ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუმინეთში 113 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი შევიდა


სასაზღვრო პოლიციის მონაცემების თანახმად, უკრაინაში ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან რუსეთის შეჭრის პირველ ექვს დღეში, 113 ათასზე მეტი უკრაინელი რუმინეთში გაიქცა.

ლტოლვილები რუმინეთში უკრაინის ოთხი სახმელეთო სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან შევიდნენ, მაგრამ მონაცემების მიხედვით, მათი ნაწილი მოლდოვის საზღვრის გავლითაც შევიდა. მათ ნახევარზე მეტმა ქვეყანა უკვე დატოვა და ბულგარეთის და უნგრეთის მიმართულებით გაემგზავრა.

რუსულ ბომბებს და რაკეტებს გაქცეული უკრაინელი ლტოლვილების დიდი ნაკადი პოლონეთის საზღვრისკენაც მიდის.

ამჟამად არსებული, ჯერ კიდევ სრულად დაუზუსტებული მონაცემებით, ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინა სულ მცირე 660 ათასმა ლტოლვილმა დატოვა.

24 თებერვალს, გამთენიისას, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციების“ ჩატარება გადაწყვიტა. ორი დღით ადრე, მოსკოვმა უკრაინის რეგიონები, დონეცკი და ლუჰანსკი, ე.წ. „დამოუკიდებელ ქვეყნებად“ გამოაცხადა.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სახმელეთო შეტევასთან ერთად სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებს მიმართავს. ხდება მჭიდროდ დასახლებული ქალაქების დაბომბვა, რის შედეგადაც არის მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში.

თვეების განმავლობაში, რუსეთს უკრაინის საზღვრებსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბრძოლო ტექნიკა და 150 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავდა მობილიზებული. მოსკოვი დაჟინებით უარყოფდა დასავლელი ლიდერების განცხადებებს იმის შესახებ, რომ კრემლი უკრაინაში განმეორებით შეჭრას გეგმავდა.

XS
SM
MD
LG