ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას შეცვლის მარეკ დუდაევის გათავისუფლება?


მარეკ დუდაევი თბილისში სასამართლო პროცესზე

23 წლის ნაცვლად, ცნობილმა პატიმარმა ციხეში 9 წელი გაატარა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:25 0:00
ბმული

თბილისის ერთ-ერთი ციხიდან, 9 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ცნობილი პატიმარი მარეკ დუდაევი გათავისუფლდა. იგი სასჯელს 2004 წლის მარტიდან იხდიდა. 2005 წლის ნოემბერში, თბილისის საოლქო სასამართლომ დუდაევს 23 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს გადაწყვეტილება ერთი წლის შემდეგ ძალაში უზანაესმა სასამართლომაც დატოვა.

გორის რაიონის სოფელ არცევის მკვიდრს, წარმოშობით ჩეჩენ, მარეკ დუდაევს ბრალად დაედო 1997 წლის თებერვალში, განსაკუთრებული სისასტიკით ბესიკ თენაძის განზრახ მკვლელობა.

გარდა ამისა მას ასევე ბრალდებოდა: გაზრახ მკვლელობის მცდელობა; სხეულის განზრახ დაზიანება; თავისუფლების უკანონო აღკვეთა; ყაჩაღობა, ძარცვა; ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა და ტარება; პოლიციაზე ძალადობა და წინააღმდეგობის გაწევა. გამოძიების ცნობით, დანაშაულთა კრებული დუდაევმა 1995-2002 წლებში ჩაიდინა.

2004 წლის 16 მარტს, საქართველოს უშიშროების სამინისტროს სპეცრაზმის მებრძოლებმა, მარეკ დუდაევი სპეცოპერაციის შედეგად სეპარატისტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან აიყვანეს. ოფიციალური ინფორმაციით, დუდაევმა სპეცნაზის მებრძოლებს წინააღმდეგობა გაუწია და მძიმედ დაიჭრა.

სისხლიანი ოსურ-ქართული ეთნოკონფლიქტის გარიჟრაჟზე, მარეკ დუდაევს, ჯერ მოუკლეს მამა, შემდეგ თვალწინ გაუუპატიურეს და, ცხელი წყალი გადაახსხეს დედას. დუდაევმა შურისძიების მიზნით, მხოლოდ თენაძის მკვლელობა აღიარა. დანარჩენ ბრალდებებს კი ფაბრიკაციას უწოდებდა. მარეკ დუდაევის ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი ამბობს

„მარეკ დუდაევი იყო 14 წლის, როცა საკუთარ სახლში, თვალწინ გააუპატიურეს და და მოუკლეს მამა. ის ნამდვილად მონაწილეობდა ბესიკ თენაძის მკვლელობაში, მაგრამ დანარჩენი, რომ ვითომ კრიმინალური ავტორიტეტი, მონსტრი და ქართველთმოძულე იყო ეს ყველაფერი ზღაპრებია.“

2004 წლიდან მოყოლებული სეპარატისტული ცხინვალი მუდმივად ითხოვდა მარეკ დუდაევის გადაცემას, ან ქართველ პატიმრებში გაცვლას. თუმცა, საქართველოს წინა ხელისუფლება არცერთ მოთხოვნას დათანხმდა.

მარეკ დუდაევის გათავისუფლებას ეთნიკური ქართველების გატაცებით ცდილობდა, მისი ძმა, ცხინვალში ასევე ცნობილი ავტორიტეტი - ერიკ დუდაევი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ერიკ დუდაევი და მისი ჯგუფის წევრები მონაწილეობდნენ რამდენიმე საქართველოს მოქალაქის გატაცებაში. მათ შორის, 2005 წელს: 11 წლის გენო პეტრიაშვილის, 14 წლის ლევან ცაციაშვილის, 18 წლის გოჩა ჯარმელაშვილის გატაცებებში.

ერიკ დუდაევის სახელს უკავშირებენ ასევე ერედვის პოლიციის უფროსის ლადო ჭალაურისა და პოლიციელ გოჩა გვიმრაძის გატაცებას; მამუკა და გალაქტიონ ხაჭაპურიძეების, ასევე მამუკა ლომიძის გატაცებებსა და სასტიკ მკვლელობებს.

2007 წელს ერიკ დუდაევი სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. დეკემბერში ცხინვალში სეპარატისტების მაღალი რანგის სამხედრო პირის, მაირუბეკ ხურიევის ავტომანქანა აფეთქდა. ხურიევი ადგილზე დაიღუპა, დუდაევი კი მძიმედ დაიჭრა, მაგრამ გადარჩა. მაშინ ცხინვალში განაცხადეს, რომ ტერაქტის უკან საქართველოს სპეცსამსახურები იდგნენ, თუმცა თბილისმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

დავით კაპანაძე, რომელიც 2009 წლის 27 თებერვალს დაატყვევეს იგონებს, რომ პირველას ის ერიკ დუდაევთან მიიყვანეს. კაპანაძე ჟენევის მოლაპარაკებაზე ქართული დელეგაციის ყოფილი წევრის გონერი კაპანაძის ძმა იყო. ამიტომ მას განსაკუთრებული სისასტიკით სცემდნენ, რათა ოფიციალური თბილისი ქართველი პატიმრის მარეკ დუდაევზე გაცვლას დათანხმებოდა. კაპანაძე სეპარისტებმა მხოლოდ 2011 წლის თებერვალში გაათავისუფლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი ამბობს, რომ მარეკ დუდაევის გათავისუფლება სერიოზული შეცდომაა

„ჰქონდა უმრავი მკვლელობა ჩადენილი, ასევე ყაჩაღობები. ჰქონდა მოწყობილი ტყვეთა ბანაკები, სადაც უფასოდ ამუშავებდა ქართველ მოსახლეობას. ექცეოდა როგორც ყრმებს. აუპატიურებდა ქალებს, იყო იქაურობის სრული ბატონ-პატრონი. ჩვენ 20 კაცში არ გავცვალეთ დუდაევი, იმდენად ამაზრზენი დანაშაულებები ჰქონდა ჩადენილი.“

პატიმარ დუდაევის მიმართ დამოკიდებულება საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებების შემდეგ შეიცვალა. ჯერ კიდევ თებერვალში, უჩა ნანუაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ თბილისსა და ცხინვალს შორის მომხადარიყო პატიმრების გაცვლა პრინციპით „ყველა ყველაზე“.

„რაც შეეხება მარეკ დუდაევს. მან მოიხადა უკვე 9 წელი. მე ვფიქრობ ეს იყო საკმარისი იმისთვის, რომ მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე მომხდარიყო რეაგირება. ეს პროცესი, ჩვენი აზრით, ხელს შეუწყობს მოლაპარაკების დაწყებას და ქართულ-ოსური დიალოგის გაღრმავებას.“

მარეკ დუდაევის შემდგომ ბედზე, რომელიც წესით ციხეში 2027 წლამდე უნდა მჯდარიყო, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართველოში ხელისუფლების ცვლილებამ, ამნისტიამ და საკანონმდებლო ცვლილებებმა.
2012 წლის ზამთარში, დუდაევს ჯერ საყოველთაო ამნისტია შეეხო და სასჯელის ვადა 10 წლით შეუმცირდა.

ახლახანს კი, სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც გულისხმობთა დანაშაულთა შეკრებითობას, სასჯელთა შთანთქმის პრინციპით შეიცვალა, რამაც ცნობილ პატიმარს თავისუფლება მოუტანა.

მარეკ დუდაევმა უკვე გადალახა ოკუპაციის ხაზი და სოფელ არცევში იმყოფება.

კომენტარების ნახვა (2)

XS
SM
MD
LG