ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი უკრაინას ავსტრიულ ნეიტრალიტეტს სთავაზობს, უკრაინა კი "უკრაინულ მოდელზე" საუბრობს


ხარკოვი, უკრაინა, 2022 წლის 16 მარტი

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკების ფარგლებში ერთ-ერთ კომპრომისად უკრაინის ნეიტრალური სტატუსი განიხილება, რომელიც კიევს საკუთარი შეზღუდული არმიის ყოლის საშუალებას მისცემს.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩევლი მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის ამ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ უკრაინა უსაფრთხოების მხოლოდ „უკრაინული მოდელს“ დასთანხმდება.

„ეჭვგარეშეა, ვხვდებით ჩვენი პარტნიორების მცდელობას, დარჩნენ ინიციატორ მხარედ მოლაპარაკებების პროცესში. აქედან მომდინარეობს სიტყვა შვედური და ავსტრიული ნეიტრალიტეტის შესახებ, მაგრამ ახლა უკრაინა რუსეთთან პირდაპირი ომის მდგომარეობაში იმყოფება. ამიტომ, მოდელი შეიძლება იყოს მხოლოდ უკრაინული და მხოლოდ იურიდიულად დამოწმებული „უსაფრთხოების გარანტიებით“. არანაირი სხვა მოდელები და ვარიანტები", თქვა პოდოლიაკმა „ტელეგრამის“ საკუთარ გვერდზე. პოდოლიაკის თქმით, ეს ნიშნავს უსაფრთხოების აბსოლუტურ გარანტიებს, "აბსოლუტურს და არა ბუდაპეშტის პროტოკოლის მსგავსს".

„ეს კი ნიშნავს, რომ გარანტიებზე ხელმომწერები გვერდზე არ გადგებიან უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, როგორც დღეს, აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ კონფლიქტში უკრაინის მხარეს და ოფიციალურად მოგვაწვდიან აუცილებლად საჭირო მოცულობით შეიარაღებას. მეორე მხრივ - უკრაინას აღარ სურს დამოკიდებული იყოს ბიუროკრატიულ პროცედურებზე, რომლებიც ან აძლევს, ან არა უფლებას, დახუროს ცა ფრთოსანი რაკეტებისგან დასაცავად. ჩვენ გვჭირდება მყარი და ხისტი გარანტიები, რომ ცა აუცილებლად დაიხურება“, წერს პოდოლიაკი.

მისი თქმით, „მეზობლისგან განსხვავებით“, უკრაინა არასოდეს ყოფილა მილიტარისტული სახელმწიფო, რომელიც ოდესმე დასხმია ან აპირებდეს მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმას. ამის გამო, პოდოლიაკის თქმით უკრაინას მსგავსი საფრთხეებისგან თავის დასაცავად ნათლად გაწერილი გარანტიები სურს.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა პოდოლიაკის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე თქვა, რომ „განიხილება უკრაინის დემილიტარიზებული სახელმწიფოს ავსტრიული ან შვედური მოდელი, რაც შეიძლება კომპრომისად ჩაითვალოს“.

XS
SM
MD
LG