ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს სეპარატისტული რესპუბლიკები მეექვსე ქვეყანამ აღიარა


საქართველოს სეპარატისტული რესპუბლიკები მეექვსე ქვეყანამ აღიარა
საქართველოს სეპარატისტული რესპუბლიკები მეექვსე ქვეყანამ აღიარა

ტუვალუ რიგით მეექვსე ქვეყანაა რუსეთის, ნიკარაგუას, ვანუატუს, ნაურუსა და ვენესუელას შემდეგ, რომელმაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. წყნარი ოკეანის კუნძოლოვანი სახელმწიფოს ხელისუფლებამ ნაბიჯი დე–ფაქტო რესპუბლიკების ცნობისკენ გადადგა იმის მიუხედავად, რომ საქართველოსა და ტუვალუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად უკვე იყო ხელმოწერილი. მის თანახმად, ტუვალუ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეჭვქვეშ არ აყენებდა. გარდა ამისა, ტუვალუ გასულ წელს გაეროს რეზოლუციის მხარდამჭერთა შორისაც ფიგურირებს, რომელიც წარმოადგენდა დიპლომატიურ გზავნილს რუსეთისთვის, სადაც საუბარი იყო ოკუპირებული ტერიტორიებისა და დევნილთა დაბრუნების შესახებ. ტუვალუს პოზიციის ცვლილების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების მისამართით ერთგვარი საყვედურიც კი გაისმა იმ მიზეზით, რომ საქართველომ გაეროში რეზოლუციის მიღებამდე კუნძულოვან სახელმწიფოს 12 ათასი დოლარი გამოუყო. საგარეო საქმეთა უწყებამ კატეგორიულად უარყო ამ ორ ფაქტს შორის ლოგიკური კავშირის არსებობა და ამგვარი დახმარება საერთაშორისო სივრცეში დამკვიდრებული ტრადიციით ახსნა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით დარჩიაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ გაეროს დონეზე ისეთი დონის დიპლომატიური ურთიერთობა, როგორიც საქართველოსა და ტუვალუს შორის იყო, ყველა ქვეყანას აქვს. „რუსეთს სურს, ამგვარი ქმედებით გაეროში გარკვეული რაოდენობის მხარდამჭერები მოაგროვოს, თუმცა ამით ის ხარისხის გადაფარვას, რასაკვირველია, ვერ შეძლებს,“– ამბობს დავით დარჩიაშვილი.

„გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ ამგვარი ტენდენცია გაგრძელდა, რუსეთი შეძლებს გარკვეული რაოდენობის ლობისტი შეკრიბოს გაეროში. ზოგადად, ამგვარი ვაჭრობა საერთაშორისო დონეზე უცხო პრაქტიკა არაა და მას მიმართავენ. ცნობილია შემთხვევები, როდესაც, მაგალითად ბოლივიას სთავაზობდა რუსეთი დე–ფაქტო ტერიტორიების აღიარებას, თუმცა შემდგომ თანხის გადახდა დაუგვიანა და შეჩერდა პროცესი, ვენესუელა, რომელმაც აღიარა ისინი რუსეთს 10 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხს სთხოვდა და ასე შემდეგ. არიან ქვეყნები, რომლებიც საკუთარ პრესტიჟს და ღირსებას ყურადღებას არ აქცევენ, იქიდან გამომდინარე, რომ უმძიმეს ეკონომიკურ ვითარებაში იმყოფებიან. რაც შეეხება პრევენციას, რომელსაც მიმართავს საქართველოს ხელისუფლება, ვერ ვიტყვით რომ უშედეგოა. ამას ემსახურება ხშირად ვიზიტები მთელ რიგ ეგზოტიკურ ქვეყნებში, კოსტარიკაში, პერუში, კუბაზე.“– ამბობს მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში.

ტუვალუმ რამდენიმე დღის ინტერვალით ჯერ ახფაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, შემდეგ კი სამხრეთ ოსეთის. სწორედ ამ მიზეზით იმყოფებოდა სოხუმში ტუვალუს პრემიერ–მინისტრი ვილი თელავი. მამუკა არეშიძე ამბობს, სამხრეთ ოსეთშიც მოელოდნენ მაღალჩინოსან სტუმარს ტუვალუდან, თუმცა პრემიერ–მინისტრი იქ არ ჩასულა, რის გამოც დე–ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლები განაწყენდნენ. სამაგიეროდ, სამრეთ ოსეთის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ოკეანიის ქვეყნების შეკრებაზე, სადაც მათი მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ამ დრომდე, არაოფიციალური მონაცემებით, რუსეთს თითქმის სამნახევარი მილიარდი დოლარი აქვს გადახდილი აფხაზეთისა და სამრეთ ოსეთის აღიარებისთვის.

XS
SM
MD
LG