ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შოლცთან და მაკრონთან საუბრისას პუტინმა ომის დამთავრებისთვის არანაირი მზადყოფნა არ გამოთქვა


საფრანგეთი და გერმანია რუსეთს ომის დამთავრებისკენ მოუწოდებენ, მაგრამ რუსეთი უკრაინაში ომის დამთავრების არანაირ ნიშანს არ იძლევა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის 12 მარტს გამართული სატელეფონო საუბარი, დაახლოებით, 90 წუთს გაგრძელდა. მაკრონის ერთ-ერთი მოთხოვნა მარიუპოლის ბლოკადის შეწყვეტა იყო. ქალაქის მოსახლეობა უკვე რამდენიმე დღეა საკვების, სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. რუსეთის ჯარმა ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაციის ამ დრომდე შეთანხმებული ყველა მცდელობა ჩაშალა.

მარკონის ადმინისტრაციის ინფორმაცით, სატელეფონო საუბარი „რთული“ იყო. შოლცმა და მაკრონმა პუტინს ცეცხლის შეწყვეტა სთხოვეს მანამ , სანამ მომავალი ნაბიჯების განხილვა დაიწყება. თუმცა მაკრონის ოფისის განცხადებით, პუტინს უკრაინაში ომის დამთავრებისთვის არანაირი მზადყოფნა არ გამოუთქვამს.

შოლცსა და მაკრონს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ესაუბრა. ამის შესახებ მან "ტვიტერზე" დაწერა. "განვიხილეთ აგრესორისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რუსეთის ფედერაციისგან მიერ სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი დანაშაულები. მე პარტნიორებს ვთხოვე დახმარება დატყვევებული მელიტოპოლის მერის გათავისუფლებაში. ასევე განხილული იყო სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივა. ჩვენ აგრესორი ერთად უნდა შევაჩეროთ", დაწერა ზელენსკიმ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, მარიუპოლში 12 დღის განმავლობაში რუსეთის მიერ სამოქალაქო სამიზნეებზე განხორციელებულ თავდასხმებს, სულ ცოტა, 1582 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 9 მარტს რუსეთის ჯარმა მარიუპოლში სამშობიარო სახლი და ბავშვთა საავადმყოფო დაბომბა.

რუსული მედია ასევე ავრცელებს რუსეთის პრეზიდენტის მოთხოვნების შესახებ ინფორმაციას, რომელიც მან შეხვედრაზე გააჟღერა: პუტინი მაკრონსა და შოლცს არწმუნებდა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესს არა რუსეთი, არამედ უკრაინა აფერხებს.

XS
SM
MD
LG