ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ოცნების“ პრეზიდენტზე თავდასხმა: ეროვნული თანხმობის პროცესის მომავალი უფრო ბუნდოვანია


პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლოს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 2018 წელს, ქვეყნის პრეზიდენტი, სწორედ „ქართული ოცნების“ დიდი ძალისხმევის შედეგად გახდა.

განხეთქილების ძირითადი მიზეზი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის წამოწყებული ომი და საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკაა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ღიად დაადანაშაულა მთავრობა, "ნეიტრალური" საგარეო პოლიტიკის წარმოებასა და უკრაინის კრიზისის დაწყების შემდეგ, ევროპის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტების დაბლოკვაში.

„ოცნებამ“ ასევე დაბლოკა პრეზიდენტის ინიციატივა, უკრაინის საკითხზე, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის და უსაფრთხოების გაფართოებული საბჭოს მოწვევის თაობაზე.

ამ ბრალდების საპასუხოდ, მმართველი პარტია პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელით დაემუქრა. „ოცნების“ გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ გასულ წელს, „პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩების დანიშვნაზე, უარი არაერთხელ განაცხადა". ექსპერტების აზრით, უკრაინის ომზე, მმართველი პარტიისა და პრეზიდენტის პოზიციები აშკარად გაიყო.

„პრეზიდენტის ნაბიჯები იყო გამართლებული, მიუხედავად იმისა, რომ ის შეხვედრები რაც პრეზიდენტმა ევროპაში გამართა, მთავრობის უარის შემდეგ, ჩემი აზრით კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა. სწორედ ამიტომ ვერ ბედავს „ოცნება“ ახლა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას"
ვახუშტი მენაბდე, პოლიტიკის სამართლის სპეციალისტი

„უკრაინის ომის ფონზე, ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი აქტიური საგარეო პოლიტიკა და მეტი ძალისხმევა ევროინტეგრაციის კუთხით“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ვახუშტი მენაბდემ. პოლიტიკის სამართლის სპეციალისტის აზრით, „პრეზიდენტის ნაბიჯები იყო გამართლებული მიუხედავად იმისა, რომ ის შეხვედრები, რაც პრეზიდენტმა ევროპაში გამართა მთავრობის უარის შემდეგ, ჩემი აზრით, კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა.“

მენაბდის განცხადებით, „პრეზიდენტმა სწორი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა და მისი პოლიტიკა გაცილებით ახლოს არის საქართველოს საჭიროებებთან, ვიდრე „ოცნების“ პოლიტიკა".

მისი თქმით, „სწორედ ამიტომ ვერ ბედავს „ოცნება“ ახლა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას. მას არ აქვს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო 100 ხმა პარლამენტში, თუმცა, აქვს პროცესის ინიცირებისთვის აუცილებელი 50 ხმა.

ამიტომ, „ოცნება“ არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში და ის წერილიც, რაც მათ გამოაქვეყნებს აფუჭებს საქმეს, ზღუდავს სადისკუსიო სივრცეს და აღრმავებს პოლარიზაციას“ - მიაჩნია ვახუშტი მენაბდეს.

„როდესაც ასეთი რთული პროცესები მიმდინარეობს რეგიონში, ფართომასშტაბიანი ომია უკრაინაში, მთავრობის თითოეულ წევრს და მეც მიმაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი უნდა იყოს და ყოფილიყო ქვეყანაში“ - ასე ახსნა მთავრობის გადაწყვეტილება, დაებლოკათ პრეზიდენტისთვის ევროპაში ვიზიტი, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვანო მაჭავარიანი "ოცნებისა" და პრეზიდენტის კონფლიქტზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:59 0:00

„ეს არის წითელი ბარათი პრეზიდენტისთვის“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ საქართველოს სტრატეგიული ანალზის ცენტრის ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა. მისი თქმით, „ეს პრობლემა როგორც ჩანს დიდი ხანია არსებობს და ახლა უბრალოდ ზედაპირზე გამოვიდა. ახლა მას გაფრთხილებას აძლევენ და ნებისმიერ დროს შეუძლიათ მისი გადაყენების საკითხი წამოსწიონ, თუ „ჭკვიანად არ მოიქცევა“. თუ ასეთ პირობებში, მას არ აწყობს მუშაობა, რომ ჩვეულებრივი პოლიტიკური დეკორაცია უნდა იყოს „ოცნებისთვის“, მაშინ მას წასვლისკენაც მოუწოდებენ“ - აცხადებს მაჭავარიანი.

„ეს არის წითელი ბარათი პრეზიდენტისთვის. ეს პრობლემა როგორც ჩანს დიდი ხანია არსებობს და ახლა უბრალოდ ზედაპირზე გამოვიდა. ახლა მას გაფრთხილებას აძლევენ და ნებისმიერ დროს შეუძლიათ მისი გადაყენების საკითხი წამოსწიონ, თუ „ჭკვიანად არ მოიქცევა“
ვანო მაჭავარიანი, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე

მაჭავარიანს, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ის ამბობს, რომ „ოცნებამ“ პრეზიდენტის ინსტიტუტის ასეთი უხეში ფორმით შეზღუდვა, ჯერ კიდევ 2013 წლიდან დაიწყო.

„უფრო მძიმე სიტუაცია იყო მარგველაშვილთან, ინაუგურაციის შემდეგ პირველივე დღეებიდან გამოჩნდა ეს პრობლემა“ - იხსენებს ვანო მაჭავარიანი. „თემა იყო უშიშროების საბჭოს ფუნციონირება, მთავარსარდლის ფუნქციები, პრეზიდენტის ინსტიტუტის დამოუკიდებლობა.

პირდაპირ მიგვითითებდნენ, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, პრეზიდენტს აქტიურობის საშუალება არ მისცემოდა. მას ეუბნებოდნენ, რა უნდა ექნა და რა - არა. ამაში რამდენიმე ადამიანი იყო ჩართული, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ და ეს „ბლოკადა“ გავარღვიეთ“ – ამბობს მაჭავარიანი.

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თუ „ქართულმა ოცნებამ“ ნამდვილად მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ეს დავა წააგო?

„ეს დავა ძალიან ჯანსაღი და საინტერესო იქნებოდა, საკონსტიტუციო სასამართლოს რომ ჰქონდეს მოქმედების თავისუფალი სივრცე“ - ამბობს ვახუშტი მენაბდე.

მისი თქმით, „საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობას მმართველი გუნდი აკონტროლებს და მას აქვს ბერკეტები, სასამართლოს იმგვარ გადაწყვეტილებაზე მოაწერინოს ხელი, როგორიც „ოცნებისთვის“ იქნება ხელსაყრელი. ანუ, თუ ეს დავა წააგო ზურაბიშვილმა, ამის შემდეგ, მას აღარ ექნება შესაძლებლობა ელჩის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურები დაბლოკოს.“

„იმპიჩმენტს ეს ავტომატურად არ გულისხმობს, კომპეტენციის შესახებ დავის ზურაბიშვილის საწანააღმდეგო დასრულება არ ნიშნავს, რომ იმპიჩმენტი ავტომატურად დაიწყება"

„იმპიჩმენტს ეს ავტომატურად არ გულისხმობს, კომპეტენციის შესახებ დავის, ზურაბიშვილის საწანააღმდეგო დასრულება არ ნიშნავს, რომ იმპიჩმენტი ავტომატურად დაიწყება. თუმცა, როგორც არგუმენტი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში, შეიძლება გამოიყენოს „ოცნებამ“, თუ ამას გადაწყვეტს“ - ამბობს ვახუშტი მენაბდე.

ექსპერტების აზრით, მმართველი პარტიის და პრეზიდენტის ღია კონფლიქტი და „ქართული ოცნების“ ღია თავდასხმა სალომე ზურაბიშვილზე, საქართველო წინაშე არსებული უდიდესი საგარეო საფრთხის ფონზე, აზიანებს ყველაზე მნიშვნელოვანს, კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის, პრეზიდენტის ქოლგის ქვეშ, 2021 წლის დეკემბერში დაწყებულ ეროვნული თანხმობის პროცესის მომავალს. ამ პროცესს, ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი როგორმე უნდა განემუხტა.

საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG