ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო და ოთხი ასპირანტის მომავალი


პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი

ამერიკის ხმის ქართული რედაქცია ვაშინგტონში არსებული ბრუკინგსის ინსტიტუტის იარაღის კონტროლის ცენტრის დირექტორს სტივენ პაიფერს გაესაუბრა.

ნატოს ჩიკაგოს სამიტის ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყეტილებებზე, ალიანსის მომავალზე და ასპირანტი ქვეყნების ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებზე ამერიკის ხმის ქართული რედაქცია ბრუკინგსის ცენტრის იარაღის კონტროლის ცენტრის დირექტორს, უკრაინაში ამერიკის ყოფილ ელჩს სტივენ პაიფერს გაესაუბრა:

პაიფერი: "ნატოს სამიტზე ლიდერებმა არამარტო ავღანეთში მომავალი ორი წლის განმავლობაში სამოქმედო გეგმა დასახეს და ავღანურ ძალებზე ტრანზიციის სტრატეგიაც განამტკიცეს, არამედ ალიანსმა საკითხების იმ სრულ სპექტრზეც იმსჯელა, რომელმაც ალიანსის მოქმედების უნარი და სიცოცხლისუნარიანობა უნდა გაზარდოს სამომავლო ოპერაციების განხორციელების დროს. დიდი ყურადღება დაეთმო ლიბიის ოპერაციიდან მიღებულ გაკვეთილებს, და თუ როგორ უნდა მოხდეს იმ ჩავარდნების დაძლევა, რასაც ლიბიაში ქონდა ადგილი, ან რა უნდა გახდეს წევრი ქვეყნების მხრიდან საბიუჯეტო პრობლემების ფონზე ალიანსში კონტრიბუციისა და ეფექტური წვლილის გაზრდის გარანტი. თუმცა ჯერ კიდევ ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს ფინანსური პრობლემები მძვინვარებს და სამომავლო ოპერაციებისთვის ფინანსური მზარდაჭერა საბოლოოდ უზრუნველყოფილი არ არის.

სამიტის მნიშვნელოვან დასკვნებს შორის არის ე.წ. "გონივრული თავდაცვის" სისტემის დამტკიცება, რაც ნატოს მიერ რესურსების გაზიარების ხარჯზე მეტი შესაძლებლობების განვითარებას გულისხმობს ოპერაციების განხორციელების დროს. მეორე ეს იყო რაკეტსაწინაღო ფარის მოქმედების შუალედური შესაძლებლობის გამოცხადება. ეს უმეტესწილად ეფუძნება ფაქტს, რომ ამერიკის საზღვაო საბრძოლო ხომალდები ახლა ხმელთაშუაზღვაში იმყოფებიან, ნატოს სარადარო სისტემა განთავსებულია თურქეთში, რომელიც ირანზეა მიმართული და ეს სისტემა ნატოს კონტროლქვეშ გადავიდა. მას მოკლე და შორი რადიუსის ირანული რაკეტების შეკავება შეუძლია. მესამე მნიშვნელოვანი რეზულტატი არის ის რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა სამიტზე განაცხადეს თავიანთი გეგმის შესახებ ტაქტიკური ბირთვული იარაღის არსენალის შემცირებასთან დაკავშირებით გრძელვადიან პერსპექტივაში."

ჩვენს კითხვაზე თუ როგორ შეაფასებდა ასპირანტი სახელმწიფოების მიმართ გამოხატულ დამოკიდებულებას და მათ სამომავლო პერსპექტივებს ალიანსთან ურთიერთობისა და გაწევრიანების მიმართულებით, სტივენ პაიფერი გვპასუხობს:

"ამ განცხადებით ნატო უბრუნდება 1990იანი წლების პრინციპებს: შესაბამისად, ხელს უწვდის ყველა ქვეყანას, რომელიც ასრულებს არა მხოლოდ სამხედრო რეფორმებს არამედ ყველა სხვა დემოკრატიულ რეფორმას ატარებს. ასპირანტი ქვეყნები -ბოსნია ჰერცეგოვინა, მაკედონია, ჩერნოგორია და საქართველო ამ მხრივ ერთნაირად ვითარდებიან და ამასთან ამ ქვეყნებმა მკაფიო სურვილი გამოთქვეს ნატოში გაწევრიანების მიმართულებით. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ვერ მიიღებს ახალ წევრებს თუ ქვეყნებმა თვითონვე არ დააფიქსირეს მტკიცე გადაწყვეტილება და ნება სამხედრო ალიანსში გასაწევრიანებლად.

ყველა ქვეყანა ინდივიდუალური გზით ვითარდება. მაკედონიის შემთხვევაში სახელთან დაკავშირებით არსებული უთანხმოება ქვეყანას ხელს უშლის ბევრ რამეში. რაც შეეხება საქართველოს: ტერიტორიული კონფლიქტების გამო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ეს ქვეყანა წევრობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება."

ამერიკის ხმა: როგორ განვითარდება ურთიერთობები ალიანსსა და რუსეთს შორის, მაშინ როცა ევროპაში ნატოს რაკეტსაწინაღო ფარის შუალედური შესაძლებლობების შესახებ მოვისმინეთ განცხადებები და პარალელურად, ნატო, რუსეთის მეზობელ ქვეყანასთან-საქართველოსთანაც თანამშრომლობს.

"ნატო-რუსეთის ურთიერთობებში მკაფიო უთანხმოებები არსებობს სხვადასხვა საკითხში. ამის დასტურია ვლადიმირ პუტინის ჩაუსვლელობა ჩიკაგოშიც. რუსები დღემდე პრეტენზიებს აცხადებენ ნატოსა და ამერიკის რაკეტსაწინაღო სისტემების მისამართით. მათ განცხადებებში შეინიშნება შიში იმისა, რომ ნატოს რაკეტსაწინაღო ფარი რუსეთის სტრატეგიულ ძალებს შეუქმნის საფრთხეს. შესაძლოა ეს არგუმენტი ნაწლობრივ იყოს ლეგიტიმური, თუმცა მე ვიცნობ რა კარგად ამერიკის გეგმებს მომავალი ათი წლის განმავლობაში, მოსკოვს ანალოგიური შიში არ უნდა ქონდეს. თუმცა მაინც მგონია, რომ ამ საკითხს რუსეთის ხელისუფლება ახლა დაუთმობს დიდ დროს და ყურადღებას, არამედ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს დაელოდება, რადგან მისი ვარაუდით თუ თეთრ სახლში ახალი პრეზიდენტი მოვიდა, შესაძლოა რაკეტსაწინაღო ფარის საკითხში შეიცვალოს ამერიკის მთლიანი პოზიციაც. ისე რომ, კრემლი ახლა იცდის და მოვლენების განვითარებას ელოდება."

XS
SM
MD
LG