ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის არმია ჩერნიგოვს და ნიკოლაევს ზალპური ცეცხლის სისტემებიდან ბომბავს


უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 12 მარტის ღამეს, ქალაქ ჩერნიგოვისა და ნიკოლაევის მისამართით რუსი სამხედროები ზალპური ცეცხლის სისტემიდან, „სმერჩიდან“ ისროდნენ.

ნიკოლაევის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი „ტელეგრამის“ გვერდზე წერს, რომ ცეცხლი „ქაოტური“ იყო, დაინგრა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და დაიჭრა ორი ადამიანი.

გენშტაბის ინფორმაციით, წუხანდელი ღამე განსაკუთრებით მძიმე იყო ბუჩისა და ბროვარსკის რეგიონებში და ირპენის მახლობლად, სადაც ამჟამად შეტაკებები მიდის.

ვასილკოვის სამხედრო აეროდრომის მიმართულებით, რუსულმა ძალებმა გამთენიისას მინიმუმ ექვსი რაკეტა ისროლეს. კიევის ოლქის პოლიციის ინფორმაციით, ახლა იქ საბრძოლო იარაღის მარაგის საცავი იწვის.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე, მათ შორის 70-ზე მეტი ბავშვია. ლტოლვილად იქცა 2 მილიონზე მეტი უკრაინელი.

XS
SM
MD
LG