ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზურაბიშვილის პარლამენტისადმი მიმართვის მთავარი აქცენტები


საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 2022 წლის საპარლამენგტო მოხსენება. 14 მარტი, 2022 წელი.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 2022 წლის საპარლამენგტო მოხსენება. 14 მარტი, 2022 წელი.

საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრალამენტის წინაშე, ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა.

სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის წინაშე მოხსენება, უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის გამოცხადებით და რუსეთთან მიმდინარე ომში დაღუპულთა პატივისცემად, წუთიერი დუმილით დაიწყო.

„ქართველებს, ყველაზე კარგად გვესმის და ვიზიარებთ იმას, თუ რას განიცდის უკრაინელი ერი“ - განცხადა სალომე ზურაბიშვილმა და საქართველოსა და უკრაინის განვლილ გზაზე ისაუბრა.

„უკრაინამ და საქართველომ ერთი გზა გავიარეთ: რუსული იმპერიისგან გათავისუფლება, დამოუკიდებლობის მოპოვება, საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობა - თავისი აჯანყებებით, რეპრესიებითა და ჰოლოდომორით, დამოუკიდებლობის აღდგენა, რუსეთის მიერ პროვოცირებული სეპარატისტული კონფლიქტები, კიდევ ომი და კიდევ ოკუპაცია. მიუხედავად ამისა, ხელი ვერავინ და ვერაფერმა აგვაღებინა თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე. ზურგი ვერავინ და ვერაფერმა შეგვაქცევინა ჩვენ მიერ არჩეული ისტორიული ევროპული გზისთვის“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

„ძალა ერთობაშია“ – „ოპოზიციაც და პოზიციაც სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე!“

პარლამენტისადმი სიტყვით მიმართვისას, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს. „როგორც სჩვევია ისტორიას, გამოწვევებთან ერთად, კრიზისებს და ომებს ახალი შესაძლებლობები მოაქვთ, ახალი გზები იხსნება“ - აცხადებს პრეზიდენტი და ამბობს, რომ საქართველომ საკუთარი ადგილი, სწორედ ამ ვითარებაში უნდა დაიმკვიდროს.

დღეს კი, ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე!
სალომე ზურაბიშვილი

„ამიტომ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე არ მესმის და ვერ შევეგუები იმას, რომ დღეს, ამ გზაგასაყარზე კინკლაობის, ქიშპობის, მტრობის, დამღუპველი დაპირისპირებისა და პოლარიზაციის დასრულების მაგივრად, თქვენ, აქ შეკრებილნი ივიწყებთ იმას, რაც ასახულია ჩვენს გერბზე: „ძალა ერთობაშია“

საზოგადოება კი თქვენზე ბევრად ფხიზელია, შეგნებული, მამაცი და რაც მთავარია, ერთიანი. დღეს ვხედავ, რომ ეროვნული თანხმობის ნიშნებმა ხალხში უკვე გაიღვიძა, თუმცა თქვენში ამას ჯერ ვერ ვხედავ. ნუთუ არ გესმით, თუ რა პასუხისმგებლობა გაკისრიათ ყველას ერთად თქვენი ხალხის წინაშე.

დღეს კი, ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე!

უმრავლესობა, თანხმობის ძიების მაგივრად, ყველას, ვინც არ ეთანხმება, ხან მოღალატედ და ხან ომის პარტიად ნათლავს. ოპოზიცია, თანხმობის ძიების მაგივრად, ხელისუფლების ნებისმიერ განცხადებას, თუ გადაწყვეტილებას უაპელაციოდ პრორუსულად აცხადებს.

ორივე მიდგომა, გარდა იმისა, რომ სრულიად მიუღებელია და საბჭოთა წარსულის მეთოდებს გვაგონებს, ქვეყნისთვის, როგორც შიგნით ასევე გარეთ, დამაზიანებელია, და გარკვეულწილად საფრთხის შემცველი. ქვეყნის შიგნით იწვევს დაყოფას, გვასუსტებს, ძალას გვაცლის, აბნევს და აფრთხობს საზოგადოებას. ქვეყნის გარეთ კი, გაუგებარს ხდის ჩვენი სახელმწიფოს მისწრაფებების მდგრადობასა და მიზანმიმართულობას“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, საქართველოს მთავრობა, უკრაინის მიმართ არასათანადო სოლიდარობის გამოცხადების გამო გააკრიტიკა თქვა, რომ „ამას გამართლება არ აქვს“, რადგან მისი თქმით, „სიფრთხილისა თუ შიშის ვერცერთი არგუმენტი ვერ ამართლებს იმას, რომ ღირსეულად, სიტყვით მაინც ვიდგეთ იქ, სადაც სინდისი და ქართველობა მოითხოვს!“

