ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვითარება უკრაინა- რუსეთის მოლაპარაკების მეორე რაუნდის წინ


უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი. 28 თებერვალი, 2022

მოსკოვს და კიევს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების მეორე რაუნდი იგეგმება. ინფორმაციას ორივე მხარე ადასტურებს. ბელარუსის საზღვარზე 28 თებერვალს უკრაინას და რუსეთს შორის გამართულ პირველ მოლაპარაკებაზე, კიევმა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ქვეყნიდან რუსეთის ძალების გაყვანა მოითხოვა.

ორშაბათს სამშვიდობო მოლაპარაკება 5 საათი გრძელდებოდა. მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე ვერ შეთანხმდნენ. მოლაპარაკების დასაწყისში, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ათობით მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული და ასობითაა დაჭრილი ხარკოვის დაბომბვის შემდეგ.

ვაშინგტონი სკეპტიკურად უყურებს რუსეთის მიზნებს სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. "დიპლომატია იარაღის კასრთან, დიპლომატია ტანკის ჯავშანთან, ეს არ არის დიპლომატია. ჩვენ მზად ვართ და გვსურს ჩავერთოთ რეალურ, შინაარსიანიან, გულწრფელ დიპლომატიაში, რათა ვცადოთ, გამოიძებნება თუ არა გამოსავალი ამ უსარგებლო, სასტიკი კონფლიქტიდან" - თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მეორეს მხრივ, რუსეთის მთავარმა მომლაპარაკებელმა ვადიმ მენდინსკიმ ორშაბათს თქვა, რომ რუსეთის მიზანია ისეთ შეთანხმებამდე მისვლა, რომელიც ორივე ქვეყნის ინტერესებშია.

უკრაინის წინააღმდეგობამ და რუსეთის არმიის ლოჯისტიკურმა ჩავარდნებმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრა შეანელა. ხუთდღიანი ბრძოლების შემდეგ, რუსეთის არმიას არცერთი მთავარი ქალაქი არ დაუპყრია. ამერიკის თავდაცვის ოფიციალური პირების შეფასებით, კიევისკენ მიმავალი მთავარი ძალები ახლა დედაქალაქიდან 25 კილომეტრში არიან.

"უნდა ვაღიაროთ უკრაინელების წვლილი, რომლებიც ქვეყნისთვის დიდი თავდადებით იბრძვიან და გავლენას ახდენენ, პრობლემას უქმნიან ბატონი პუტინის შესაძლებლობებს" - უთხრა პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. "ეს რუსეთისთვის გაკვეთილი იქნება" - დასძინა მან.

"იუ-თუბზე" გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი უკრაინის სეპარატისტული ძალები 23 კილომეტრით დაწინაურდნენ. მათ მოიპოვეს კონტროლი სოფლებზე: ახალი ასტრახანი და ბოროვენკი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, დონეცკის ძალებმა ქალაქი მარიუპოლი ბლოკადაში მოაქციეს.

ამასობაში რუსული კოლონა, რომელიც ასობით ჯავშანტექნიკის, ტანკის და ლოჯისტიკური მხარდაჭერის მანქანისგან შედგება, კიევს ჩრდილოეთიდან თანდათან უახლოვდება. ამ ფაქტს სატელიტური ფოტოები ადასტურებს, რომლებსაც კომპანია „მაქსარ-ტექნოლოგიები“ აქვეყნებს.

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ახლა ომში სამხედრო ძალების თითქმის 75% ჰყავს ჩართული. თუმცა, სოციალურ ქსელებზე გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ უკრაინელები ჯავშანტექნიკის ნაწილს წარმატებით აფეთქებენ, ციდან სამხედრო თვითმფრინავებს და ვერტმფრენებს აგდებენ. ოფიციალური წყაროების მიხედვით, ზოგჯერ გზებზე რუსული ტექნიკა გაჩერებული დგას, რაც საწვავის უქონლობითაა გამოწვეული.

„რუსეთმა ვერ მიაღწია უკრაინის ცაზე საჰაერო სივრცის სრულად გაკონტროლებას. უკრაინის საჰაერო თავდაცვა მოქმედია და სიცოცხლისუნარიანი, როგორც თვითმფრინავების, ისე სარაკეტო თავდაცვის სისტემების მხრივ“ - უთხრა ორშაბათს ჟურნალისტებს შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. პენტაგონში ფიქრობენ, რომ რუსეთის ძალები ცდილობენ აღმოსავლეთ უკრაინა სამხრეთში მარიუპოლის ჩათვლით, ქვეყნის დანარჩენ ნაწილს მოწყვიტონ.

უკრაინის პრეზიდენტმა დასავლეთს სთხოვა, მხედველობაში მიიღონ უკრაინის საჰაერო სივრცის არასაფრენ ზონად გამოცხადების შესაძლებლობა. "სამართლიანი მოლაპარაკება შეიძლება გაიმართოს მაშინ, როცა ერთი მხარე მოლაპარაკების დროს მორეს რაკეტებს არ ესვრის" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. როცა "ამერიკის ხმამ" ამ საკითხზე პენტაგონის წარმომადგენელს დაუსვა კითხვა, პრესსპიკერმა პასუხად თქვა, რომ შეერთებული შტატები ამ ზომას არ განიხილავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG