ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ერთიანი ოსეთი“: უკან რუსეთში


ანატოლი ბიბილოვი "სამხრეთ ოსეთს" რუსეთში აბრუნებს
ანატოლი ბიბილოვი "სამხრეთ ოსეთს" რუსეთში აბრუნებს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში „ყირიმის სცენარის“ განმეორება სულ უფრო რეალური ხდება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, საიდანაც ქართული მოსახლეობა მთლიანად გამოდევნილია, კვირას გამართულ „საპარლამენტო არჩევნებში“ წინასწარი შედეგების მიხედვით, „ერთიანი ოსეთი“ ლიდერობს. ამ ჯგუფის მთავარი ამოცანა - სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლაა, ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების გზით.

ოპოზიციური გამოცემა „ნიხასი“ აღნიშნავს, რომ არჩევნები კარიკატურულად გამოიყურება. ადგილზე სულ 32636 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, მაშინ როცა მოსკოვიდან 42156 ანუ 9520-ით მეტი ბიულეტენი ჩამოიტანეს. ოფიციალური ინფორმაციით კი, საარჩევნო ურნებთან სულ 21 129 ადამიანი მივიდა.

„ოსთა პარლამენტის“ 34 ადგილისთვის 9 პოლიტიკური ჯგუფი იბრძოდა. 7 პროცენტიანი ბარიერი, მათგან მხოლოდ ოთხმა გადალახა: „ნიხასმა“(4), სახალხო პარტიამ (4), „ხალხის ერთობამ“ (6) და „ერთიანმა ოსეთმა“, რომელმაც 20 მანდატი და შესაბამისად უმრავლესობა მოიპოვა.

„ერთიანი ოსეთის“ ლიდერი ანატოლი ბიბილოვი, რომლის საარჩევნო ლოზუნგი „რუსეთში დაბრუნება“ იყო, კერძოდ ამბობს

„პროგრამა მაქსიმუმი ეს ოსების გაერთიანებაა. თუმცა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ შეუძლებელია ოსეთის გაერთიანება თუ სამხრეთ ოსეთი არ შევა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში.“

44 წლის ანატოლი ბიბილოვი, სეპარატისტული ანკლავის „საგანგებო სიტუაციათა მართვის“ მოქმედი „მინისტრია“. რიაზანის საჰაერო-სადესანტო სასწავლებლის კურსდამთავრებულს, თავის დროზე ფსკოვის საჰაერო-სადესანტო დივიზიაშიც უმსახურია. იბრძოდა ქართველების წინააღმდეგ. რუსეთში მისი ჩინი მაიორი იყო, სამხრეთ ოსეთში კი უკვე გენერალ-მაიორია.

2011 წელს, რუსეთი ბიბილოვს ედუარდ კოკოითის შემცვლელად განიხილავდა. მხარდაჭერის ნიშნად, მას პირადად შეხვდა რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, თუმცა, ბიბილოვმა მეორე ტური ალა ჯიოევასთან წააგო. ამას მწვავე დაპირისპირება და „საპრეზიდენტო არჩევნების“ შედეგების გაუქმება მოჰყვა.

კვირის „საპარლამენტო არჩევნებში“ გამარჯვებული ბიბილოვის პარტიის პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: მთავარი ექიმი, პედაგოგი, გაზეთის რედაქტორი, თეატრის დირექტორი და ყოფილი დეპუტატი, 40 წლის დიმიტრი ტასოევი, რომელსაც საქართველოს წინა ხელისუფლება „კრიმინალური კლანის“ ერთ-ერთი ლიდერად მიიჩნევდა.

არჩევნების შედეგებიდან ასევე აღსანიშნავია, მმართველი პარტიის „ედინსტვოს“ მარცხი. ეს ჯგუფი რუსეთის მმართველი პარტიის „ედინაია რასიას“ ფილიალად განიხილებოდა და 1990 წლიდან გამართული ხუთივე "არჩევნები" ჰქონდა მოგებული. წინა "პარლამენტში" მათ 17 დეპუტატი ჰყავდათ, ახლა კი ბარიერს მიღმა დარჩნენ.

ბარიერი ასევე ვერ გადალახეს კომუნისტებმა (2009 წელს 8 მანდატი მოიპოვეს - ზ.წ) და მოქმედი „საგარეო მინისტრის“ დავით სანაკოევის „ახალმა ოსეთმა“. მხოლოდ 4 დეპუტატი გაიყვანა ჩინოვნიკების პარტიად მონათლულმა „ნიხასმა“, რომელსაც ცხინვალის მერი 37 წლის ალან ალბოროვი ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება, ცნობილი მოჭიდავის ჯამბოლათ თედეევის კლანის პარტიას. „ხალხის ერთობას“ ამჟამად ყოფილი ბოევიკი, ახლა კი ჯავის ადმინისტრაციის მეთაური ვლადიმერ ქელეხსაევი ედგა სათავეში და 2009 წელთან შედარებით, სამით ნაკლები, ექვსი დეპუტატის გაყვანა შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ არჩევნებს ცხინვალში წინ უსწრებდა, მრგვალი მაგიდა ვლადიკავკაზში, სახელწოდებით: „ოსეთის გაერთიანება ყირიმის პრეცედენტის კონტექსტში“. „ოსთა პარლამენტის“ ყოფილმა თავჯდომარემ კოსტა ძუგაევმა აღნიშნა, რომ ორი ოსეთის გაერთიანება უახლოესი მომავლის უმთავრესი ამოცანაა.

„1774 წლიდან მოყოლებული ოსებმა გააკეთეს ერთმნიშვნელოვანი არჩევანი დიდ რუსეთთან კავშირის სასარგებლოდ. წინაპრების ამ დანატოვარიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ორი ოსეთის გაერთიანება შესაძლებელია მხოლოდ, სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლით. როგორც ეს მოხდა სულ ახლახანს ყირიმის მაგალითზე.“

ბოლო 23 წელია ტერიტორიაზე, რომელსაც ეთნიკური ქართველები შიდა ქართლს (სამაჩაბლოს), ეთნიკური ოსები კი "სამხრეთ ოსეთს" უწოდებენ, სტატუსის შესახებ ოთხი რეფერენდუმია გამართული.

1991 წლის 17 მარტს, საერთო საკავშირო რეფენდუმის კითხვაზე გსურთ თუ არა საბჭოთა კავშირის შენარჩუნება? ყოფილ ავტონომიურ ოლქში მცხოვრები ეთნიკური ოსების უმრავლესობამ მხარი სსრკ-ს შენარჩუნებას დაუჭირა. ქართველებს ამ რეფერენდუმში მონაწილეობა არ მიუღიათ.

14 დღის შემდეგ, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი ახალგორის, ფრონეს ხეობის, ყორნისის, დიდი და პატარა ლიახვის ხეობის ქართულმა მოსახლეობამ ერთხმად დაუჭირა. ეთნიკური ოსების უმრავლესობა რეფერენდუმში არ მონაწილეობდა.

1992 წლის 19 იანვრის „რეფერენდუმზე“, ეთნიკურმა ოსებმა მხარი დაუჭირეს, როგორც „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას“, ისე „სამხრეთ ოსეთის შესვლას რუსეთის შემადგენლობაში“. ამ რეფერენდუმში უკვე ეთნიკური ქართველები არ მონაწილეობდნენ.

2006 წლის 12 ნოემბერს კიდევ ერთ „რეფერენდუმზე“, ისევ ქართველების გარეშე, ეთნიკურმა ოსებმა ამჯერად, „99 პროცენტით“, „სამხრეთ ოსეთის სრულ დამოუკიდებელობას“ მისცეს ხმა.

უახლოეს მომავალში, ეთნიკურად სრულიად გაწმენდილ ოკუპირებულ ანკლავში, კიდევ ერთი „რეფერენდუმი“ იგეგმება, ერთადერთი შეკითხვით - "გსურთ თუ არა „რუსეთის შემადგენლობაში შესვლა და ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანება?“

საქართველოს საგარეო უწყებამ დღეს „საპარლამენტო არჩევნები ცხინვალში“ შეაფასა, როგორც „უკანონო აქტი, ასობით ათასი ადამიანის ეთნიკური წმენდის დაფარვის მორიგი წარუმატებელი მცდელობა.“.
XS
SM
MD
LG