ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სეპარატისტები აღიარებას ისევ წყნარ ოკენაში ეძებენ

იურის გულბისი - აფხაზ სეპარატისტთა ე.წ "ელჩი" ოკეანეთში
იურის გულბისი - აფხაზ სეპარატისტთა ე.წ "ელჩი" ოკეანეთში

არ არის გამორიცხული, რომ შემდეგი ქვეყანა, რომელმაც შეიძლება აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა სცნოს, ისევ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძული სახელმწიფო - ფიჯი აღმოჩნდეს.

2010 წლის სექტემბრის დასაწყისში, ფიჯის ქალაქ ნადიში გამართულ წყნარი ოკეანის პატარა კუნძულოვანი ქვეყნების მეორე მინისტერიალს, ცხინვალელი სეპარატისტები მირა ცხოვრებოვა და კასბულატ ცხოვრებოვი სტუმრის სტატუსით დაესწრნენ.

ოსმა სეპარატისტებმა ნახევრად ოფიციალური მოლაპარაკებები გამართეს, ფიჯის, სოლომონისა და მარშალის კუნძულების, მიკრონეზიის, ვანუატუსა და ინდონეზიის ოფიციალურ წარმომადგენლებთან. ფიჯიდან დაბრუნებულმა მირა ცხოვრებოვამ კერძოდ აღნიშნა:

„რა თქმა უნდა, საუბარი იმაზე, რომ ჩვენს შეხვედრებს ავტომატურად მოჰყვება დამოუკიდებლობის აღიარება გადაჭარბებული იქნება. ამასთან, სწორედ ეს თემა ხდებოდა აქტიური განხილვის საგანი ფორუმის მონაწილე ყველა ქვეყნის წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრების დროს“.
მირა ცხოვრებოვა, ოსი სეპარატისტი

„რა თქმა უნდა, საუბარი იმაზე, რომ ჩვენს შეხვედრებს ავტომატურად მოჰყვება დამოუკიდებლობის აღიარება გადაჭარბებული იქნება. ჩვენ არც გვქონია მიზნად, რომ ფორუმის მონაწილე ქვეყნებს უსწრაფესად ეცნოთ ჩვენი დამოუკიდებლობა.

ამ საკითხის განხილვა ფორუმის ოფიციალურ დღის წესრიგში არ ყოფილა. ამასთან, სწორედ ეს თემა ხდებოდა აქტიური განხილვის საგანი ფორუმის მონაწილე ყველა ქვეყნის წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრების დროს“.

კუნძულ ფიჯიზე გაცილებით მყარი პოზიციები აქვს სეპარატისტულ სოხუმს. ფიჯის დედაქალაქ სუვაში მცხოვრები 29 წლის იურის გულბისი (Juris Gulbis) უკვე მეორე წელია, „აზიასა და ოკეანეთში" აფხაზ სეპარატისტთა. ე.წ "საგანგებო დავალებათა ელჩის“ "სტატუსს" ატარებს.

გულბისი აქტიურად მონაწილეობდა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ვანუატუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაში.

ყაზახეთში დაბადებული, ლატვიური წარმოშობის საბჭოთა ემიგრანტი გულბისი, ლატვიისა და ყაზახეთის მოქალაქეა და ფიჯიზე საკმაოდ ცნობილი ადამიანია.

გულბისი ამჟამად კომპანია „ინტერჩეინჯში“ (Interchange) მუშაობს, რომელიც ფრანგულ კომპანია“ ალკატელთან“ ერთად 30 მილიონიან პროექტს ახორციელებს. პროექტის მიხედვით, ფიჯიდან ვანუატუმდე წყალქვეშა კაბელი გაიჭიმება და პირველად ისტორიაში ვანუატუ ინტერნეტს მიღებს.

პარალელურად, გულბისი „საერთაშორისო გამჭირვალობა - ფიჯის“ ოფისში და ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის „ბრიტანეთის თანამეგობრობის საზოგადოების“ ფიჯის ფილიალშია დასაქმებული.

გულბისი ფიჯიზე ხუთი წლის წინ ავსტრალიიდან ჩავიდა. არაოფიციალური ინფორმაციით, იურის გულბისი ე.წ "აფხაზთა ელჩად", ავსტრალიაში რუსეთის ელჩის რეკომენდაციით დაინიშნა და აქტიური კავშირი აქვს რუსეთის სპეცსამსახურებთან. ერთ-ერთ ინტერვიუში გულბისი იხსენებს თუ, როგორ მოხვდა ფიჯიზე.

ამჟამად ფიჯიზე ვარ „ბრიტანეთის თანამეგობრობის საზოგადოების“ ფილიალის პრეზიდენტი, ეს არის ნახევრად დიპლომატიური ორგანიზაცია ფიჯიზე, რომელსაც იგივე ფუნქციები აქვს, როგორიც „ბრიტანეთის საბჭოს“ რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში.
იურის გულბისი, აფხაზი სეპარატისტების ე.წ "ელჩი" ფიჯიზე

„როცა ავსტრალიაში ვცხოვრობდი ხშირად ჩავდიოდი, ფიჯიზე და ვანუატუზე. შემდეგ, გადავწყვიტე საცხოვრებლად ფიჯიზე გადავსულიყავი. ამჟამად მე ვარ „ბრიტანეთის თანამეგობრობის საზოგადოების“ ფილიალის პრეზიდენტი, ეს არის ნახევრად დიპლომატიური ორგანიზაცია ფიჯიზე, რომელსაც იგივე ფუნქციები აქვს, როგორიც „ბრიტანეთის საბჭოს“ რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში.

აქ არის შეჯერებული სხვადასხვა საგანამანათლებლო პროექტები და ისეთი პროექტები, რომელიც ფიჯის დემოკრატიის რელსებზე დაბრუნებას შეუწყობს ხელს.

2006 წელს ფიჯიზე მოხდა სამხედრო გადატრიალება, გადააყენეს მთავრობა, ქვეყანას სამხედროები მართავენ, ამის გამო 2009 წლიდან, ფიჯის მონაწილეობა ბრიტანეთის თანამეგობრობაში შეჩერებულია, ფიჯის მინისტრებსა და ოფიციალურ პირებს აღარ აქვთ უფლება ბრიტანეთის თანამეგობრობის სტრუქტურების მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ.“

ექსპერტები არ გამორიცხავენ რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გარიყულ ფიჯისთან რუსეთმა საერთო ენა გამონახოს. ამასთან, ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინოკე კუბუაბოლამ აღნიშნა, რომ არც სოხუმისგან და არც მოსკოვისგან ჯერ არ მიუღიათ მოთხოვნა აღიარების შესახებ.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა საერთოდ უპასუხოდ დატოვა შეკითხვა, რამდენად არის მოსალოდნელი ფიჯის მხრიდან, აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ "აღიარება".

რუსეთის ფინანსური დახმარების შემდეგ, წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებიდან პირველმა სოხუმისა და ცხინვალის ე.წ "დამოუკიდებლობა", 2009 წლის დეკემბერში, ნაურუმ სცნო, წელს, ზაფხულში კი მას ვანუატუმაც მიბაძა, თუმცა მან მხოლოდ აფხაზეთის ე.წ "დამოუკიდებლობა" აღიარა.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მთავარი მკვლევარი არჩილ გეგეშიძე "ამერიკის ხმასთან" ამბობს, რომ რუსეთისთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია არა აღიარების ხარისხი, არამედ რაოდენობა.

რუსეთი ამზადებს ბაზას, იმისთვის, რომ მომავალში, გეოპოლიტიკური სიტუაციის ცვლილებასთან ერთად, რომელიმე სერიოზულმა ქვეყანამ, ან ქვეყანათა ჯგუფმა, აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიაროს.“
არჩილ გეგეშიძე, სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მთავარი მკვლევარი

„რუსეთი მოქმედებს ასეთი ტაქტიკით, ის ხარისხს ამჯობინებს რაოდენობას. მიუხედავად იმისა, რომ ვანუატუს, ნაურუს ან ფიჯის მსგავსი ქვეყნები ცოტაა, ჰიპოთეტურად რომ წარმოვიდგინოთ, ალბათ, სულ 30 შეიძლება იყოს ასეთი ტიპის ქვეყანა.

ამგვარი "აღიარებებით", ერთის მხრივ, რა თქმა უნდა საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, აფხაზეთის მდგომარეობა არ იცვლება, მაგრამ მეორეს მხრივ, მათ უჩნდებათ მხარდამჭერები გაეროში და ზოგიერთ რეგიონალურ საერთაშორისო ორგანიზაციაში.

ამით კი აფხაზეთის და ცხინვალის ცნობადობა იზრდება. რუსეთი ამზადებს ბაზას, იმისთვის, რომ მომავალში, გეოპოლიტიკური სიტუაციის ცვლილებასთან ერთად, რომელიმე სერიოზულმა ქვეყანამ, ან ქვეყანათა ჯგუფმა, აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიაროს.“

2009 წლამდე, სანამ ნაურუ ქართული სეპარატისტული ანკლავების დამოუკიდებლობას სცნობდა, საქართველოს ოკეანეთში დიპლომატიური ურთიერთობები მხოლოდ ავსტრალიასთან და ახალ ზელანდიასთან ჰქონდა.

ბოლო ორი წლის მანძილზე, თბილისმა დიპლომატიური ურთიერთობა მალანეზიის, მიკრონეზიისა და პოლინეზიის კიდევ ექვს ქვეყანასთან (მარშალის კუნძულები, სამოა, ფიჯი, ტუვალუ, სოლომონის კუნძულები, მიკრონეზია) დაამყარა.

2010 წელს, საქართველომ 12 ათასი აშშ დოლარის ფინანსური დახმარება გაუწია კუნძულ ტუვალუს, ხოლო 2012 წელს, ავსტრალიაში საქართველოს საელჩო ოფიციალურად გაიხსნება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG