ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

25 წელი ომიდან, რომელშიც დავმარცხდით


1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმში დახვრეტილი აფხაზეთის არ-ის მთავრობის წევრები და მათი გარემოცვა, მალკოლმ ლინტონის ფოტო

„რუსეთი მომავალშიც გააგრძელებს მეგობარი აფხაზეთის დახმარებას სახელმწიფოებრივი მშენებლობის აქტუალური ამოცანებისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“ - ასეთი „გულწრფელი“ ტექსტით მიულოცა აფხაზეთის ოკუპაციის 25-ე წლისთავი რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აფხაზი სეპარატისტების ლიდერ ხაჯიმბას.

რუსი ოკუპანტები და აფხაზი სეპარატისტები ქართველთა ეთნიკური წმენდის „საიუბილეო თარიღს“ ოკუპირებული სოხუმის ცენტრში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს გადამწვარი შენობის წინ „სამხედრო აღლუმით“ აღნიშნავენ.

„აღლუმი“ სწორედ იმ ადგილზე იმართება, სადაც 1993 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს სამი ეროვნული გმირი: ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია და მამია ალასანია აფხაზეთის მთავრობის სხვა წევრებთან და თანხლებ მებრძოლებთან ერთად ტყვედ ჩავარდნენ.

აფხაზური სეპარატიზმის „მამის“ ვლადისლავ არძინბას პირადი ბრძანებით და რუსეთის მაშინდელი მთავრობის დანაშაულებრივი გულგრილობით, ქართველი ტყვეები მუხანათურად დახვრიტეს, იმის მიუხედავად, რომ არსებობდა წინასწარი შეთანხმება მათი გაცვლის თაობაზე.

სოხუმის დაცემის შემდეგ 27-30 სექტემბრის მონაკვეთში, სეპარატისტების, ჩრდილო კავკასიელების, სომეხი და რუსი (კაზაკი) დაქირავებულების „სიკვდილის ბრიგადებმა“ აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე სისხლის კალოები დააყენეს. გადარჩნენ მხოლოდ ისინი, ვინც ზღვით, ჰაერით და საკენი-ჭუბერის უღელტეხილით ანუ „გოლგოთის გზით“ სიკვდილის ზონიდან გამოღწევა სასწაულად შეძლო.

საკენი-ჭუბერის უღელტეხილი, 1993 სექტემბერი
საკენი-ჭუბერის უღელტეხილი, 1993 სექტემბერი

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ აფხაზეთის 13 თვიან ომში დამარცხება მთლიანად რუსეთის მუხანათური პოლიტიკის შედეგია და საქართველომ NATO-ში ინტეგრაციის პოლიტიკა აუცილებლად უნდა გააგრძელოს:

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა, NATO-ს ალტერნატივა ამ ეტაპზე არ გააჩნია. თუ რუსეთს რაიმე უკეთესი შემოთავაზებები აქვს, გააკეთონ, მაგრამ ეს განცხადებები არ კეთდება. იმ ძალების მხრიდანაც არ არის არანაირი წინადადებები, რომლებიც დღეს უბლოკო სტატუსისკენ და რუსეთთან დიალოგისკენ მოგვიწოდებენ.

რუსეთთან დიალოგის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ წინადადებებს ვერ ვხედავ..რას გვთავაზობენ? რა უნდა გავაკეთოთ? არის ერთი გზა NATO, NATO-თან დაკავშირებით რუსეთის რეაქცია ვიცით, მაგრამ რომ გადავუხვიოთ ამ გზას, მაშინ რა? რას იგებს ქვეყანა? აქვთ წინადადებები? მე ვფიქრობ, რომ არა.

რუსებმა იციან ჩვენი წითელი ხაზები. ამ წითელ ხაზებს რამდენჯერმე გადაუხვიეს, დიდი ხანია სხვათა შორის...ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომამდე. პირველი ომის შემდეგ, 1992-1993 წლის ომს ვგულისხმობ, როცა მუხანათური ღალატით მოხდა, ის რა შედეგიც აფხაზეთში დადგა. 9 თვიანი ომის შემდეგ, ჩვენ დავზავდით, მოვაწერეთ ხელი, რომელიც დაირღვა რუსეთის ღია მხარდაჭერით, აფხაზური ფორმირებების მხრიდან და ჩვენ წავაგეთ ის ომი.

"ეს ომი რუსეთის მუხანათური ღალატით წავაგეთ"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:21 0:00

ამის შემდეგ, საქართველო დსთ-ში შევიდა, კუხო-ს (ОДКБ) წევრი გახდა, მეტი შემოტრიალება რა უნდა ყოფილიყო რუსეთთან? ჩვენ დსთ-ს წევრი ვიყავით 2008 წლამდე. დღეს რაღაცას გვთავაზობენ, რას გვთავაზობენ? ისევ დსთ-ში თუ ევრაზიულ კავშირში მოტრიალებას? მოვტრიალდით ერთხელ და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, 2008 წლის აგვისტოს ომს რომ თავი დავანებოთ მივიღეთ სეპარატისტული რეჟიმების მუდმივი მხარდაჭერა, ჩვენ, ეს გვავიწყდება ყველაფერი.

ის შეთანხმებები, ვგულისხმობ სამშვიდობო პროცესებს, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში მუდმივად ირღვეოდა, რადგან რუსეთი არ იყო იქ მშვიდობისმყოფელი, რუსეთი იყო მხარე. მუდმივად აიარაღებდა იქაურ ბანდ-ფორმირებებს, რომელსაც „შეიარაღებულ ძალებს“ უწოდება.

„თავდაცვის მინისტრებად“, „გენშტაბის უფროსებად“, „სარდლებად“ რუსეთის მოქალაქეებს, რუსეთის არმიის მოქმედ თუ გადამდგარ გენერლებს ნიშნავდა. კბილებამდე აირაღებდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ რომ არც აფხაზებთან და არც ოსებთან პირდაპირი დიალოგი არ შემდგარიყო.

ეს წლების განმავლობაში გრძელდებოდა. შეიძლება ჩვენ უამრავი შეცდომა დავუშვით ამ წლების განმავლობაში, მაგრამ არა იმდენი, რა შეცდომა და დანაშაულიც აქვს რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ დაშვებული და ჩადენილი. სეპარატიზმის მხარდაჭერა, ეთნოწმენდა, ოკუპაცია ეს ყველაფერი უმძიმესი დანაშაულია.

ჩვენი წითელი ხაზები ნათელია, ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა! ამ გზის ალტერნატივა არ არსებობს და როცა რუსები გვეუბნებიან, რომ ეს ხაზი აღარ არსებობს და მოდი ამ რეალობიდან ვისაუბროთ, რაც ახლა არის, ამ რეალობიდან საქართველოს ვერცერთი ხელისუფლება ვერ ისაუბრებს, ვერც ახლა და ვერც ერთი საუკუნის შემდეგ, ეს ყველასთვის ნათელი უნდა იყოს“ - ამბობს ამირან სალუქვაძე.

სოხუმი, 1993 წლის სექტემბრის ბოლო
სოხუმი, 1993 წლის სექტემბრის ბოლო

ქართველთა ეთნიკური წმენდის საიუბილეო თარიღი აფხაზ სეპარატისტებს პირადად მიულოცა ოსი სეპარატისტების ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა, მან დღეს ოკუპირებულ ოჩამჩირეში გამოსვლისას თქვა, რომ „ორმა ხალხმა ბოროტება“ დაამარცხა. ოკუპირებულ სოხუმში ასევე ჩავიდნენ ოკუპირებული მთიანი ყარაბაღის „საგარეო მინისტრი“ და ოკუპირებული დნესტრისპირეთის "უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე".

25 წლის წინ აფხაზეთის ომში დაახლოებით 10 500 ეთნიკური ქართველი დაიღუპა, 10 000 დაიჭრა, 250 000 კი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა. აფხაზებმა 4200 ადამიანი დაკარგეს, 8000 დაეჭრათ. აფხაზური წყაროების ცნობით, მათ მხარეს 2000-ზე მეტი დაქირავებულიც იბრძოდა, რომელთაგან 267 დაიღუპა.

საქართველომ აფხაზეთზე კონტროლი 1993 წლის 30 სექტემბერს დაკარგა. ცენტრალური ხელისუფლება 2008 წლის აგვისტომდე მხოლოდ კოდორის ხეობაზე ინარჩუნებდა კონტროლს, რომელიც ოკუპაციის ქვეშ, 10 წლის უკან, აგვისტოს ხუთდღიანი ომის შემდეგ, 12 აგვისტოს მოექცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG