ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

Z, იგივე ზელენსკი - მთავარი ბოროტმოქმედი რუსულ პროპაგანდაში


ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი

მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა, რუსეთში უკრაინის საწინააღმდეგო დეზინფორმაცია ერთიორად გაიზარდა. ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი მასალა ამ მიმართულებით იყო სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი „რია ნოვოსტის“ მიერ თავდასხმის მეორე დღესვე გამოქვეყნებული სტატია. ტრიუმფატორული რიტორიკით გამორჩეული პუბლიკაცია ამბობდა, რომ უკრაინა რუსეთს უპირობოდ დანებდა. „უკრაინა რუსეთს დაუბრუნდა“ - წერდა „რია-ნოვოსტი“. გამოცემამ მოგვიანებით ეს მასალა ვებგვერდიდან წაშალა.

რუსული პროპაგანდის მთავარი სამიზნე ახლა ვოლოდიმირ ზელენსკი გახდა, უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკის მიერ თავისი ქვეყნის დაცვისადმი მიმართულმა ქარიზმატულმა ვიდეო-გზავნილებმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. თუმცა, რუსულ მედიაში ის სულ სხვაგვარადაა წარმოჩენილი.

კრემლის ზელენსკი სუსტია, მხდალი და მატყუარა. კრემლის ზელენსკი ფსიქიკურად არასტაბილური ლიდერია, რომელმაც საკუთარ ხალხს უღალატა. მეტიც, დასავლეთი თურმე იმედგაცრუებულია ზელენსკით და მისი შეცვლა სურს. მეორე ვერსიით, რუსეთის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ დასავლეთმა მიატოვა უკრაინის პრეზიდენტი და არ აძლევს მას გაქცევის საშუალებას. ზოგან წერენ, რომ ზელენსკი უკვე გაიქცა უკრაინიდან და ის ახლა პოლონეთში, ან რომელიმე სხვა ქვეყანაშია.

ყველა ეს ცნობა, რა თქმა უნდა, სიცრუეა. ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ომის შესახებ მასალებს დამოუკიდებელი მედია-საშუალებებით ადევნებს თვალს, იცის, თუ რას აკეთებს ეს დღეები ვოლოდიმირ ზელენსკი. რაც შეეხება ქვეყნიდან გაქცევას, ზელენსკიმ ქვეყნიდან უსაფრთხო გაყვანაზე უარიც კი უთხრა ამერიკის შეერთებულ შტატებს. მისი პასუხი მსოფლიო მედიის თითქმის ყველა საშუალებაში გამოქვეყნდა: "არ მინდა ტრანსპორტი, ამუნიცია მჭირდება".

თუმცა, რუსულ მედიაში სიყალბის ნიაღვარი არასდროს ჩერდება. ერთ-ერთი აღმაშფოთებელი ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადება იყო. ის რუსეთის დუმის ქვედა პალატის თავმჯდომარეა. 26 თებერვალს მან განაცხადა: „ყველა ვიდეო, რომელსაც ზელენსკი კიევიდან აქვეყნებს სოციალურ მედიაში, წინასწარაა ჩაწერილი“. ვოლოდინის თქმით, ზელენსკი (რომელიც სინამდვილეში ებრაელია) მიმალულია და მას „ნაცისტები“ იცავენ.

რეალობაში ზელენსკი ვიდეო-გზავნილებს რეგულარულად აკეთებს და მათ „ტელეგრამის“ არხზე აქვეყნებს. იმავე დღეს, 26 თებერვალს გადაღებულ ვიდეოში, უკრაინის პრეზიდენტი კიევში იმყოფება, პრეზიდენტის სასახლის გვერდით. „ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაციაა ონლაინ, სადაც ჩვენს არმიას მე იარაღის დაყრისკენ მოვუწოდებ და სადაც ევაკუაცია ხდება“ - თქვა ზელენსკიმ ამ ვიდეოში. „მე აქ ვარ. ჩვენ იარაღს არ დავყრით. ჩვენ საკუთარ ქვეყანას დავიცავთ“.

ამ ვიდეოს მეტამონაცემებს ვინც შეამოწმებს, მისი ჩაწერის თარიღად მითითებულია 1903 წლის 31 დეკემბერი. ეს სავარაუდოდ, უსაფრთხოების მოსაზრებით ხდება. ზელენსკიმ თქვა, რომ ის ახლა რუსეთის ძალებისთვის ნომერ პირველი სამიზნეა.

უკრაინის პრეზიდენტამდე, იგივე ინფორმაცია დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, დასავლეთის მთავრობებმა გაავრცელეს. მათ ზელენსკის შეატყობინეს, რომ პუტინს მისი განეიტრალება და პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატის მოყვანა აქვს გეგმაში.

ბრიტანეთის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით, „თაიმსმა“ 28 თებერვალს ისიც თქვა, რომ კიევში ოპერირებს რუსეთის მიერ დაქირავებული 400 სამხედრო, რომელთაც ზელენსკის მოკვლა აქვთ დავალებული. რუსულ ტანკებს და სარაკეტო დანადგარებს კვადრატში ჩასმული ინგლისური ასო Z აწერია. ბევრი ფიქრობს, რომ ეს ზელენსკის სამიზნეში ამოღების სიმბოლო შეიძლება იყოს.

28 თებერვალს ჟურნალ „ტაბლეტში“ გამოქვეყნებულ მასალაში, ფრანგი ავტორი და კინორეჟისორი ბერნარ-ჰენრი ლევი ზელენსკის ტრანსფორმაციაზე საუბრობს, ჯერ კომიკოსიდან - დამწყებ პოლიტიკოსად, შემდეგ - პრეზიდენტად და ბოლოს - ისტორიულ ფიგურად, რომელმაც შეიძლება ევროპის მოწყობა შეცვალოს. მასალაში, სათაურით „უკრაინის გმირი პრეზიდენტი - Z“, ლევი ამბობს:

„ეს კაცი, რომელიც ბრძოლაში სიკვდილს არჩევს იძულებით ტყვეობაში ღირსების აყრას, ეს კომიკოსი, რომელიც გუშინ თითქოს ამბობდა: ‘ყველაფერი დაიკარგა, ღირსების გარდა’, მაგრამ რომელიც ამ დილით, დაბომბვის მორიგი ღამის შემდეგ პოულობს საკუთარ თავში იმის ძალას, რომ თავისი ხალხი შთააგონოს და უთხრას, რომ ისინი მაინც თავისუფლები არიან, პუტინის კოშმარადაა ქცეული“.

_____

მასალა მომზადებულია Polygraph.info-ს მიერ. ეს არის "ამერიკის ხმის" (Voice of America - VOA) ვებგვერდი, რომელიც მზარდი დეზინფორმაციის ფონზე, ფაქტების გადამოწმებას ემსახურება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG