ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნაურუმ შავი ნაბადი მოირგო


ნაურუს პრეზიდენტი ბარონ დივავესი ვაქა აფხაზური ნაბადით ოკუპირებულ სოხუმში
ნაურუს პრეზიდენტი ბარონ დივავესი ვაქა აფხაზური ნაბადით ოკუპირებულ სოხუმში

“ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მუდმივი ზეწოლის მიუხედავად, ნაურუ არ აპირებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებას“ - ამის შესახებ ოკუპირებულ სოხუმში ვიზიტისას ნაურუს პრეზიდენტმა ბარონ დივავესი ვაქამ განაცხადა და საჩუქრად აფხაზური შავი ნაბადი მიიღო.

ნაურუს რვაკაციანი დელეგაციის ვიზიტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მთლიანად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააფინანსა. პრეზიდენტი ვაქა თავდაპირველად რუსეთში, კრასნოდარის მხარეში ჩავიდა და 12 ნოემბერს, ქალაქ სოჭში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა.

ნაურუს პრეზიდენტი და რუსეთის საგარეო მინისტრი სოჭში, 12.11.2017
ნაურუს პრეზიდენტი და რუსეთის საგარეო მინისტრი სოჭში, 12.11.2017

იმავე დღეს, ნაურუს ოფიციალურმა დელეგაციამ, რომელშიც პრეზიდენტის გარდა, პირველი ლედი ლუიზა ვაქა, განათლების, შინაგან საქმეთა და მიწათმოწყობის მინისტრი ჩარმინ სკოტი, გაეროში მუდმივი წარმომადგენელი მარლენ მოზესი და პარლამენტარი მილტთონ დიუბი შედიოდნენ, ფსოუს სასაზღვრო-გამშვები პუნქტი გადაკვეთა.

სეპარატისტების ლიდერ რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის დროს, პრეზიდენტმა ვაქამ, რომელიც პარალელურად, ნაურუს საგარეო საქმეთა, ვაჭრობის, პოლიციის, საგანგებო სიტუაციების, კლიმატის ცვლილების და სახელმწიფო სამსახურის მინისტრია, კერძოდ ბრძანა:

აფხაზეთის აღიარების გამო ჩვენ რეალური ზეწოლის ქვეშ აღმოვჩნდით, პირველ რიგში, აშშ-სა და საქართველოს მხრიდან. ეს სიტუაციაა შანტაჟის მსგავსია. მაგრამ, ჩვენ არ გადავუხვევთ ამ გზიდან"
ბარონ დივავესი ვაქა, ნაურუს პრეზიდენტი

„აფხაზეთის აღიარების გამო ჩვენ რეალური ზეწოლის ქვეშ აღმოვჩნდით, პირველ რიგში, აშშ-სა და საქართველოს მხრიდან. ეს სიტუაცია შანტაჟის მსგავსია. მაგრამ, ჩვენ არ გადავუხვევთ ამ გზიდან, დიდი გული გვაქვს და როგორც თქვენ, ჩვენც ისე ვაგრძელებთ ბრძოლას.“

ნაურუმ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები „დამოუკიდებელ ქვეყნებად“ 2009 წლის დეკემბერში სცნო, მას შემდეგ, რაც ნაურუს მაშინდელი პრეზიდენტი კირენ კეკე, მოსკოვში სერგეი ლავროვს შეხვდა და რუსეთისგან 50 მილიონი დოლარი საჩუქრად მიიღო.

„აღიარება და მხარდაჭერა ფულის სანაცვლოდ“ - ოკეანეთის სხვა ქვეყნების მსაგვსად, ნაურუს სახელმწიფო შემოსავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ამის მკაფიო მაგალითია ნაურუსა და ტაივანის ურთიერთობა.

ნაურუს სამთავრობო დელეგაცია ოკუპირებულ სოხუმში
ნაურუს სამთავრობო დელეგაცია ოკუპირებულ სოხუმში

ნაურუმ ფინანსური დახმარების სანაცვლოდ ტაივანის დამოუკიდებლობა 1980 წელს სცნო. თუმცა, 2002 წელს, ჩინეთისგან 130 მილიონი დოლარი მიიღო და ტაივანის აღიარება „გააუქმა“. 2005 წელს, ჯუჯა სახელმწიფომ კიდევ ერთხელ შეცვალა გადაწყვეტილება, პეკინში საელჩო დახურა და ტაივანი „ხელახლა“ აღიარა.

Wikileaks-ის მონაცემებით, ტაივანი ყოველთვიურად ქრთამს უხდის ნაურუს პრეზიდენტს, პრემიერს, მინისტრებსა და პარლამენტის წევრებს, ეს ფული ხან „სტიპენდიის“, ხან კი „სამედიცინო დახმარების“ სახელით ფორმდება. ასევე გულუხვად აფინანსებს კუნძულელი პოლიტიკოსების საარჩევნო კამპანიებს.

1981 წელს, ნაურუმ ფულის სანაცვლოდ, აფრიკის კონტინენტზე, „საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობაც აღიარა, თუმცა 2000 წელს, ფინანსური დახმარება უკვე მაროკოსგან მიიღო და „საჰარის დამოუკიდებლობის აქტი“ გააუქმა.

მსგავს დახმარებას იღებს ნაურუ ისრაელის სახელმწიფოსგანაც, პალესტინის დამოუკიდებლობის არაღიარების სანაცვლოდ. იგივე, ფინანსური ურთიერთობა აქვს რუსეთთან.

კრემლმა ბოლოს ნაურუს ხმა EXPO-2020-ის მასპინძლობის მოსაგებად იყიდა, რომლის გამართვაც ეკატერინებურგში სურდა. რუსეთის ქალაქის მხადასაჭერად ნაურუს პრეზიდენტი ბარონ ვაქა სპეციალურად სვერდლოვსკის ოლქშიც კი ჩავიდა, ფულთან ერთან, რუსეთთან უვიზო რეჟიმიც მიიღო, თუმცა, საბოლოოდ ეკატერინებურგი კენჭისყრაში დუბაისთან დამარცხდა.

ნაურუს პრეზიდენტი მოსკოვში ოსი სეპარატისტების ლიდერსაც შეხვდა
ნაურუს პრეზიდენტი მოსკოვში ოსი სეპარატისტების ლიდერსაც შეხვდა

ოკუპირებულ სოხუმში ვიზიტის შემდეგ, ნაურუს პრეზიდენტი მოსკოვში გაემგზავრა, სადაც გუშინ ოსი სეპარატისტების ლიდერს შეხვდა. „გაცნობითი შეხვედრის“ შემდეგ ანატოლი ბიბილოვმა აღნიშნა:

დარწმუნებული ვარ, რომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების პროცესი გაგრძელდება. ამისთვის აუცილებელია, ჩვენი პარტნიორების, იგივე ნაურუს დახმარებით ბევრი მუშაობა"
ანატოლი ბიბილოვი, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო მმართველი

„დარწმუნებული ვარ, რომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების პროცესი გაგრძელდება. ამისთვის აუცილებელია, ჩვენი პარტნიორების, იგივე ნაურუს დახმარებით ბევრი მუშაობა. ამ მიზნით, გავეცი ბრძანება, რომ ჩვენი და ახალი ზელანდიის მოქალაქე თეიმურაზ ბითიევი ნაურუში სამხრეთ ოსეთის ოფიციალურ წარმომადგენლად დაინიშნოს.“

საქართველოდან 12 725 კილომეტრით დაშორებული ნაურუ, წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. კუნძულის ფართობი სულ 21,3 კვ.კმ-ია,სადაც 11 000 ადამიანი ცხოვრობს, მათი უმრავლესობა (94%) ნაურუელია. ნაურუს მთავრობა, პრეზიდენტის ჩათვლით, ექვსი მინისტრისგან შედგება, პარლამენტში 13 დეპუტატია.

კუნძულ ნაურუს ადგილმდებარეობა
კუნძულ ნაურუს ადგილმდებარეობა

ნაურუ, რომელმაც დამოუკიდებლობა 1968 წელს მოიპოვა, დღეისათვის წყნარი ოკეანის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი და იზოლირებული ქვეყანაა. იქ აკრძალულია სოციალური ქსელები, მათ შორის Facebook, ხოლო უცხოელი ჟურნალისტისთვის ქვეყანაში შესასვლელი ვიზა - 8000 აშშ დოლარი ღირს.

2017 წლის მაისში, მას შემდეგ რაც აშშ-ს კონსოლიდირებული ასიგნებების აქტში (Consolidated Appropriations Act, 2017), პრეზიდენტ ტრამპის ხელმოწერის შემდეგ, გაჩნდა სპეციალური ჩანაწერი, რომ აშშ-ს „გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებენ იმ ქვეყნების ცენტრალური მთავრობები, რომლებმაც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აღიარეს“ იყო მოლოდინი, რომ ნაურუ (ვანუატუს და ტუვალუს მსგავსად) აღიარებას გააუქმებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

ახალი ზელანდიის რადიოს ცნობით, აკრძალვის მიუხედავად, ნაურუსთან თანამშრომლობას აზიის განვითარების ბანკი (Asian Development Bank) განაგრძობს, რომელსაც კუნძულზე 14 მილიონი დოლარის ბიუჯეტის რამდენიმე პროგრამა აქვს ჩაშვებული.

კუნძული სახელმწიფო - ნაურუ
კუნძული სახელმწიფო - ნაურუ

Facebook Forum

XS
SM
MD
LG