ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი და სომხეთი ურთიერთობის ნორმალიზების პირობას დებენ


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ (მარჯვნივ) და მისი სომეხი კოლეგა არარატ მირზოიანი (მარცხნივ) ანტალიაში, თურქეთი. 12 მარტი, 2022.

შაბათს თურქეთის ქალაქ ანტალიაში თურქეთის და სომხეთის საგარეო უწყებათა ლიდერები შეხვდნენ. მევლუთ ჩავუშოღლუმ და არარატ მირზოიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობა.

ორივე მინისტრმა პირობა დადო, რომ თურქეთს და სომხეთს შორის კავშირი გაღრმავდება. ჩავუშოღლუმ შეხვედრას "პროდუქტიული და კონსტრუქციული" უწოდა და იქვე აღნიშნა, რომ ნორმალიზაციის "პროცესს მხარს უჭერს" აზერბაიჯანიც.

ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს. მათ შორის სახმელეთო საზღვარიც დახურულია. თუმცა, გასული წლის დეკემბრის შემდეგ, ქვეყნებმა ურთიერთობის დარეგულირების მიზნით, საგანგებო ელჩები დანიშნეს და მოლაპარაკება დაიწყეს.

სომხეთს დღეიდან ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ვაჰაგნ ხაჩატრიანმა ფიცი საზეიმო ინაუგურაციაზე დადო. ის პროფესიით ეკონომისტია და სომხეთში გამოცდილ პოლიტიკოსად ითვლება.

ხაჩატრიანმა საზეიმო მიმართვაში თქვა, რომ ეროვნული ერთობის მისაღწევად ძალ-ღონეს არ დაიშურებს. ინაუგურაციის ცერემონია სომხეთის პარლამენტის საგანგებო სესიაზე გაიმართა, რომელსაც ორი ოპოზიციური ფრაქცია ბოიკოტს უცხადებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG