ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო ოკეანეთში ახალ მეგობრებს ეძებს


გრიგოლ ვაშაძე და ფიჯის პრემიერი ფრენკ ბაინიმარამა
გრიგოლ ვაშაძე და ფიჯის პრემიერი ფრენკ ბაინიმარამა

ფიჯის დედაქალაქ სუვაში, პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩასულ საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს მასპინძლების მხრიდან პრეტენზიების მოსმენა მოუხდა. ფიჯის მაღალჩინოსნებმა ქართველ სტუმარს აგრძნობინეს, რომ უკმაყოფილოები არიან საქართველოს პოლიტიკით, ფიჯისა და ოკეანეთის სხვა პატარა ქვეყნებთან ურთიერთობა ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის დახმარებით აწარმოოს.

როგორც გაზეთი „ფიჯი თაიმსი“ წერს, ვაშაძემ ფიჯის პრემიერ-მინისტრ ფრენკ ბაინიმარამასთან (Frank Bainimarama) შეხვდრისას უარყო მოსაზრება, რომ საქართველო მესამე მხარის ლობირებით ცდილობდა ფიჯისთან ორმხრივი ურთიერთობის აწყობას. არქიპელაგის პრესა ასევე შენიშნავს, რომ ვაშაძე ამ თემაზე სასაუბროდ მზად არ აღმოჩნდა.

2006 წელს, კუნძულზე სამხედრო გადატრიალების გამო, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის პოლიტიკა ფიჯის მიმართ უკიდურესად გამწვავებულია. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი ოკეანეთში რუსული დიპლომატია გააქტიურდა, რასაც ნაურუს, ვანუატუსა და ტუვალუს მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება მოჰყვა.

ბოლო დროს საქართველოსთვის შემაშფოთებელი სიგნალი ფიჯიდანაც მოდიოდა სწორედ ამიტომ საგარეო უწყების პირველი პირი იძულებული გახდა თბილისიდან 15 ათასი კილომეტრით დაშორებულ სუვაში ჩასულიყო.

გრიგოლ ვაშაძის ფიჯიზე გაკეთებულ კომენტარში ნათლად არ ჩანს, მიიღო თუ არა თბილისმა პირობა რომ ფიჯი სეპარატისტულ რეგიონებს არ აღიარებს

„ჩვენ და ფიჯი კარგად და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, განსაკუთრებით გაეროში, სადაც 2010 წლის მარტში ფორმალურად მოეწერა ხელ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ ხელშეკრულებას.

ამის შემდეგ ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობა სულ უფრო და უფრო ვითარდებოდა და დადგა დრო რომ პოლიტიკურ თანამშრომლობას ეკონომიკური ასპექტიც დაემატოს.“

აქამდე ოკეანეთში, საქართველო მხოლოდ სიდნეიში მცხოვრები საპატიო კონსულით ვიქტორ გრინვიჩით იყო წარმოდგენილი. ფიჯიდან ავსტრალიაში ჩასულმა გრიგოლ ვაშაძემ კი წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში საქართველოს პირველი საელჩო გახსნა, რომელიც 2012 წლიდან ოფიციალურად ამოქმედდება.

საქართველოს და ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრები
საქართველოს და ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრები

მელბურნში, საქართველოს პირველი დიპლომატი ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ კევინ რადს შეხვდა ასევე მოლაპარაკება გამართა ავსტრალიის პარლამენტის წევრს, ოკეანეთის საკითხებში საპარლამენტო მდივან რიჩარდ მარლსთან. მელბურნში გრიგოლ ვაშაძემ კერძოდ განაცხადა:

„საკითხების ფართო სპექტრი განვიხილეთ. უპირველეს ყოვლისა ის სიტუაცია, რომელიც ამ რეგიონში რუსეთის მოქმედებით არის შექმნილი. ეს, საქართველოს პრობლემატიკისგან დამოუკიდებლადაც ძალიან აშფოთებს ჩვენს მოკავშირეებსა და მეგობრებს.

ჩვენმა ავსტრალიელმა მეგობრებმა უდიდესი კმაყოფილებით აღიქვეს ის ფაქტი, რომ საქართველომ გახსნა საელჩო ავსტრალიაში. ავსტრალიის საგარეო მინისტრის შეფასებით ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორმხრივი ურთიერთობის განვითარებისთვის. საქართველოს საელჩო მოგვცემს დამატებით ინსტრუმენტებს ამ რეგიონში მუშაობისთვის.“

ქართული დიპლომატიური მისიის ათდღიანი ისტორიული ტურნე ოკეანეთში 30 სექტემბერს ახალი ზელანდიით დაიწყო, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა, პრემიერი ნიკა გილაურიც იყო ჩასული.

პრემიერი გილაური ახალ ზელანდიაში
პრემიერი გილაური ახალ ზელანდიაში

ოკლენდში გილაური და ვაშაძე ზელანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ მიურეი მაქქალის შეხვდნენ. ოკლენდშივე ნიკა გილაურს აუდიენცია ჰქონდა სამოას პრემიერ-მინისტრ მალიელეგაიო ტუილაეპასთან, რომელთანაც ასევე „არაღიარების პოლიტიკაზე“ იყო საუბარი. ახალ ზელანდიაში ნიკა გილაურმა და გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნეს:

ნიკა გილაური: „განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და ახალ ზელანდიას შორის, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ახალი ზელანდია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ამ რეგიონში ჩვენ რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მეგობარი გვყავს, მათ შორის ერთ-ერთი ახალი ზელანდიაა. ჩვენ ვაპირებთ, უახლოეს დღეებში გავწევრიანდეთ, როგორც დამკვირვებელი წყნარი ოკეანის ფორუმზე, რომელიც რეგიონის ყველა ქვეყანას მოიცავს.“

გრიგოლ ვაშაძე: „საქართველო არ ყიდულობს მოკავშირეებს და მეგობრებს. საქართველოს ყველა რეგიონში ჰყავს მოკავშირეები და მეგობრები. განსაკუთრებით ეს ეხებათ ახალ ზელანდიას და ავსტრალიას.

განვიხილეთ რამდენიმე პრობლემა რომელიც ერთნაირად გვაღელვებს, ეს არის საქართველოსა და ახალი ზელანდიის მონაწილეობა აისაფის ოპერაციაში ავღანეთში და ეს არის სიტუაცია, რომელიც სამხრეთ კავკასიაშია შექმნილი.“

საქართველო იძულებულია ეძებოს ახალი მეგობრები სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში ახლა კი ოკეანეთში, მას შემდეგ, რაც 18 სექტემბერს კუნძულ ტუვალუს პრემიერი ვილი ტელავი სოხუმში ჩაფრინდა და ჯერ აფხაზეთის, შემდეგ კი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

ტუვალუ გახდა გაეროს წევრი მეექვსე ქვეყანა, რომელმაც სეპარატისტული ანკლავების საქართველოსგან გამოყოფა სცნო და მათთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა.

XS
SM
MD
LG