ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცხინვალში „სამარის ექსპერიმენტმაც“ არ გაამართლა


ლეონიდ თიბილოვმა(მარჯვნივ) როსტიკ ხუგაევი ცხინვალიდან უკან სამარაში გააბრუნა
ლეონიდ თიბილოვმა(მარჯვნივ) როსტიკ ხუგაევი ცხინვალიდან უკან სამარაში გააბრუნა

უფელი და ჩელიაბინსკელი „პრემიერ-მინისტრების“ შემდეგ, ოკუპირებულ ანკლავში სამარელი პრემიერიც გადააყენეს

როგორც კი რუსეთმა ოკუპირებული ქართული ტერიტორიების ფინანსური დახმარების ახალი გეგმა დაამტკიცა, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა „მთავრობა“ დაითხოვა. 1990 წლიდან მოყოლებული სეპარატისტულ ანკლავში ეს „მთავრობის“ გადაყენების უკვე მე-16 შემთხვევაა.

მსხვილმა სამარელმა ბიზნესმენმა, წარმოშობით ჯაველმა როსტიკ ხუგაევმა „სამხრეთ ოსეთის პრემიერის“ თანამდებობაზე 21 თვე გაძლო და რუსული მედიის ცნობით, ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა.

2012 წლის გაზაფხულზე, როცა ხუგაევი „დიდი“ სამშობლოდან მოულოდნელად „პატარა“ სამშობლოში დაბრუნდა, უკვე ცნობილი იყო, რომ ხუგაევის სამშენებლო გიგანტს, კომპანია „ამონდს“ სამარის ოლქში დიდი ვალები და შეუსრულებელი ვალდებულებები ჰქონდა დარჩენილი.

ოსური და რუსული წყაროების ცნობით, კორუფცია და ე.წ „ატკატები“ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობებიდან, ჩვეულებრივი მოვლენა იყო ხუგაევის „პრემიერობის“ დროსაც.

რუსეთიდან წამოსული ფინანსური დახმარების განაწილებაზე კონტროლს, „პრემიერის“ უახლოესი მეგობარი, სამარის ყოფილი ვიცე-მერი ანატოლი მაშჩელკინი ედგა სათავეში. იგი ხუგაევს, ყველაზე მსუყე თანამდებობაზე, „სამხრეთ ოსეთის გზების, კაპიტალური მშენებლობისა და არქიტექტურის მინისტრად“ ჰყავდა გამწესებული.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს

ლეონიდ თიბილოვმა არაეფექტურობის მოტივით დაითხოვა ეს კაბინეტი. არაეფექტურობა ერთის მხრივ მდგომარეობდა იმაში, რომ საბიუჯეტო სახსრები, რომელიც მოსკოვიდან მოდიოდა - არამიზნობრივად იხარჯებოდა და რაც ყველაზე მთავარია, ბოლო ეტაპისთვის, არაეფექტურადაც.

ეს იყო ძირითადი მოტივი და როგორც ჩანს, ეს იყო რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის სურკოვისა და მოსკოვის პოზიციაც. ამიტომაც მოხდა ეს ამბავი.“

მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტის შევსება თავის თავზე აიღო, რუსეთის სხვადასხვა მხარეებიდან მოვლენილი „პრემიერ-მინისტრები“ ცხინვალში ჩვეულებრივი ამბავი გახდა.

სამარელ როსტიკ ხუგაევამდე, 2005-2008 წლებში, „სამხრეთ ოსეთში პრემიერის“ თანამდებობა ბაშკირეთში დაბადებულ იური მოროზოვს ეკავა. ოსური წარმოშობის, მსხვილი მოსკოველი ბიზნესმენის ალბეტ ჯუსოევისა და რუსი გენერლის ანატოლი ბარანკევის მხარდაჭერით, სამეულმა არაერთი ფინანსური ნაკადი ჩაიგდო ხელში. მათ შორის გამოსარჩევია, ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის დამაკავშირებელი გაზსადენის (ძაურიყაუ-ცხინვალის) მშენებლობა.

თუმცა, 2009 წელს გაზსადენის გახსნის დროს, მოროზოვსა და ჯუსოევზე უკვე ძებნა იყო გამოცხადებული. მათ, კორუფციასა და ასობით მილიონი რუბლის გადასახადის დამალვაში ადანაშაულებენ. ამის გამო, ჯუსოევმა და მოროზოვმა სამხრეთ ოსეთს „ბანდიტური რესპუბლიკაც“ კი უწოდეს. დღეს მოროზოვი მოსკოვში, ჯუსოევის სამშენებლო კომპანია „სტროი პროგრესის“ ვიცე-პრეზიდენტია.

გაცილებით დიდ კორუციულ სკანდალში გაეხვა, „პრემიერი“ ვადიმ ბრონცევი, რომელიც ცხინვალში, საკუთარი 30 კაციანი გუნდით, ჩელიაბინსკის ოლქიდან 2009 წელს ჩავიდა.

რუსულ-ქართული ომის შემდეგ, მოსკოვმა სამხეთ ოსეთს, სადაც სულ 36 000 ადამიანი ცხოვრობს, ფანტასტიური თანხა, 43 მილიარდი რუბლი ანუ 1 300 000 000 დოლარი გამოუყო.

რუსეთის კონტროლის პალატის მასალების მიხედვით, ამ დახმარებიდან, 50 პროცენტზე მეტი, უკვალოდ გაქრა. ჟურნალ „ფორბსის“ მიმომხილველი წერდა რომ ცხინვალში სიტყვები „მშენებლობა“ და „ქურდობა“ უკვე დიდი ხანია სინონიმებია.

2009-2012 წლებში, ჩელიაბინსკელი ბრონცევის „პრემიერობას“, ცხინვალის „ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი“, ასევე ჩელიაბინსკელი ალექსანდრე ჟმაილო ასე იხსენებს

სამხრეთ ოსეთში საბიუჯეტო სახსრების დატაცებაც კი გულუბყვილოდ აქვთ ორგანიზებული, ასე რუსეთში უკვე 30 წელია აღარ იპარავენ.

ამავე დროს, ბიუჯეტის ქურდებისა და მათი შემოწმებლების ერთობლივი გულუბყვილობა ქურდობის გიგანტურ მასშტაბებს წარმოშობს.“

2013 წელს სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 4 700 000 000 რუბლით ანუ 140 000 000 დოლარით იყო განსაზვრული. აქედან, 125 000 000 დოლარი რუსეთის პირდაპირი დახმარება იყო.

რუსეთის პრემიერის დიმიტრი მედვედევის 4 იანვრის განკარგულებით კი ოკუპირებულ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი 2014-2016 წლებში, საერთო ჯამში, 6 000 000 000 რუბლის ანუ 180 000 000 დოლარის ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. მანამდე, მოსკოვმა სოხუმთან და ცხინვალთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა.

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი ამბობს

რუსეთის ფედერაციის ეს ქმედება არის საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა, ამჯერად ფინანსური დახმარების ფორმით. შესაბამისად, ეს არავითარ შემთხვევაში არ იქნება განხილული, როგორც საქართველოსკენ ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ გადმომდგმული ნაბიჯი.

ჩვენ დეტალურად მივაწვდით ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებს და ბუნებრივია, ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილეს.“

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვსა და ცხინვალს შორის უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები - თუ ვინ გახდება სეპარატისტული ანკლავის რიგით მე-17 პრემიერი. მოლაპარაკებებში აქტიურად არის ჩაბმული რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი.

მანამდე კი, პრემიერის მოვალეობას, გორის რაიონის სოფელ თხინალაში დაბადებული დომენტი კულუმბეგოვი ასრულებს. 59 წლის ჩინოვნიკი, საბჭოთა პერიოდში, ცხინვალში, კომკავშირულ და პარტიულ თანამდებობებზე მუშაობდა.
XS
SM
MD
LG