ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თუ ჩინეთი რუსეთს სანქციების არიდებაში დაეხმარება, მას მოუწევს შედეგებისთვის თვალის გასწორება


ჯეიკ სალივანი, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში
ჯეიკ სალივანი, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში

თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პეკინს აფრთხილებს, არ დაეხმაროს რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში. ჯეიკ სალივანი, რომელიც ორშაბათს რომში იანგ იეჩის, ჩინეთის უმაღლეს დიპლომატს შეხვდება, დღეს თქვა, რომ ჩინეთს დანამდვილებით მოუწევს ამ შემთხვევაში დამდგარი შედეგებისთვის თვალის გასწორება.

სალივანმა ტელეკომპანია "სი-ენ-ენს" (CNN) უთხრა, რომ ჩინეთმა წინასწარ იცოდა რუსეთის სამზადისის შესახებ, თუმცა შესაძლოა პეკინი კრემლის გეგმის სრულ მასშტაბებს ვერ იაზრებდა. დღეს ვაშინგტონი თვალს ადევნებს იმას, თუ რა დონეზე გამოუცხადებს პეკინი მოსკოვს ეკონომიკურ ან მატერიალურ მხარდაჭერას და გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მიიღებს - ამბობს სალივანი.

"არ დავუშვებთ იმას, რომ რომელიმე ქვეყანამ სადმე დედამიწაზე, რუსეთს ეკონომიკური სანქციებისგან თავის დაღწევის შანსი მისცეს" - აცხადებს თეთრი სახლის მრჩეველი. სალივანის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი "მნიშვნელოვანი საკითხი" იქნება ჩინეთის წარმომადგენელთან რომში დაგეგმილ შეხვედრაზე.

პეკინი, რუსეთის წამყვანი სავაჭრო პარტნიორი, უარს ამბობს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმას "შეჭრა" დაარქვას. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გასულ კვირაში გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებთან შეხვედრაზე, მხარეებს "მაქსიმალური თავშეკავებისკენ" მოუწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG