ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალიანსის ღია კარის პოლიტიკა


ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მნიშვნელობა, სტატუს კვო სამიტამდე, ჩიკაგოს შეხვედრის დღის წესრიგი და ალიანსის ღია კარის პოლიტიკა კავკასიის ქვეყნებთან მიმართებაში.

ამ თემებზე ოთხშაბათს ამერიკის უნივერსიტეტის შავი ზღვისა და კასპიის აუზის სწავლების ცენტრში მსჯელობდნენ. მოსაზრებები დააფიქსირეს ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და სენატორ ჯინ შაჰინის აპარატის წევრებმა. გამოსვლელებს ამერიკაში ლიტვის ელჩი ზიგიმანტას პავილიონისი და ქართველი ელჩი თემურ იაკობაშვილი, შავი ზღვის სწავლების ცენტრის დირექტორი მამუკა წერეთელი და ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი შეუერთდნენ.

ერთერთი მომხსენებელი იყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილი,თემაზე „ საქართრველოს მისწრაფებები ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში როგორც რეგიონული უსაფრთხოების დამაბალანსებელი ფაქტორი.

დეიმონ ვილსონმა ყურადღება გაამახვილა ნატოს დღევანდელ მნიშვნელობაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამედროვეობის უძლიერესი სამხედრო ალიანსია, ამასთან ამერიკისთვის უნიკალური საშუალება ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობისთვის, ისევე როგორც კოლექტიური თავდაცვის ეფექტური პლატფორმა. ალიანსმა ვილსონის განცხადებით ბოლო პერიოდში დაამტკიცა რომ მოქნილი და ადაპტაციის უნარის მქონე გაერთიანებაა, რომელსაც სხვადასხვა სიტუაციებზე რეაგირების მიზნით მოქმედება შეუძლია. ჩიკაგოში, კი ექსპერტის თქმით, კარგი საშუალება იქნება ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდეს მთავარ გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე. გამოწვევად ავღანეთში მიმდინარე პროცესები რჩება, ისევე როგორიც ევროპელ მოკავშირეებში საბიუჯეტო სირთულეები და ალიანსის ოპერაციების დაფინანსების პრობლემურობა. ამ ფონზე, ვილსონის აზრით, ალიანსმა არ უნდა გარიყოს პოტენციური წევრები და განსაკუთრებით კი ასპირანტ ქვეყნებს -ბოსნიას, მაკედონიას, მონტენეგროსა და საქართველოს სამიტის დეკლარაციაში კონკრეტული მინიშნებით უნდა მიაწოდოს ეს გზავნილი, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა ალიანსისთვის მიმდინარე პოლიტიკის ნაწილია. ამ დოკუმენტს ჩიკაგოში უმაღლეს დონეზე ლიდერების შორის შეხვედრამ უნდა მისცეს ბიძგი. ამასთან უნდა მოხდეს იმის ხაზგასმა, რომ ნატო-საქართველოს კომისია საქართველოს ალიანსის წევრობის წინაპირობაა, და განსაკუთრებით აღინიშნოს საქართველოს კონტრიბუცია აისაფის ოპერაციებში.

ალიანსმა ამასთან ჩიკაგოს სამიტზე, მაშინ როცა თავყრილობა არ დაეთმობა გაფართოების ძალისხმევას, უნდა დააკონკრეტოს რომ შემდეგ სამიტზე, აუცილებლად იმსჯელებს ამ მიმართულებით.

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენელმა და სენატორ შაჰინის ადმინისტრაციის წევრმა გამოთქვეს მხარდაჭერა ალიანსის მნიშვნლობის მიმართ, და დააფიქსირეს კონგრესის ჩართულობის საჭიროება ტრანსატლანტიკური პარტნიორობის შენარჩუნების მიზნით. ორივე გამომსვლელის პრეზენტაციაში გაიჟღერა სინანულმა გავლენიანი სენატორის რიჩარდ ლუგარის წარუმატებლობის შესახებ ორი დღის წინ, როცა ის საკუთარ შტატში, ინდიანაში გამართული რესპუბლიკური პარტიის პრაიმერის დროს დამარცხდა. აღინიშნა, რომ რიჩარდ ლუგარის გავლენა და წვლილი ამერიკის საგარეო პოლიტიკის წარმატებაში ათწლეულებს ითვლის და რომ ახლა, ისე როგორც არასდროს ამერიკას ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობა სჭირდება. სენატორის ოფისის წარმომადგენელმა საქართველოსთან მიმართებაში აღნიშნა, რომ ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრები თბილისში, ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა ვაშინგტონში და უახლოეს მომავალში ამერიკის თავდაცვის მდივნის ვიზიტი თბილისში ნატო-საქართველოსა და ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობას აჩვენებს.

ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა, აზერბაიჯანსა და თურქეთში ამერიკის ყოფილმა ელჩმა როს ვილსონმა ამასთან დაკავშირებით გვითხრა:

„ჩემი მოსაზრებით, ნატოსა გაფართოებით ძალისხმევა გარკვეული დროის განმავლობაში არ განხორციელდება. ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს, კერძოდ ამერიკის მიერ ყურადღების გადატანა ქვეყნის შიდა პრობლემებზე, და ევროპის ქვეყნების უზარმაზარი პრობლემა საკუთარ ფინანსებთან და განსხვავებულ იდეოლოგიურ მოსაზრებებთან დაკავშირებით. თუმცა, ნატო მნიშვნელოვანია დღესაც. რაც შეეხება კავკასიის ქვეყნებისადმი ღია კარის პოლიტიკას, ჩიკაგოს სამიტზე მთლიანობაში უნდა დაფიქსირდეს, რომ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის მისამართით კარი ღიაა მომავალში თუ ამას შესატყვისი მუშაობა, მონდომება, მოთმინება და სურვილი ახლავს თან. ეს მრავალწლიანი პროცესი იქნება, წინ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი.“

XS
SM
MD
LG