ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლის "თამაში" ქართველ დევნილთა ბედით

რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან 250 ათასამდე ეთნიკური ქართველი გამოაძევა და ახლა დევნილთა ფაქტორს შიდაპოლიტიკური დაძაბულობის გასაჩაღებლად იყენებს
რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან 250 ათასამდე ეთნიკური ქართველი გამოაძევა და ახლა დევნილთა ფაქტორს შიდაპოლიტიკური დაძაბულობის გასაჩაღებლად იყენებს

რუსეთი ქართველ დევნილებთან დაკავშირებით, ახალ პოლიტიკურ თამაშს იწყებს. მოსკოვში დაწერილი ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, რომელზეც პრორუსული ძალები აქტიურად საუბრობენ, შესაძლოა, ოკუპირებულ კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონში, კრემლმა დევნილი ეთნიკური ქართველების დაბრუნების პროცესს მწვანე შუქი აუნთოს.

ამ "საიდუმლო გეგმის" დეტალები ოპოზიციური მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა რუსეთის მმართველ პარტია „ედინაია რასიასთან“ უკვე განიხილა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა "ამერიკის ხმას" არ უთხრა, რის "სანაცვლოდ" "აბრუნებს" კრემლი ქართველ ლტოლვილებს?!

„ვლადიმირ პუტინთან არ მქონია ამ საკითხზე საუბარი, რაც არ იყო, იმას ვერ დავიბრალებ, მაგრამ, „ედინაია რასიასთან“ ამ თემაზე მოლაპარაკებები მქონდა. ჩვენ ვთხოვეთ, ამ საკითხში, „ედანაია რასიას“ შუამავლობა და მათ თანხმობა მოგვცეს. ეს პროცესი უკვე მიდის.
ზურაბ ნოღაიდელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი

„რუსეთის პრემიერ ვლადიმირ პუტინთან არ მქონია ამ საკითხზე საუბარი, რაც არ იყო, იმას ვერ დავიბრალებ, მაგრამ, „ედინაია რასიასთან“ ამ თემაზე მოლაპარაკებები მქონდა.

ჩვენ ვთხოვეთ, ამ საკითხში, „ედანაია რასიას“ შუამავლობა და მათ თანხმობა მოგვცეს. ეს პროცესი უკვე მიდის. საუბარია, იმაზე, რომ დაბრუნება მოხდეს ახლა, სააკაშვილი ხელისუფლების პირობებში, აბა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ეს თავისთავად მოხდება“. - გვითხრა ნოღაიდელმა.

რუსეთთან ბოლო ომის დროს, კოდორის ხეობიდან თითქმის მთელი მოსახლეობა, 2000-ზე მეტი ადამიანი გამოიხიზნა, ახალგორის რაიონიდან კი სადაც ომამდე 7600 ადამიანი ცხოვრობდა, ექვსი ათასი ქართველი აიყარა.

მოგვიანებით, ქართველმა დევნილებმა ნელ-ნელა უკან დაბრუნება დაიწყეს, ეს პროცესი შედარებით დაჩქარდა ოკუირებულ კოდორის ხეობაში.

მას შემდეგ, რაც იქ რუსეთის სპეცსამსახურების და აფხაზ სეპარატისტთა მხარდაჭერით, ხელისუფლება, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულმა ემზარ კვიციანმა დაიბრუნა.

თბილისი კვიციანს 2006 წლის ივლისიდან, სამშობლოს ღალატის ბრალდებით ეძებს. ისევე როგორც მის დის შვილს, კრიმინალურ ავტორიტეტ ბაჩო არღვლიანს, რომელიც ამჟამად, ხეობის "მმართველად" გვევლინება.

„შარშან ჯერ მშობლები გადავიდნენ, ყველას, ძაან გვეშინოდა როგორ შეხვდებოდნენ აფხაზები, შემდეგ ოჯახი ნელ-ნელა დავბრუნდით, ვართ ჩვენთვის, პროდუქტი სოხუმიდან ამოგვაქვს, გვყავს პირუტყვი, მივსდევთ მეურნეობას.

აფხაზებმა ხეობაში მაღაზიაც გახსნეს, შუქიც არის. ყველაზე დიდი პრობლემა აქეთ გადმოსვლა და უკან დაბრუნებაა. საქართველოს მოღალატეებს, ბანდიტი კვიციანის და არღვლიანის ხალხს გვეძახიან.

ბოლო დროს თბილისში დარეკვისაც კი გვეშინია, ნათესავებს ვისთანაც ვრეკავთ ავიწროვებენ. ამასწინათ, ჩემი ახლო ნათესავის ძმა თბილისში უშიშროებამ დაიჭირა და ორი დღე არ უშვებდნენ, აინტერესებდათ კოდორიდან რა მიზნით გირეკავენო“ - ეს არის ციტატა წერილიდან, რომელიც კოდორის ხეობაში დაბრუნებულმა საქართველოს მოქალაქემ "ამერიკის ხმას" ელექტრონული ფოსტით გამოგვიგზავნა.

ყოფილი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში, რუსეთის პრემიერ პუტინთან, მოსკოვის მერ ლუჟკოვთან და დუმის თავმჯდომარე გრიზლოვთან შეხვედრის დროს
ყოფილი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში, რუსეთის პრემიერ პუტინთან, მოსკოვის მერ ლუჟკოვთან და დუმის თავმჯდომარე გრიზლოვთან შეხვედრის დროს

უსაფრთხოების მიზნით წერილის ავტორმა ვინაობის გამჟავნება არ ისურვა და სატელეფონო კომენტარზეც კი უარი თქვა.

ანალოგიური სიტუაციაა, ოკუპირებულ ახალგორის რაიონშიც. უმძიმეს ეკონომიურ სიტუაციაში აღმოჩენილი, ქართველი დევნილები, როგორც წესი, ცდილობენ მაქსიმალურად მოერგონ არსებულ უმძიმეს ვითარებას.

გადაადგილებისთვის აიღონ სეპარატისტების ე.წ "პასპორტი" და ამავე დროს დაიტოვონ საქართველოს პირადობის მოწმობაც; მიიღონ როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე რუსული საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელფასი, პენსია ან ერთჯერადი დახმარება;

ცდილობენ ჰქონდეთ დრობითი ან მუდმივი საცხოვრებელი, როგორც თბილისის მიერ კონტროლირებულ, ისე ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამავე დროს, დევნილები, როგორ წესი, ორივე მხარეს, თავს არიდებენ გადასახადებს და არმიაში სავალდებულო სამსახურს.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც ცნობილია თავისი კრიტიკული დამოკიდებულებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს ოფიციალური პოლიტიკის მიმართ, "ამერიკის ხმასთან" ამბობს:

კანონი არ კრძალავს ქართველების იქ ცხოვრებას, შესაბამისად არც ნებართვას არ იძლევა. ანუ თვითონ ადამიანები, დევნილები ღებულობენ გადაწყვეტილებას როგორ იცხოვრონ ოკუპაციის ქვეშ.

საქართველომ თქვა, რომ მე მივიღე კანონი ოკუპირებული ტერიტირიების შესახებ და იქ რაც ხდება მე არ მეხება. იმიტომ, რომ ვერ ვაკონტროლებ სიტუაციას. შესაბამისად, სახელმწიფომ მიუშვა ადამიანები, თავად მიიღონ გადაწყვეტილება, როგორ იცხოვრონ ოკუპაციის ქვეშ...

ამიტომ, არავის აქვს არანაირი მორალური უფლება, ის ხალხი გაკიცხოს. მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ, გარდა იმის, რომ თვითონ განკარგონ თავისი ბედი, რეალობიდან გამომდინარე. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა ქართველ დევნილთა მასობრივი დაბრუნება არც კოდორში და არც ახალგორში, არც რუსეთს და არც სეპარატისტებს არ სურთ და ამ ანკესზე წამოგება, დიდი გულუბყვილობა იქნება.“

მოსკოვის ახალ "ინიციატივას", რომელსაც ოკუპანტი რუსეთი პრორუსული ძალების მეშვეობით აჟღერებს, სიფრთხილით ეკიდება ქართველ ექსპერტთა დიდი ნაწილიც.

ისინი თვლიან, რომ რუსეთს, წინასწარ კარგად აქვს გათლილი ამ "პოლიტიკური თამაშის" მოსალოდნელი შედეგები. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე "ამერიკის ხმასთან" ამბობს:

ეს სასარგებლო იდიოტებზე გათლილი ბლეფია. რა თქმა უნდა, მოსკოვი ქართველ ლტოლვილებს მასიუარდ იქ არ დააბრუნებს. ამ ე.წ "საინფორმაციო აჟიოტაჟით" კრემლი ხელს უწყობს ქართული ანტისახელისუფლებო ოპოზიციის გაძლიერებას, მათი პოპულარობის და საქართველოში შიდა პოლიტიკური დაპირისპირების ზრდას. რუსეთი ამას პროპაგანდისტული მიზნებით აუცილებლად გამოიყენებს
სოსო ცინცაძე

„ელემენტარულად, ეს ყველაფერი რუსეთს გათვლილი ჰქონდა, სანამ ეს თემა იქცეოდა მოლაპარაკების საგნად, რუსეთის ხელისუფლებასა და ნოღაიდელს შორის. ამიტომ ორ კურდღელს იჭერს რუსეთი ერთდროულად.

ერთი ის, რომ აფხაზეთის და ახალგორის ტერიტორიებზე თითქოს "ზრდის" რა თქმა უნდა, "ხელოვნურად" ქართული მოსახლეობის "რაოდენობას".

მაგრამ, არა, ვთქვათ, სოხუმის რაიონში, ოჩამჩირეში, გუდაუთაში, ზღვის სანაპიროზე, არამედ სადღაც კოდორის ხეობაში. ეს სასარგებლო იდიოტებზე გათლილი ბლეფია, რა თქმა უნდა მოსკოვი რეალურად ქართველ ლტოლვილებს იქ მასიურად არ დააბრუნებს.

ამ ე.წ "საინფორმაციო აჟიოტაჟით" კრემლი ხელს უწყობს აგერ ქართული ანტისახელისუფლებო ოპოზიციის გაძლიერებას, მათი პოპულარობის და საქართველოში შიდა პოლიტიკური დაპირისპირების ზრდას.

რუსეთი ამას პროპაგანდისტულ მიზნებით აუცილებლად გამოიყენებს და დაიმოწმებს იგივე ნოღაიდელს, დაიმოწმებს ოპოზიციას, რომ აი, თითქოს ოპოზიცია უფრო იცავს ქართველი ლტოლვილების ინტერესებს, ვიდრე ოფიციალური თბილისი.“

ყველაზე ნიშანდობლივი მოსკოვის ბოლო ინიციატივაში, პოლიტიკური ვაჭრობის ახალი საგანია. თუ 2008 წლის აგვისტოს ომამდე, მოლაპარაკებების მთავარი თემა, რაზეც რუსეთი მოდიოდა, ოკუპირებულ გალის რაიონში ლტოლვითა დაბრუნება იყო, დღეს რუსული პოლიტიკის ვექტორმა საქართველოს სიღრმეში - კოდორი-ახალგორამდე შემოიწია.

მოსკოვის, რომელმაც 2008 წლის სამხედრო აგრესიის შემდეგ აღიარა სოხუმის და ცხინვალის ე.წ "დამოუკიდებლობა და თბილისს მუდმივად "ახალი რეალობის" აღაირებისკენ მოუწოდებს, არ სჯერა საქართველოს ხელისუფლებას. სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა გვითხრა, რომ არ სურს ზურაბ ნოღაიდელის პირით გაჟღერებული რუსული ე.წ ინიციატივების კომენტირება.

XS
SM
MD
LG