ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონი "მნიშვნელოვან ესკალაციად" თვლის პოლონეთის საზღვართან სამხედრო ბაზის დაბომბვას


დაბომბილი სახლები ქ. ხარკოვში. უკრაინა, 12 მარტი, 2022.

რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის ერთ-ერთ უდიდეს სამხედრო ბაზაზე, რომელიც ნატოს წევრი ქვეყნის, პოლონეთის საზღვართან ძალიან ახლოს მდებარეობს. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვა ავრცელებს. კიევის ცნობით, თავდასხმაში სულ ცოტა, 35 ადამიანი დაიღუპა, გაცილებით მეტია დაჭრილთა რიცხვი.

ბრიტანეთი აცხადებს, რომ იერიში პოლონეთის საზღვრიდან სულ 25 კილომეტრში განხორციელდა. ლონდონის თქმით, ეს კონფლიქტის "მნიშვნელოვან ესკალაციად" განიხილება. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მანამდე თქვა, რომ ნატო დაიცავს საკუთარი ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს , თუკი რუსეთის უკრაინაში შეჭრა დასავლური ალიანსის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე გადავა.

უკრაინის განცხადებით, იავორივის მშვიდობის დაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრში უცხოელი ინსტრუქტორები მუშაობენ. ნატოს ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ ალიანსის პერსონალი იავორივში ამ დროს არ იყო. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი ქვეყნის ინსტრუქტორებს გულისხმობდა უკრაინის თავდაცვა დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში განმეორებით შეჭრამდე რამდენიმე კვირით ადრე, ბაზაზე წვრთნები გაიმართა. უკრაინის მედია მაშინ იუწყებოდა, რომ უცხოელი ინსტრუქტორები იავორივის ცენტრიდან თებერვლის შუა რიცხვებში გავიდნენ, მაგრამ სამხედრო აღჭურვილობა მთლიანად იქ დატოვეს.

ადგილობრივი გუბერნატორის მაქსიმ კოზიცკის თქმით, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა დღეს ობიექტზე დაახლოებით 30 რაკეტა ჩამოაგდეს. უკრაინამ აქედან რამდენიმეს შეკავება შეძლო. მომხდარში სულ ცოტა, 35 ადამიანია დაღუპული და 134 დაჭრილი. საინფორმაციო სააგენტო "როიტერს" კოზიცკის განცხადების დამოუკიდებელი წყაროების გზით გადამოწმების საშუალება არ ჰქონია.

იავორივის ბაზა უკრაინის ერთ-ერთ უდიდეს, და ქვეყნის დასავლეთში მდებარე ყველაზე დიდ თავდაცვის ობიექტს წარმოადგენს. ცენტრის ფართობი 360 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. დღეს ბაზასთან ვიდეოკამერებმა 19 სასწრაფო დახმარების მანქანა დააფიქსირეს, რომლებიც მისკენ, ან საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობდნენ.

ნატოს საზღვართან ასე ახლოს მომხდარ სარაკეტო თავდასხმაზე კრემლს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია. კვირას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა მცირე ზომის ვიდეო გამოაქვეყნა, თუმცა იავორივი არ უხსენებია.

XS
SM
MD
LG