ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოსი ჟურნალისტის თვალით დანახული ცხოვრება ცხინვალში


მარია პლიონი აქტიური ბლოგერია და წერით და ჟურნალისტური საქმიანობით ხელისუფლებისთვის სასურველი პერსონა არაა

ოსი ჟურნალისტის თვალით დანახული ცხოვრება ცხინვალში

„თქვენ უწოდებთ მას ადმინისტრაციულ ხაზს, ჩვენთვის ეს საზღვარია“, – ამბობს ოსი ეროვნების ცხინვალელი ქალბატონი. როგორია ცხოვრება ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიღმა. რა გამოწვევების წინაშე დგანან დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში მაცხოვრებელი რიგითი მოქალქეები? რამდენაც გაუმჯობესდა ცხოვრება ახალი ხელისუფლების პირობებში. რას უჩივიან და რა მოსწონთ მათ, ჩვენ მეზობლად მცხოვრებ ადამიანებს, რომლებთან ურთიერთობა საზღვრის მეორე მხარის მცხორებლებისთვის შეუძლებელია. ამის თაობაზე საკუთარ მოსაზრებებს მარია პლიონი გვიზიარებს, ოსი ჟურნალისტი, რომელიც ინტერვიუზე დაგვთანხმდა.

იგი ახლა გერმანიაში ცხოვრობს და სასწავლო კურსს გადის. მარია აქტიური ბლოგერია და წერით და ჟურნალისტური საქმიანობით ხელისუფლებისთვის სასურველი პერსონა არაა. მის გერმანიაში ემიგრაციასაც სწორედ ამგვარი ანტიპატიურობის სარჩული აქვს. მარია მართალია გერმანიაშია, მაგრამ ცხინვალელ და ვლადიკავკაზელ ახლობლებთან და მეგობრებთან ყოველდღიური კონტაქტი არასდროს გაუწყვეტია. ცდილობს მნიშვნელოვანი და საინტერესო ამბები ყურადღების მიღმა არ დატოვოს.

მარია, როგორია ცხოვრება ცხინვალში ომის შემდეგ? რა ეტაპზეა სარეაბილიტაციო სამუშაოები?

მარია პლიონი: თუ ვისაუბრებთ ინფრასტრუქტურასა და ომის შემდეგ აღდგენაზე, ყველაფერი ძალიან მტკივნეულად გამოიყურება. დამტვრეულია ქუჩები, სამხრეთ ოსეთის დედაქალაქისა, სადაც ცვლიან კომუნიკაციებს და ყველა ქუჩა გადათხილია. ვერაფრით ახერხებენ მოასფალტებას. ეს ეკოლოგიისთვისაც ცუდია და ქალაქის ნორმალური ფუნქციონირებისთვისაც. რაც შეეხება აღდგენილ სახლებს, მადლობა ღმერთს, ამ მხრივ უკეთესადაა საქმე. ააშენეს ორი რაიონი „მოსკოვსკი სოლნეჩნიში“, სადაც თითქმის მთლიანად უკვე განაწილებულია საცხოვრებლები. არიან უსახლკაროებიც და ისეთი ჩინოვნიკებიც, რომლებსაც სამი სახლი აქვთ. უკვე ოთხი წელია გასული და ამ დრომდე ყელაფერი უნდა იყოს უკვე აღდგენილი.

ხალხი რა სახის სამუშაოთია დაკავებული ძირითადად?

მარია პლიონი: არის რაღაც პატარა წარმოებები, მაღაზიები აქვთ, მაგრამ არის დიდი იმედი მომავლის. კარგი ხელფასები აქვთ მათ, ვინც სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობს, ხელფასი თითქმის იგივეა, რაც ჩრდილო ოსეთში. ბიუჯეტი თითქმის მთლიანად რუსული ფულით ივსება. მთლიანი ფული რუსეთიდან მოდის, შემდეგ კი ადგილობრივი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნაწილდება, ხელფასების სახით. ხილი ვისაც მოყავს, გასაღების პრობლემა არ აქვს.

უმუშევრობასთან დაკავშირებით რა ხდება?

მარია პლიონი: უმუშევრობა, ეს სიტყვა მე მხოლოდ მაშინ გავიგე, როდესაც თავდაცვის სამინისტროში დაიწყო შემცირებები, დაახლოებით ორი წლის წინ, მაშინ ხალხი შეამცირეს და მათაც დაიწყეს მოძებნა სხვა სამსახურების. რას აკეთებებ ახლა ისინი, არ ვიცი. უმუშევრობის სტატისტიკური მონაცემები არ მაქვს. ვიცი მხოლოდ ის, რაც ახლობლებისგან მომისმენია. ჩემი ახლობლებიდან თითქმის ყველა მუშაობს.

არჩევნებამდე საზოგადოებაში თითქოს უფრო იმედიანი განწყობა იგრძნობოდა. შეიცვალა რამე არჩვენების შემდეგ?

მარია პლიონი: არჩევნების წინ ხალხს ყოველთვის აქვს იმედი უკეთესის. ბოლო არჩევნებს რაც შეეხება, ხალხს უკეთესის იმედი იმ შემთხვევაში ჰქონდა, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ხელისუფლებაშიც მხოლოდ ალა ჯიოევაა ოპოზიციიდან. სხვა ადამიანები, რომლებიც მაშინ ჯიოევას გვერდით იყვნენ, მასთან მხოლოდ მას შემდეგ მივიდნენ, რაც დაინახეს, რომ გაიმარჯვა. რეალურად, ყველა მათგანი ხელისუფლების კადრი იყო. რეალური ოპოზიცია, ჯამბოლათ თედეევი, რომელიც რუსეთის ფედერაციის ნაკრების მწვრთნელი იყო თავისუფალ ჭიდაობაში, ხელისუფლებაში ვერ მოხვდა. უფრო მეტიც, ის გააგდეს სამსახურიდან და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებაშიც არ რგებია არანაირი პოსტი. არის კიდევ ერთი მოსკოველი ბიზნესმენი, ალბერტ ჯუსოევი, რომელიც ასევე პოლიტიკის მიღმაა დარჩენილი. მას, როგორც მინიმუმ, პრემიერ მინისტრის პოსტის იმედი ჰქონდა. მაგრამ არჩევნების შემდეგ, პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე მიიწვიეს რასტისლავ ხუგაევი, რომელსაც არავინ არ იცნობდა და არ მისი სახელი გაეგონა ვინმეს. ჯუსოევის სახელი კი ყოველთვის ჟღერდა ოსურ პოლიტიკაშიც და ეკონომიკაშიც, ბოლოს და ბოლოს მან გაიყვანა გაზის მილები სამხრეთ ოსეთში ჩრდილო ოსეთიდან. ის იყო ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი პროექტის მონაწილე. მას შემდეგ გაზს ვიღებთ რუსეთიდან და არა საქართველოდან, როგორც მანამდე ვიღებდით. მაშინაც რუსული გაზი იყო, თუმცა საქართველოდან მოდიოდა.

ახლა არის ოპოზიცია ცხინვალში?

მარია პლიონი: რაღაც პარტიები არის, მაგრამ ადრე, როგორც ჯუსოევი და თედეევი აკეთებდნენ აქციების ორგანიზებას, ასე აღარ ხდება. ახლა ოპოზიციური აქტივობები საერთოდ აღარ ფიქსირდება.

ამბობენ, რომ ფასები ძალიან მაღალია ცხინვალში.

მარია პლიონი: გააჩნია რას შევადარებთ, თუ ჩრდილო ოსეთის ფასებს შევადარებთ, ცოტა ძვირია, მაგრამ ბევრით არა. ეკონომიკურ ცხოვრებაზე ხალხი არ წუწუნებს, ძირითადად ინფრასტრუქტურის აღდგენაა პრობლემა, ქუჩებში ყველაგან ყრია სამშენებლო ნაგავი და ამ კუთხით ყველა უჩივის ცხოვრებას. მაგრამ ამ ბოლო პერიოდში, თითქმის ყველა ჩემმა ნაცნობმა გოგონამ ცხინვალში ავტომანქანა იყიდა და მისით გადაადგილდება. სხვათა შორის, ჩვენთან ქალი მძღოლების რიცხვი აჭარბებს მამაკაცი მძღოლების რიცხვს. ერთმა ჩემმა მეგობარმა მოახერხა მანქანის თბილისში ყიდვაც კი, რომელიც შემდგომში ლარსის პუნქტის გავლით გადაიყვანა ვლადიკავკაზში. არც ვიცი რატომ გააკეთა ასე, შეიძლება თბილისში უფრო იაფია მანქანები, ვიდრე ვლადიკავკაზში. ქალები იღებენ ხელფასს და ყიდულობენ თავისთვის. დასასვენებლადაც მიდიან სხვადასხვა კურორტებზე და არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ფარგლებში, არამედ საზღვარგარეთაც, ძირითადად თურქეთში, ეგვიპტეში და თვით ევროპულ კურორტებზეც კი. ადრე ჩვენ ამგვარი დასვენების უფლებას თავს ვერ მივცემდით. ახლა მეც კი წავედი იტალიაში, სადაც ჩემი მეგობარი ჩამოვიდა ცხინვალიდან. ევროპის ჩემპიონატზეც წავიდნენ ჩემი თანაქალაქელები. ასე რომ ეკონომიკური მდგომარეობა ხალხისთვის ნორმალურია.
XS
SM
MD
LG