ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თვითმმართველობის არჩევნების დღე


პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, 15 ივნისი, 2014
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. არჩევნების დღის ზოგადი სურათი მშვიდია. მიმდინარე არჩევნებზე ამომრჩეველთა უპრეცენდენტოდ დაბალი აქტივობა აღინიშნება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საღამოს ხუთი საათისთვის ხმა მიცემული აქვს 34, 5 პროცენტს. თუმცა ცესკო აქვე, შედარებისთვის აქვეყნებს საპარლამენტო არჩევნების მონაცემებს, როდესაც ანალოგიურ პერიოდში ხმა მიცემული ჰქონდა ამომრჩეველთა დაახლოებით, ხუთი პროცენტით მეტს, ვიდრე ამჯერად.

ტელეკომპანია “იმედის”დაკვეთით ჩატარებული ეგზითპოლის მონაცემების თანახმად, თბილისში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი დავით ნარმანია 51,2 პროცენტით ლიდერობს, მეორე ადგილს კი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ნიკა მელიაა 24,7 პროცენტით.

რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზითპოლის შედეგების თანახმად, კი მეორე ტურია მოსალოდნელი, რადგან დავით ნარმანიას 46,3 პროცენტი აქვს, ნიკა მელიას კი 27,2.

ცენტრალური საარჩევნო კომისია წინასწარი დათვლის შედეგებს მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მეორე ტური აჟიოტაჟს არ უნდა იწვევდეს.

პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მეორე ტურის ალბათობის თაობაზე ამბობს: "მე ვფიქრობ, ჩვენი პოლიტიკური ძალა ყველა ქალაქში, ყველა რაიონსა და სოფელში ლიდერობს. მიმაჩნია, რომ არ უნდა გახდეს საჭირო მეორე ტური, თუმცა, თუ მეორე ტური იქნება, არ იქნება ტრაგედია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ ვართ მაქსიმალურად გამჭვირვალე დემოკრატიული სახელწმიფო”.

ამ დროისთვის არჩევნების დღის ყველაზე ხმაურიან შემთხვევას ადგილი ჰქონდა სამეგრელოში, მარტვილის მე-16 საარჩევნო უბანზე, სოფელ დოშაყეში, სადაც დილის 6 საათზე საარჩევნო უბანზე მოხდა თავდასხმა, რის შედეგადაც გაიტაცეს საარჩევნო დოკუმენტაცია. მოგვიანებით, დალუქული ნაქურდალი პოლიციამ უბნიდან 200 მეტრის მოშორებით აღმოაჩინა, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გრიგოლ ბართაიას ინფორმაციით, თავდამსხმელები შეიარაღებულები იყვნენ. შუადღისთვის დოშაყეში ხმის მიცემის პროცედურა უკვე აღდგენილი იყო.

ინციდენტის გამო არჩევნები ჩაიშალა ანაკლიაში, სადაც საარჩევნო უბანი ორი წლის წინ გაუჩინარებულმა გოგიტა აბულაძის ახლობლემა დაარბიეს. დარბევის მომენტისთვის ხმა მიცემული უკვე ჰქონდა 102 ამომრჩეველს. არსებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ დღემდე ვერ მიაკვლია გოგიტა აბულაძის კვალს, რომლის სახლში იპოვეს წერილი, სადაც გაუჩინარებული პიროვნების ხელით ეწერა, რომ გაემგზავრა აფხაზეთში, რის შესახებაც ინფორმაციას ფლობდა სამეგრელოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსი. ეს უკანასკნელი კი აბულაძესთან რაიმე სახის კავშირს უარყოფს. ანაკლიის საარჩევნო უბანზე კენჭისყრა განმეორდებით ჩატარდება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონდა. საღამოს 6 საათის მონაცემებით,

კასპის #17 უბანზე საუბნო კომისიაში საიას დამკვირვებლის საჩივარი არ დაარეგისტრირეს. დამკვირვებელს უარი განუცხადეს საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების აქტის გაცნობაზე და განუცხადეს, რომ ასეთი აქტი უბანზე არ იყო.

ხულოს 27-ე საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა მარკირების გარეშე ხმის მიცემას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა ჯაბა ანანიძემ (TV 25-ის ჟურნალისტი) საჩივარი წარადგინა საუბნო საარჩევნო კომისიაში, რამაც დამკვირვებლის მიმართ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების მხრიდან აგრესია გამოიწვია. დამკვირვებელს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, არსებობდა ფიზიკური შეურაცხყოფის ალბათობა. აღნიშნულის გამო საიას დამკვირვებელი იძულებული გახდა საარჩევნო უბანი დაეტოვებინა. საიას დამკვირვებელმა საჩივარი წარადგინა საოლქო საარჩევნო კომისიაში.

საიამ სულ 71 საჩივარი და 77 შენიშვნა საჩივრის წიგნში 15 ივნისის არჩევნებზე.

არჩევნების მიმდინარეობის თაობაზე კომენტარი რამდენჯერმე გააკეთა ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა. იგი თავადაც იმყოფებოდა რამდენიმე საარჩევნო უბანზე და უცხოელ დიპლომატებთან ერთად პირადად გაეცნო ვითარებას. მისი თქმით: "შეგვაშფოთა ცნობებმა მარტვილიდან, სადაც ღამით, როგორც ჩანს, ბიულეტენები გაიტაცეს. შესაძლოა, ამ დროისათვის ბიულეტენები უკვე ნაპოვნი იყოს. როგორც ვიცით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ვითარებას არკვევს. ვიცით, რომ ხანდახან დასავლეთ საქართველოში ვნებები მეტისმეტად მაღალია. შესაძლოა, საამისო მიზეზიც არსებობდეს, რაც ჩვენ არ ვიცით, მაგრამ მნიშვნელოვანია, ხალხმა გაითვალისწინოს, რომ ერთია საკითხისადმი ემოციური დამოკიდებულება, მაგრამ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას ემოცია ძალადობასა და მუქარაში არ უნდა გადაიზარდოს. ამგვარად, ის, რასაც ვხედავთ, ზოგადად იმედისმომცემია. ვუსურვებთ საქართველოს წარმატებულ საარჩევნო დღეს და რა თქმა უნდა, გილოცავთ ყველას".

15 ივნისის არჩევნებისთვის თვითმმართველობის შესახებ ახალი რეგულაციები მოქმედებს. აქამდე არსებულ 5 თვითმმართველ ქალაქს ახლა 7 დაემატა, შესაბამისად, 12 ქალაქს: თბილისს, რუსთავს, თლავს, მცხეთას, გორს, ახალციხეს, ქუთაისს, ამბროლაურს, ოზურგეთს, ფოთსა და ბათუმს საკუთარი, პირდაპირი წესით არჩეული მერი ეყოლება. მერის პოსტის დასაკავებლად, კანიდატმა ამომრჩევეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტი უნდა მიიღოს.
XS
SM
MD
LG