ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ლვივის შემოგარენს ბომბავს


რუსულმა ძალებმა ლვივის შემოგარენზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა
რუსულმა ძალებმა ლვივის შემოგარენზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა

რუსულმა ძალებმა პარასკევს უკრაინულ ქალაქებზე იერიშები განაახლა. საჰაერო თავდასხმები განხორციელდა დედაქალაქ კიევზე და ქალაქ ლვივის გარეუბნებზე. ეს იმ ფონზე, როცა დასავლელი ლიდერები სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის სკოლებსა და საავადმყოფოებზე, რუსეთის განმეორებითი თავდასხმების გამოძიებას ითხოვენ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ლვივი ერთგვარ გზაჯვარედინად იქცა, ერთი მხრივ, ქვეყნის სხვა ნაწილებიდან თავშესაფრის ძიებაში გაქცეული ადამიანებისთვის და მეორე მხრივ მათთვის, ვინც ქვეყანაში საბრძოლველად შედის, ან დახმარების მიწოდებას ცდილობს. პარასკევს დილით განხორციელებული თავდასხმა ქალაქის ცენტრთან ყველაზე ახლოს იყო.

საჰაერო იერიში რუსეთმა ცენტრიდან ექვს კილომეტრში, სამხედრო თვითმფრინავის სარემონტო ობიექტებზე მიიტანა. რეგიონის გუბერნატორის განცხადების მიხედვით, შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაიჭრა.

თვითმხილველების თქმით, დილის 6 საათზე, ზედიზედ რამდენიმე აფეთქება მოხდა, რამაც მიმდებარე შენობები შეარყია. რაკეტები გაშვებული იყო შავი ზღვიდან, მაგრამ უკრაინის საჰაერო ძალების დასავლეთის სარდლობამ განაცხადა, რომ ექვსიდან ორი რაკეტა ჩამოაგდო. ლვივის მერის თქმით, თავდასხმისას ასევე დაზიანდა ავტობუსების სარემონტო ობიექტი.

ლვივი ფრონტის ხაზის მიღმაა და პოლონეთის საზღვრიდან არცთუ ისე შორს მდებარეობს. მიუხედავად ამისა, რუსეთი ქალაქსა და მიმდებარე ტერიტორიებზე იერიშებს ახორციელებს. თითქმის სამი ათეული ადამიანი დაიღუპა გასულ შაბათ-კვირას, ქალაქის მახლობლად მდებარე სასწავლო ობიექტზე თავდასხმის შედეგად.

გამთენიისას, კიევის პოდილის რაიონში მომხდარ საცხოვრებელი კორპუსის აფეთქებას, ერთი ადამიანი ემსხვერპლა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, შენობიდან 98 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დაბომბვის შედეგად 19 ადამიანი დაიჭრა.

რეგიონის გუბერნატორის, პავლო კირილენკოს თქმით, კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთში, ქალაქ კრამატორსკში საცხოვრებელ და ადმინისტრაციულ შენობებზე მიტანილი იერიშის შედეგად.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განაცხადებით, საავადმყოფოებსა და სამედიცინო დაწესებულებებზე ამ დრომდე განხორციელებული 43 თავდასხმისას, ჯამში 12 ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები აფასებენ პოტენციურ სამხედრო დანაშაულებებს და იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ დამიზნება დადასტურდება, ამას "მასშტაბური შედეგები" მოჰყვება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პარასკევს დილით თქვა, რომ იგი მადლობას უხდის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, დამატებითი სამხედრო დახმარებისთვის. მაგრამ, ზელენსკის თქმით, დახმარების ახალი პაკეტის შესახებ დეტალურად საუბარს არ გეგმავს, რადგან არ სურს რუსეთმა ეს წინასწარ იცოდეს.

რუსეთმა „არ იცოდა, რა გვქონდა თავდაცვისთვის ან როგორ მოვემზადეთ დარტყმისთვის“ - აცხადებს ზელენსკი და ამბობს, რომ უკრაინას ჰქონდა ბევრად უფრო ძლიერი თავდაცვა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

მიმდინარე კვირაში, უკრაინამ და რუსეთმაც, მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესის სესახებ განაცხადეს. ზელენსკიმ თქვა, რომ ის წინასწარ არ ისაუბრებს უკრაინის მოლაპარაკების ტაქტიკის შესახებ.

"მიმაჩნია, რომ სწორი გზა უფრო ჩუმად მუშაობაა, ვიდრე ტელევიზიით, რადიოთი ან "ფეისბუქზე" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

დღესვე, ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცთან. შოლცის სპიკერის თქმით, გერმანიის კანცლერმა, რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა, დათანხმდეს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას და გააუმჯობესოს ჰუმანიტარული ვითარება.

სატელეფონო საუბრის შესახებ კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვლადიმირ პუტინმა გერმანიის კანცლერთან საუბრისას, მოლაპარაკებებში უკრაინის წინადადებებს "არარეალური" უწოდა. კრემლი აცხადებს, რომ უკრაინა მოლაპარაკების გაჭიანურებას ცდილობს. კრემლმა ასევე განაცხადა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებს და აღმოსავლეთის ქალაქების დაბომბვის გამო, ბრალს დებს უკრაინას ომის დანაშაულში.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG