ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი "ამერიკის ხმას" დაბლოკვით ემუქრება


"ამერიკის ხმის" ლოგო
"ამერიკის ხმის" ლოგო

შეერთებული შტატები აცხადებს, რომ რუსეთი „მედიის თავისუფლებასა და სიმართლეზე სრულმასშტაბიან თავდასხმას აწარმოებს“. მანამდე, რუსულმა მედიის მაარეგულირებელმა, დაბლოკა რამდენიმე მედიასაშუალება და „ამერიკის ხმას“ რუსულ საინფორმაციო ქსელში წვდომის დაბლოკვით დაემუქრა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი აცხადებს, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად ცდილობს უკრაინაში შეჭრის შესახებ „სიმართლის ჩახშობას“. მისი თქმით, რუსი ხალხი იმსახურებს, იცოდეს სიმართლე იმის შესახებ, რაც ხდება.

„ჩვენ მოვუწოდებთ [რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ] პუტინს და მის მთავრობას, პატივი სცენ რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს და პასუხისმგებლობებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს სისხლისღვრა, გაიყვანონ ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან და პატივი სცენ ადამიანის უფლებებსა და საკუთარი მოქალაქეების ფუნდამენტურ თავისუფლებებს“ - განაცხადა ნედ პრაისმა.

„ამერიკის ხმისადმი“ გაგზავნილ შეტყობინებაში, რუსულმა მარეგულირებელმა "როსკომნადზორმა" ოთხშაბათს განაცხადა, რომ ქსელის რუსულენოვან საიტს 24 საათი აქვს იმისათვის, რომ წაშალოს მასალები, რომელთაც მოსკოვი „არალეგალურად“ მიიჩნევს, სხვა შემთხვევაში საიტი დაიბლოკება.

რუსული მარეგურილებლის შეტყობინებას, უკვე გამოეხმაურა „ამერიკის ხმა“.

„ამგვარი ზუსტი, სანდო ჟურნალისტიკა არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენი აუდიტორია რუსეთში ჩართულია "ამერიკის ხმასთან". ჩვენ ღრმად შემაშფოთებლად მივიჩნევთ ინფორმაციის თავისუფალ ნაკადში ჩარევის ნებისმიერ მცდელობას და მივიჩნევთ, რომ ეს ბრძანება პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიული საზოგადოების ყველა ღირებულებას. რუსი ხალხი იმსახურებს თავისუფალ პრესაზე შეუზღუდავ წვდომას და შესაბამისად, ჩვენ ვერ შევასრულებთ როსკომნადზორის მოთხოვნას“ - განაცხადა „ამერიკის ხმის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, იოლანდა ლოპესმა.

„ამერიკის ხმის“ საინფორმაციო ვებ-გვერდი ერთ-ერთია იმ ათეულ მედიასაშუალებას შორის, რომლებიც როსკომნადზორის მიერ დაბლოკილია, ან რომელთაც ჯარიმები ემუქრება მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

გაფრთხილებების უმეტესობა ეხება ისეთი შინაარსის მასალებს, რომელთაც მოსკოვი ცრუდ მიიჩნევს, ან იძლევა ინფორმაციას ჯარების გადაადგილებისა და მსხვერპლის შესახებ.

Current Time, ყოველდღიური საინფორმაციო გადაცემა, რომელსაც „რადიო თავისუფალი ევროპა“/“რადიო თავისუფლება“, „ამერიკის ხმასთან“ პარტნიორობით ამზადებს, კვირას დაბლოკეს.

„რადიო თავისუფალი ევროპა“/“რადიო თავისუფლება“ და „ამერიკის ხმა“, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფი დამოუკიდებელი, ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა მიერ დაფინანსებული მედია-საშუალებებია.

სამშაბათს როსკომნადზორმა ეთერიდან ამოიღო დამოუკიდებელი მაუწყებლები "ეხო მასკვი" და "დოჟდი".

„ეხო მოსკვის“ მთავარმა რედაქტორმა, ალექსეი ვენედიქტოვმა თქვა, რომ რადიოსადგური მარეგულირებლის გადაწყვეტილებას სასამართლოში გააპროტესტებს, იტყობინება "ასოშეითიდ პრესი".

„ამაში ვხედავთ პოლიტიკურ კომპონენტს, ასევე ცენზურის შემოღებას, რაც პირდაპირ აკრძალულია რუსეთის კონსტიტუციით“, - განაცხადა ვენედიქტოვმა.

რუსული მარეგულირებლის გაფრთხილება „ამერიკის ხმამ“ იმავე დღეს მიიღო, როდესაც ევროკავშირმა განაცხადა, რომ აკრძალავს რუსულ სახელმწიფო მედიას, მათ შორის "სპუტნიკს" და "რაშა თუდეის" (RT).

სოციალური მედიის პლატფორმებმა, მათ შორის "ფეისბუქმა" და "იუ-თუბმა" განაცხადეს, რომ ისინი შეასრულებენ ევროკავშირის მიერ, ამ რუსულ მაუწყებლებზე დაწესებულ აკრძალვას.

ოთხშაბათს როსკომნადზორმა "ფეისბუქის" მშობელ კომპანია "მეტას" მიმართა, მოხსნას შეზღუდვები ჯგუფზე Rossiya Segodnya, რომელიც ზედამხედველობს "სპუტნიკს" და "რაშა თუდეის".

განცხადებაში მარეგულირებელმა განაცხადა, რომ შეზღუდვები ხელს უშლის ინტერნეტის მომხმარებლების წვდომას „დამოუკიდებელ წყაროებზე და მიზნად ისახავს მოვლენების დამახინჯებული აღქმის შექმნას“.

საერთაშორისო თანამეგობრობამ და მედიის დამკვირვებლებმა დაგმეს მედიის რუსული მარეგულირებლის მცდელობა, დააწესოს ცენზურა, ან შეზღუდოს დამოუკიდებელი გაშუქება უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ.

კვირას, ტერეზა რიბეირომ, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მედიის თავისუფლების წარმომადგენელმა, მოუწოდა რუსეთს „დაიცვან ინფორმაციის თავისუფალი ნაკადი და მედიის თავისუფლება ეუთოს ვალდებულებებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად“.

საერთაშორისო მაუწყებლობის ასოციაციამ (AIB) შემაშფოთებლად შეაფასა "როსკომნადზორის" ქმედებები, „ეხო მოსკვის“ და "დოჟდის" წინააღმდეგ და განაცხადა, რომ მათი „ახალი ამბები და საინფორმაციო სერვისები, რუსეთის მოქალაქეებისთვის არსებითი მნიშვნელობის იყო“.

ნიუ-იორკში დაფუძნებულმა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა ასევე დაგმო მოსკოვის მცდელობები ახალი ამბების დაბლოკვის შესახებ.

„რუსეთის ხელისუფლების მიერ სოციალური მედიის პლატფორმების და დამოუკიდებელი მედია საშუალებების შეზღუდვა აშკარა ცენზურაა და ძირს უთხრის ინფორმაციის თავისუფალ ნაკადს“, - თქვა სამშაბათს CPJ-ის პროგრამის დირექტორმა, კარლოს მარტინეს დე ლა სერნამ.

„ამერიკის ხმის“ რუსულენოვანი სამსახური არის 24/7 სატელევიზიო და ციფრული საინფორმაციო ქსელი, რომელიც მიმართულია რუსეთში აუდიტორიაზე, სადაც შეზღუდულია დამოუკიდებელ ახალ ამბებზე წვდომა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG