ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი კონგრესს: "ჩვენ თქვენ ახლა გვჭირდებით"


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს ამერიკის კონგრესს მიმართა. ვირტუალური პირდაპირი ჩართვის მიზანი რუსეთისგან თავდასაცავად ამერიკელი კანონმდებლების მხარდაჭერის მობილიზება იყო.

ზელენსკიმ მეორე მსოფლიო ომის დროს პერლ ჰარბორსა და 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკაზე განხორციელებული თავდასხმებიც გაიხსენა და კონგრესს უკრაინის დასახმარებლად მეტის გაკეთება სთხოვა. მისი თქმით, თუკი "ცის დაკეტვა" ვერ მოხერხდება, დასავლეთში იციან, რა ტიპის დახმარება სჭირდება უკრაინას. ზელენსკიმ რუსი პოლიტიკოსების მეტი სანქცირება, იმპორტის დაბლოკვა და არაერთი სხვა ღონისძიების გატარება ითხოვა. "მშვიდობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე - შემოსავალი", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა უფრო მკაცრი ეკონომიკური სანქციების მოთხოვნისას.

ზელენსკის გამოსვლისას კონგრესმენებსა და სენატორებს შესაძლებლობა ჰქონდათ უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად მიყენებული ზიანის, მსხვერპლისა და ნგრევის კადრებიც ენახათ.

"ჩვენ თქვენ სწორედ ახლა გვჭირდებით, მოგიწოდებთ მეტი გააკეთოთ", - თქვა ზელენსკიმ და განმარტა, რომ უკრაინელები დღეს არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის, არამედ ევროპისა და მსოფლიოს ღირებულებებისთვის იბრძვიან და სწირავენ სიცოცხლეს მომავლის სახელით. ამერიკელი ხალხის დახმარება უკრაინის მიმართ კი არის ევროპისა და მსოფლიოს დახმარება, რათა პლანეტა გადარჩეს და ისტორია სამართლიანი იყოს.

კანონმდებლები ზელენსკის გამოსვლასაც ტაშით შეხვდნენ და მისი დასრულების შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტს ფეხზე წამოუდგნენ და დიდი ხნის განმავლობაში უკრავდნენ ტაშს.

ზელენსკის გამოსვლა პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, განსხვავებით იმ დახურული ონლაინ შეხვედრისგან, რომელიც 5 მარტს გაიმართა. ის მაშინაც საჰაერო თავდაცვის სისტემებს ითხოვდა, რათა უკრაინამ რუსული საჰაერო საბრძოლო ხომალდებისგან თავდაცვა და თავდასხმების მოგერიება სთხოვოს.

ამერიკის კონგრესში გამოსვლამდე, ზელენსკიმ კანადის პარლამენტსაც მიმართა და დასავლეთს რუსეთის მიმართ მეტი სანქციების დაწესებისკენ, უკრაინის ცაზე კი არასაფრენი ზონის გამოცხადებისკენ მოუწოდა. უკრაინის პრეზიდენტი გასულ კვირას ბრიტანეთის პარლამენტის წინაშეც წარდგა.

არასაფრენ ზონად უკრაინის ტერიტორიის გამოცხადებას ამერიკის პრეზიდენტი და ნატოს მოკავშირე ქვეყნების ლიდერები ეწინააღმდეგებიან. მათი აზრით, ეს 24 თებერვალს დაწყებულ ომს კიდევ უფრო გაამწვავებს. პრეზიდენტმა ბაიდენმა სამშაბათს უკრაინისთვის საგანგებო დახმარების 13.6 მილიარდ დოლარიან ფინანსურ პაკეტს მოაწერა ხელი. თეთრი სახლის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოთხშაბათს პრეზიდენტმა ასევე შეიძლება გამოაცხადოს უკრაინისთვის უსაფრთხოების მიმართულებით 800 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების თაობაზეც.

XS
SM
MD
LG