოფილი შენობა დევნილებმა რუსეთთან აგვისტოს ომის დღეებში დაიკავეს, თავდაპირველად აქ ცხინვალის რეგიონიდან გამოყრილი ადამიანები შევიდნენ, შემდეგ კოდორის ხეობის მცხოვრებლები. ბოლოს, შენობის ნაწილი აფხაზეთიდან დევნილებმა დაიკავეს, რომლებსაც, თავის დროზე სასტუმრო „ივერია“ კომპენსაციის გადახდით დააცლევინეს.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელი ეკა გულუა ამბობს, რომ დევნილთა ძალიან მცირე ნაწილს აქვს შანსი თავშესაფარი მიიღოს.

„აქ არის დევნილთა სამი კატეგორია. ერთი ნაწილი არის კომპენსირებული. ანუ სახელმწიფოს მხრიდან ერთხელ უკვე დაკმაყოფილებული. და მათი მეორედ და მესამედ დაკმაყოფილება ვერ მოხდება.

მეორე ნაწილია, რომელსაც საცხოვრებელი ფართები დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში გააჩნიათ და ხდება საცხოვრებელი ფართების ყიდვა-გადაყიდვა და სხვა ადამიანების შეცდომაში შეყვანა.

არის ძალიან მცირე ნაწილი, გამონაკლისი, რომელთაც არ გააჩნიათ ფართი, თუმცა მათთვის, სახელმწიფომ გაარემონტა ობიექტები და რეგიონებში ვთავაზობთ საკუთრებაში სრულად რეაბილიტირებულ ობიექტებს.“

სინამდვილეში, როგორც „ამერიკის ხმამ“ გაარკვია, კერძო ინვესტორისგან ოჯახზე, 7 000 აშშ დოლარის მიღების შემდეგ, სასტუმრო "ივერიიდან" 2004 წელს გამოსულ დევნილთა უდიდესმა ნაწილმა ქონების შეძენა ვერ შეძლო და უმძიმეს პირობებში, ქირით, თანაც ნათესავებს შეკედლებულებს უწევთ ცხოვრება.

მაშინდელი გაუთვლელი და ნაჩქარევი ნაბიჯით, ხელისუფლებამ ეს ხალხი კიდევ ერთხელ გაწირა და თავიდან მოიშორა. „ახალი“ დევნილების გაჩენის შემდეგ, ე.წ „ძველი“ დევნილების პრობლემებით უკვე აღარავინ ინტერესდება, უფრო მეტიც, ხელისუფლება მათ შორის დაპირისპირებას აღვივებს. გამოცემლობა "სამშობლოში" მცხოვრები დევნილი, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა გვიყვება:

„ცხინვალელ, კოდორელ და დანარჩენი აფხაზეთიდან დევნილებს შორის მიდის დაპირისპირება. არ ვიცი ეს სანამდე გაგრძელდება, მაგრამ უკვე სერიოზული სახე მიიღო. ეს არის მთავრობის ინსპირირებული. მაგალითად, აქეზებენ დევნილებს ერთმანეთის მიმართ. ეუბნებიან ძველი დევნილი ვერ მიიღებს დახმარებას, მხოლოდ ახალი მიიღებს ფართს.

ახალ დევნილებს ეუბნებიან, ძველებს უკვე აღებული აქვთ კომპენსაცია და ისე გააკეთეთ, რომ თქვენ არ დარჩეთ ფართის გარეშეო. ამიტომ არის დაპირისპირება, რომ ახალმა დევნილებმა თვითონ გაყარონ ძველი დევნილები, ანუ თავად დევნილებს აიძულებელ შეასრულონ პოლიციის საქმე.“

მიუხედავამ იმისა, რომ უცხოური ფინანსური დახმარებიდან, სახელმწიფომ კოლოსალური თანხები დახარჯა დევნილთათვის ახალი საცხოვრებელი სახლების აშენებასა და ძველი ფართების გარემონტებაში ძველ და ახალ დევნილებს კვლავაც უმძიმეს მდგომარეობაში უწევთ ცხოვრება.

ახალი საპრივატიზაციო ტალღის აგორების შემდეგ კი კვლავ გრძელდება არაადამიანური და ცინიკური მეთოდებით დევნილთა გამოყრა სხვა და სხვა ობიექტებიდან. გასულ კვირას, ახტალაში პოლიციელები პირდაპირ ფანჯრიდან ყრიდნენ დევნილთა ნივთებს მორიგი გამოსახლების დროს. თბილისის საკრებულოს წევრი თინა ხიდაშელი ამბობს:

„ამ წლების განმავლობაში დევნილებს რომ მოენდომებინათ და საკუთარი ძალა რეალურად ეჩვენებინათ, ხელისუფლება ძალიან ბევრ რამეს ვერ გაბედავდა, ისეთს, რაც გაუბედა მათ.

შეუძლებელია, ადამიანი 14-18 წლის განმავლობაში ცხოვრობდეს იმ პირობებში, რა პირობებშიც არიან დევნილები დღეს საქართველოში. მაგალითად, სასტუმრო „უშბაში.“ თუმცა, ნებისმიერი კომპაქტური ჩასახლების ადგილი შეიძლება გამოვიყენოთ მაგალითისთვის. მაგრამ დევნილები ცხოვრობენ და აძლევენ ამის უფლებას ხელისუფლებას.“

გუშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ღია ეთერში „გაქსუებული“ და „სირცხვილი“ უწოდა ერთ-ერთ ყოფილ ჩინოვნიკს ეკონომიკის სამინისტროდან, რომელმაც 9 მილიონიანი ინვესტიცია კინაღამ ჩააგდო.

პრეზიდენტს უფრო მძაფრი ეპითეტების მოხმობა დასჭირდება თუ დევნილთა პრობლემატიკაში ცოტა უფრო ღრმად ჩაიხედავს და ეს ხალხი მხოლოდ წინასაარჩევნოდ არ გაახსენდება.

მაგალითისთვის, კვიპროსში 1974 წელს, თურქეთთან ომის შემდეგ, 150 ათასზე მეტი კვიპროსელი იქცა დევნილად, თუმცა უკვე ხუთი წლის შემდეგ, გააზრებული და, არა, კორუფციული პოლიტიკის წყალობით, ყველა დევნილს, კუნძულზე საკუთარი ახლად აშენებული ბინა ჰქონდა. საქართველოში კი 380 დევნილ ოჯახს 2010 წლის 27 ივლისს კიდევ ერთხელ დატოვებენ ღია ცის ქვეშ.

XS
SM
MD
LG