„სიფრთხილისა თუ შიშის ვერცერთი არგუმენტი ვერ ამართლებს იმას, რომ ღირსეულად, სიტყვით მაინც ვიდგეთ იქ, სადაც სინდისი და ქართველობა მოითხოვს!“
სალომე ზურაბიშვილი

აქვე, ზურაბიშვილმა, ხელისუფლების მიმართ, კრიტიკა გამოთქვა ხელისუფლების მიერ, ევროკავშირის წევრობის შესახებ განაცხადის წარდფგენის ფორმის გამო. მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას, „სრული სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის ნიშნად“, განაცხადი „ერთობლივი ხელმოწერით გაემყარებინა“, საკუთარი თავში ჩაიკეტა და ხელი ერთპიროვნულად მოაწერა.

"ხელისუფლება სცოდავს, როცა პარტიას ეძლევა უპირატესობა სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებაში, თუ გასაჯაროებაში. როცა სახელმწიფო უწყებებს შორის მთავარი გადაწყვეტილებები არ განიხილება ერთობლივად და ინფორმაცია არ ზიარდება. ვინმე დაიჯერებს, რომ ასეთ მძიმე და საყურადღებო ვითარებაში არცერთხელ არ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო, არცერთხელ არ ყოფილა ერთობლივად განხილული სამხედრო საფრთხეები უმაღლესი მთავარასარდლის დასწრებით. სასწრაფოდ გამოსასწორებელია ეს მანკიერი ფორმები“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება ოპოზიციას, ზურაბიშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს, დასავლური სახელმწიფოების დედაქალაქებში და თავად უკრაინაში, საქართველოს სახელისა და სახის „გაშავების“ მცდელობები აქვს.

„ოპოზიცია სცოდავს, როცა ბრიუსელში, კიევში თუ ამერიკაში აქვს მცდელობები, რომ საქართველოს სახელი და სახე გააშავოს და ქვეყანა ისე წარმოაჩინოს, რომ ვითომცდა შიში ვამჯობინეთ ღირსებას! თითქოს ღირსი არ ვართ არც ევროკავშირში გაწევრიანების, არც ნატოსთან და ამერიკასთან პარტნიორობის. ან კიდევ უარესი, როცა ამტკიცებს, ვითომცდა მთავრობამ - და მაშასადამე ქვეყანამ - შეცვალა პროდასავლური კურსი! ეს ხომ ქვეყნის და შენი ხალხის შეურაცხყოფაა, როცა ვაშინგტონში შენს ქვეყანას ესოდენ ბრალს უყენებ და შენივე ქვეყანა შენგან მასპინძლის დასაცავი ხდება. ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა, ხომ მხოლოდ მთავრობას არ აზიანებს, არამედ ქვეყანას, და მტრის საქმეს აკეთებს“ - აცხადებს ზურაბიშვილი.

უარი პრეზიდენტს, ოფიციალურ ვიზიტებზე

პარლამენტისადმი სიტყვით მიმართვისას, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განცხადა, რომ წერილობით ეთქვა უარი, ოფიციალური ვიზიტები განეხორციელება პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში. მისი თქმით, ის იძულებული გახდა, სამუშაო ვიზიტები, პირად შეხვედრებად გადაექცია.

წერილობით მეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე.
სალომე ზურაბიშვილი

"2022 წლის 26 თებერვალს წერილობით მეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. არსებული ვითარების გათვალისწინებით გავაუქმე ყველა ოფიციალური ფორმატი. ასეთ დროს საჭიროდ მივიჩნიე ჩემი პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა. მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა და ასეთი შეზღუდვები, ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ესოდენ რთულ რეგიონში იმყოფება, დამაზიანებელია. შეზღუდვების დრო კი არა, პირიქით, ვისაც რა შეგვიძლია, საერთაშორისო დონეზე, მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ჩართულნი, მოსვენებას არ უნდა ვაძლევდეთ ჩვენს პარტნიორებს! მე კი მგონია, რომ ჩემი ორმოცწლიანი გამოცდილება დიპლომატიისა და სტრატეგიულ საკითხებში, და ამ პერიოდში შეძენილი პირადი კონტაქტები ამ ქვეყნისთვის მაქსიმალურად გამოსაყენებელია, ვიდრე დასაკარგი“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

პარლამენტისადმი მოხსენების დასასრულს, პრეზიდენტი რამდენიმე ინიციატივით გამოვიდა და ხელისუფლებასა და ოპოზიციას ერთობლივი ქმედებებისკენ მოუწოდა. მათ შორის ზურაბიშვილმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შექიმნას უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული, „ან სხვა ფორმატი, სადაც განხილული იქნება ყველა სენსიტიური საკითხი, რომელიც მოითხოვს საიდუმლო ფორმატს“.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG