ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლაპარაკების წინ მაინც შეწყვიტონ ცეცხლი, ამბობს უკრაინის პრეზიდენტი


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს რუსეთს მოუწოდა, მოლაპარაკების მორიგი რაუნდის დაწყების წინ მაინც შეწყვიტოს უკრაინის დაბომბვა, თუკი მას ნამდვილად სურს შინაარსიანი სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვა. რუსეთიც აცხადებს, რომ უკრაინასთან მოსალაპარაკებლად მზადაა. 28 მარტს, უკრაინას და რუსეთს შორის ბელარუსის საზღვარზე გამართულ პირველ მოლაპარაკებაზე, მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

მოსკოვმა დღეს დაადასტურა, რომ რუსეთიც მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკების გასამართად. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკების მეორე რაუნდთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. „ჯერ შევეცდებით, ის გავარკვიოთ, მოვლენ თუ არა უკრაინელი მომლაპარაკებლები. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მოხდება. ჩვენები მათ იქ დახვდებიან და მზად იქნებიან“ - თქვა პესკოვმა ჟურნალისტებთან დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ზელენსკიმ სამშაბათს ნატოს წევრ ქვეყნებს ისევ მოუწოდა, უკრაინის ტერიტორიაზე გამოცხადდეს არასაფრენი ზონა, რათა რუსეთის ავიაციის მხრიდან დაბომბვები შეწყდეს. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს პრევენციული ზომა იქნება და არ ნიშნავს იმას, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი რუსეთთან ომში უნდა ჩაერთოს.

ზელენსკიმ გუშინ ისიც თქვა, რომ თუ ნატო უკრაინას ალიანსში წევრობის გზას გადაუკეტავს, მაშინ უკრაინა უსაფრთხოების ლეგალურ გარანტიებს მოითხოვს. „თუ ჩვენი პარტნიორები არ არიან მზად იმისთვის, რომ უკრაინა ნატოში მიიღონ... იმიტომ რომ რუსეთის სურვილია, უკრაინა ნატოში არ გაწევრიანდეს, მაშინ უნდა ვიმუშაოთ ერთობლივ უსაფრთხოების გარანტიებზე უკრაინისთვის“ - თქვა ზელენსკიმ და შემდეგ განმარტა: „ეს ნიშნავს ჩვენს ტერიტორიულ ხელშეუხებლობას; ჩვენი საზღვრების დაცვას; იმას, რომ მეზობლებთან გვქონდეს განსაკუთრებული ურთიერთობა; ვიყოთ უსაფრთხოდ; გვქონდეს გარანტიები, რაც ჩვენს უსაფრთხოებას კანონიერად უზრუნველყოფს“.

ტელეკომპანია „სი-ენ-ენის“ ჟურნალისტთან საუბრის დროს, ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების წინაპირობა ცეცხლის შეწყვეტაა. „საჭიროა, რომ სულ ცოტა, ხალხის დაბომბვა შეწყვიტონ და ამის შემდეგ მივუსხდებით მოლაპარაკების მაგიდას“. უკრაინის პრეზიდენტთან კიევის ბუნკერში გამართული მცირე ზომის ბრიფინგის დროს, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის რაკეტები კიევში ტელეანძას მოხვდა. ასევე დაიბომბა იქვე მდებარე ჰოლოკოსტის მუზეუმი, რასაც სულ ცოტა, 5 ადამიანი შეეწირა. ცოტა ხნით ადრე, რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ხარკოვზე, სადაც დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა მეტი იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG