ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი: ბუნებრივი თვითწმენდა ჩვენს ქვეყანას გააძლიერებს


უკრაინაში ძლიერი წინააღმდეგობისა და მკაცრი ეკონომიკური სანქციების პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოპონენტებს აკრიტიკებს და ემუქრება. ოთხშაბათს მისმა გამოსვლამ ზოგს იოსებ სტალინის 30-იანი წლების რიტორიკა მოაგონა. პუტინმა ოპონენტები მკბენარა მწერებს შეადარა, რომლებიც დასავლეთის მოწოდებების შესაბამისად, საკუთარი ქვეყნის დასუსტებას ცდილობენ.

ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ეს ქვეყანაში ომის ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის რეპრესიების გაძლიერებას ნიშნავს. მისი გამოსვლის პათოსი კი მათი აზრით, იმ იმედგაცრუებას ასახავდა, რაც უკრაინაზე თავდასხმის ნელ ტემპს და იმ ფაქტს უკავშირდება, რომ რუსული ჯარები კვლავ კიევისა და დიდი ქალაქების მისადგომებთანაა გაფანტული.

რუსეთმა აქამდე მხოლოდ სამხრეთისკენ მოახერხა მცირე ტერიტორიების მოპოვება, თუმცა კვლავ სრულად ვერ აკონტროლებს აზოვის ზღვის საპორტო ქალაქ მარიუპოლს. შესაბამისად, კრემლის მცდელობა, დაწინაურებულიყო შავი ზღვის გასწვრივ, ასევე არაა ბოლომდე წარმატებული. პარალელურად, ქვეყანაზე მძიმედ აისახება დასავლური სანქციებიც, რომელთა გამოც მთავრობას ხელი აღარ მიუწვდება სახელმწიფოს სავალუტო რეზერვების თითქმის ნახევარზე.

"რუსი ხალხი ყოველთვის შეძლებს გამოარჩიოს ნამდვილი პატრიოტი ნაგვისა და მოღალატისგან, რომელსაც ის მარტივად გადააფურთხებს მიწაზე, როგორც მწერს, რომელიც შემთხვევით პირში შეუფრინდა", - თქვა პუტინმა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას. "დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების ასეთი ბუნებრივი და აუცილებელი თვითწმენდა მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სოლიდარობას, ერთიანობასა და მზაობას, ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას", - თქვა ვლადიმირ პუტინმა და იქვე დასძინა, რომ რუსები, რომლებიც უკრაინაში ომს ეწინააღმდეგებიან, დასავლეთის სამსახურში მყოფი "მეხუთე კოლონაა", რომელიც მზადაა საკუთარი მშობელი გაყიდოს.

XS
SM
MD
LG